დილა-დინამო (თბ) 1:1 - ბოლოსკენ გამოიარეთ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხომ ბევრჯერ გინახავთ ფეხბურთში და თანაც, არა მხოლოდ საქართველოში, რომ მატჩის მიწურულს მაყურებელი ტოვებს სტადიონს იმ მოტივით, თითქოს "აქ ყველაფერი გარკვეულიაო".

დღევანდელი ფორმაციის გორის "დილა" კი ისეთ გუნდად ჩამოყალიბდა, მისი თამაშის დროს პირიქით, მატჩის მიწურულს უნდა მიდიოდეს მაყურებელი სანახავად. იშვიათია, "დილა" თამაშობდეს და შეხვედრის ეპილოგი საინტერესო არ გამოვიდეს.

ეს ბოლო მატჩების ტრადიციაა გორელებისგან და არის ბოლო წლების ტრადიციაც, ოღონდ, კონკრეტულად - თბილისის "დინამოსთან" მიმართებაში.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მეოთხე წელია ჩემპიონატში ვერ ახერხებს გორელების დამარცხებას. მიმდინარე სეზონშიც, პირველ წრეში, კახა
კაჭარავას
შეგირდებმა სულაც წააგეს შინ. იქიდან მოყოლებული, "დინამო" საოცარ ფორმაში შევიდა, ზედიზედ 8 მატჩი მოიგო და... კვლავ "დილასთან" გაჩერდა.

უშუალოდ თამაში კი, განსაკუთრებით - დასაწყისი, ძალიან ფრთხილი გამოდგა. გუნდები ნელა და მეთოდურად ცდილობდნენ მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების გამოვლენას, ეძებდნენ სივრცეებს დაცვის ხაზში, მაგრამ ზოგადად შეტევაზე მეტად გულისყური საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ეჭირათ. პირველი ტაიმის არცთუ მცირე მონაკვეთმა ისე ჩაიარა, საგოლე კი არა, სახიფათო მომენტიც არ შექმნილა.

დაცვითი ზღუდის გარღვევის ამაო მცდელობათა გამო პირველად "დინამომ" მოსინჯა და თანაც, რამდენჯერმე, საშუალო და შორი დისტანციიდან მეტოქე გუნდის მეკარის მზადყოფნა, ოღონდ არც გორელი და, წინასწარ ვიტყვით, არც დინამოელი გოლკიპერი ამ დღეს უხეიროდ არ გარჯილა.

მასპინძელი შემტევები ხშირად მიმართავდნენ პოზიციათა ცვლას, ნახევარმცველები აქტიურად ეხმარებოდნენ ტარავალიეს, თუმცა ეს უკანასკნელი მეტოქე გუნდის მცველთა "საიმედო" ხელში იყო.

თბილისელებმა პირველი ნახევარი საათის შემდეგ მოწინააღმდეგეს სივრცეები შეუზღუდეს, ცდილობდნენ, მასპინძლებისთვის ბურთის შუა ხაზამდე ამოტანის საშუალებაც მოესპოთ, რასაც გორელების ზედიზედ რამდენიმე შეცდომა და სულ მალე გოლიც მოჰყვა, რომელიც შესანიშნავი კომბინაციის ნაყოფი გამოვიდა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა, ანგარიშის შენარჩუნების მოტივით, დაცვაში ყურადღება კიდევ უფრო გაზარდეს. ზივ არიემ კი დავით კირკიტაძე შეუშვა მინდორზე შეტევის გასაძლიერებლად. მასპინძლები მეტოქეზე ზეწოლას ზრდიდნენ, მაგრამ ვერ ვიტყვით, თითქოს სტუმრები ვერ უძლებდნენ ამ მოძალებას.

თუმცა "დინამოს" კაცნაკლულად დარჩენამ "დილას" არწაგების შანსი გაზარდა. ორი სიტყვა ვთქვათ გაძევებულ ბექა მიქელთაძეზეც, რომელმაც, მართალია, პირველ ტაიმშიც უაზროდ მიიღო გაფრთხილება, მაგრამ მერე ერთ ეპიზოდში ისე უხეშად ითამაშა გორელი ვიზავის წინააღმდეგ, არბიტრს მისი გაძევება ამ ეპიზოდშიც შეეძლო. თუმცა ცოტა ხანში სილაგავამ მიქელთაძე ხელით განზრახ თამაშის გამო დასაჯა და გაძევება არც არავის გაუპროტესტებია.

10 კაცით დარჩენილმა "დინამომ" მხოლოდ 13 წუთი გაძლო. ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გიორგი ფოფხაძე, რომლის მოქმედებასაც გოდერძი მაჩაიძის საგოლე ეპიზოდი (ძელი) მოჰყვა. იქვე წიქარიძესაც შეეძლო გატანა, თუმცა თავისიანები მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ გადაარჩინა, ოღონდ იმავე წიქარიძის მიერ ჩაწოდებული კუთხურისას, რომელიც რიგით მეათე იყო "დინამოს" კართან, სტუმრები გოლს ვეღარ დაუძვრნენ.

სხვათა შორის, ვატყობდით, რომ ამ სეზონის ტრადიციიდან გამომდინარე, ტრიბუნებზე მყოფ "დილას" ქომაგს იმედი ჰქონდა, სჯეროდა, რომ მისი საყვარელი გუნდი არ წააგებდა. მეტიც, ეგრეთ წოდებულ "ქამბექებს" მიჩვეული პუბლიკა მეორე გოლის გატანასაც თამამად ითხოვდა, მაგრამ კაჭარავას შეგირდებმა გორულ გუნდთან ამ სეზონში კიდევ ერთი წაგება აღარ დაუშვეს.

ეს "დინამოს" პირველი ფრე იყო მიმდინარე ჩემპიონატში, ხოლო "დილამ" უკვე მეექვსედ გაუყო ქულები მეტოქეს.

მატჩის სტენოგრამა
9' - ოთარ კიტეიშვილის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი სახიფათოდ ჩაეშვა მასპინძელთა კარისკენ, თუმცა მიზანს ასცდა.
19' - მოედნის ცენტრში პაპავამ დაკარგა ბურთი, პაპუნაშვილმა შორიდან სცადა კარის აღება, მაგრამ მიხეილ მუჯრიშვილს ხელებში მიუვიდა.
23' - საჯარიმო, რომელიც ლაშა თოთაძემ დაარტყა, ისევ მუჯრიშვილის იოლ ლუკმად იქცა.
30' - ლეანდრო რიბეიროს მიერ ფლანგიდან ჩაწოდებულს ტარავალიემ დაუხვედრა თავი. ლიტოვჩენკოს არ გასჭირვებია ამ ბურთის აღება.
34' - ბაჩანა არაბულის დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან რიკოშეტით წავიდა, მაგრამ ამასაც დააკლდა სიზუსტე.
39' - კიტეიშვილის სახიფათოდ დარტყმულს კვახაძე გადაეფარა და კარი ხიფათისგან იხსნა.
40' - გოლი! სტუმრების სწრაფი კომბინაცია არაბულის გარღვევით გაგრძელდა, რომელმაც მახვილგონივრული პასით მონახა ლობჟანიძე, ამან კი თითქმის პირითი ხაზიდან კარის გასწვრივ გადააწოდა პაპუნაშვილს, ვინც ბურთს ფეხი დაუხვედრა და ანგარიში გახსნა - 0:1.
43' - მაჩაიძემ მარჯვნიდან სახიფათოდ ჩაჰკიდა მაღალი ბურთი, რომელიც ძარიას შეეძლო გოლად ექცია, მაგრამ მცველებს ვერ აჯობა.
52' - კარის მიმართულებით კირკიტაძის მიერ გაგზავნილმა ბურთმა სტუმართა მცველისგან მიმართულება შეიცვალა, თუმცა ლიტოვჩენკოსთვის არც ამ ეპიზოდში გამხდარა პრობლემა კარის გადარჩენა.
63' - პაპუნაშვილის საკმაოდ სახიფათოდ ჩაწოდებულს კი შესწვდა კართან ორიოდ მეტრში მყოფი არაბული, მაგრამ მიზანს ააცილა და ხელიდან გაუშვა ძალიან კარგი საგოლე შანსი.
70' - გიორგი ფოფხაძის თავური ახლო მანძილიდან მცველმა კუთხურზე მოიგერია.
75' - ფოფხაძემ მარჯვნიდან კარის საპირისპირო ძელთან ჩააგდო ბურთი, მაჩაიძემ ყველას დაასწრო, მაგრამ ძელს გაარტყა. "დინამო" გადარჩა!
77' - ლექსო კვახაძემ შორი მანძილიდან გაისროლა და მცირედით ააცილა.
82' - მიშჩენკომ ცუდად მოიგერია და წიქარიძეს ცოტა დააკლდა ანგარიშში თანაფარდობის აღდგენამდე.
83' - გოლი! გორელებმა ბურთი მეტოქის კართან შეაგდეს, რასაც მცირედი არეულობა და დერეტის გოლი მოჰყვა - 1:1!
89' - სახიფათო ჩაწოდება "დინამოს" კართან. ამჯერად უკვე ქარქუზაშვილი იყო ახლოს მიზანთან, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა.

ეროვნული ლიგა. XII ტური

14.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-დინამო (თბ) 1:1
0:1 პაპუნაშვილი (40. ლობჟანიძის პასით), 1:1 დერეტი (83)
დილა (4-1-4-1): მუჯრიშვილი - რომარიკი (60. ფოფხაძე), ქარქუზაშვილი, კვახაძე, მაჩაიძე - პაპავა - წიქარიძე, დერეტი, ძარია (46. კირკიტაძე), რიბეირო - ტარვალიე (66. ფლავიო).
სათადარიგოები: ხაინდრავა, აბუბაქარი, რაზმაძე, ნონიკაშვილი
მწვრთნელი: ზივ არიე
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშჩენკო, გველესიანი, თოთაძე, ლოჩოშვილი - ქარდავა, კიტეიშვილი - პაპუნაშვილი (64. ჩაკვეტაძე), ლობჟანიძე (90. სალუქვაძე) - მიქელთაძე - არაბული (73. თევზაძე).
სათადარიგოები: რევიშვილი, მესხი, სალუქვაძე, ზარია, კუცია
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: მიქელთაძე (15), ძარია (24), თოთაძე (32), გველესიანი (36), მიქელთაძე (69), დერეტი (77)
გაძევება: მიქელთაძე (69)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 6

მომდევნო ტური
20 მაისი

კოლხეთი-შუქურა
საბურთალო-დილა
ტორპედო-ლოკომოტივი

21 მაისი

დინამო (თბ)-სამტრედია
დინამო (ბთ)-ჩიხურა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვთხოვ შესაბამის სტრუქტურებს მიქელთაძის წითელი ბარათი გამოიძიონ, ბრმაც დაინახავდა რომ აშკარად წითელზე თამაშობდა.
რეზო
15:57 16-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული