ეროვნული ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ჩათამაშდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, XII ტური. დაძაბულობა ზოგადად არ აკლია ჩვენს პირველობას და ასე იყო ამჯერადაც. და მაინც, განვლილ სათამაშო დღეებს გამორჩეული ეთქმის თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ორი სუპერგოლი ვიხილეთ. ისეთი გოლები, ჩემპიონატში საუკეთესოობაზე რომ ექნებათ პრეტენზია. განსაკუთრებით იმ გოლს, ქობულეთში, "ჩელე არენაზე" რომ გავიდა...

ელვა კი არა, მეხი იყო...
"ტორპედოს" თავდამსხმელ თორნიკე კაპანაძეს არასოდეს დაავიწყდება ქობულეთში, "ჩელე არენაზე" გამართული მატჩი, რომელიც "ტორპედომ" საბოლოო ჯამში იოლად მოუგო "კოლხეთს".

"ელვა" კი ტყუილად როდი ვახსენეთ - პირველი ტაიმის დასრულებას აღარაფერი აკლდა,
როცა ქუთათურთა ფორვარდმა ზეეფექტური "მაკრატელათი" შეაგდო. ისეთი გოლი იყო, მთავარი სამკაული რომ იქნებოდა ნებისმიერი ჩემპიონატის ნებისმიერი დონის მატჩისთვის.

- კოლხეთი-ტორპედო 0:3 - კოლხების გასაჭირი და კაპანაძის სუპერგოლი [VIDEO]

კაპანაძეზე ცალკე - ფაქტია, უკვე წლებია, ძალიან კარგი, თვითმყოფადი ფორვარდია საქართველოს ჩემპიონატის დონეზე, თუმცა, თითქოს, მაინც რაღაც აკლია, თითქოს ბოლომდე ვერ იხსნება...

ვნახოთ, იქნებ ამ გოლმა მეტი თავდაჯერება შემატოს.

მოწყენილი შერმადინი
იმავე მატჩში დავრჩებით და სუპერგოლების თემას დროებით დავეხსნებით. "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას ერთი შეცვლაც კი არ გაუკეთებია "ტორპედოსთან" მატჩის მსვლელობისას. ან კი როგორ გააკეთებდა, როცა სათადარიგოთა სკამზე... ეულად იჯდა... ამპლუით მეკარე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი გოლკიპერი - ნიკა შერმადინი.

თამაში ისე დასრულდა, ზღვისპირელთა მოლდოველ მეკარე სტეფან სიკაჩს ფარსაგი არ შემთხვევია, თორემ... ესღა აკლდათ ფოთელებს.

საერთოდ, ტრავმა როგორ უნდა გაგიკვირდეს დღევანდელ ფეხბურთში, მაგრამ ის, რაც ფოთში ხდება, საგანგაშოზე მეტია - ნახევარ გუნდზე მეტი დაშავებულია. "კოლხეთი" მიმდინარე სეზონში არაერთხელ გვიქია, მაგრამ ახლა ამ ქებას საყვედურიც უნდა გამოვურიოთ - ტრავმების ეპიდემია, ამა თუ იმ დოზით, შეიძლება ყველა გუნდში იყოს, მაგრამ რაც ფოთში ხდება, ეს ერთ რამეზე მიუთითებს: გინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ გუნდი სათანადოდ ვერ არის დაკომპლექტებული.

კიდევ უფრო მიუღებელია ჩვენთვის ის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ფოთელებმა ცხრამეტწლამდელთა გუნდიდან ოთხი მოთამაშის დამატება იმის გამო ვერ შეძლეს, რომ... ეკიპირების ფული არ აქვთ.

ესეც გვესმის, გაჭირვება არახალია ქართული კლუბებისთვის, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, მით უმეტეს ახლა, როცა სახელმწიფო ეხმარება ჩვენს კლუბებს.

იმედია, "კოლხეთში" მდგომარეობა მალე გამოსწორდება და ასეთ რამეებზე აღარ მოგვიწევს მკითხველის მოცდენა.

ვაგო, შე მაგარო!..
...ასე შეუძახეს რამდენჯერმე "საბურთალოს" ნორჩმა ქომაგებმა კლუბის ბრაზილიელ ლეგიონერ ვაგნერ გონსალვეშს, ვისაც ბრაზილიურთან ერთად ფრანგული პასპორტიც აქვს. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერი ზედმეტი ფუფუნებაა, მაგრამ მათ გარეშე საქმე და საკეთებელი რომ არ გამოდის?!

"ლოკომოტივთან" მატჩში ვაგნერმა ძალიან ლამაზად ითამაშა და კიდევ უფრო ლამაზი გოლი გაიტანა. მახვილი კუთხიდან დარტყმული საჯარიმო იმ თამაშის მშვენება იყო, ისევე, როგორც სამხრეთამერიკელის ულამაზესი რეიდი.

- ლოკომოტივი-საბურთალო 1:2 - ვაგნერის რიტმებზე [VIDEO]

ალალად ვიტყვი: იმ თამაშში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ნეიტრალური ვიყავი, მაგრამ დრიბლინგი ისეთი სილამაზის იყო, ძალიან მინდოდა, გოლით დასრულებულიყო.

მოსაგებს იგებს და არწასაგებს არ აგებს
საქართველოს ჩემპიონატის ბოლომდე იმხელა დისტანციაა დარჩენილი, კიდევ უამრავი რამ შეიცვლება, გადალაგდება და დალაგდება. სადღეისოდ კი, "დინამოს" სვლას "საჩემპიონო სვლა" ეთქმის. გუნდი მოსაგებ თამაშებს იგებს და არწასაგებს არ აგებს.

რა თქმა უნდა, თბილისური კლუბი მუდამ გამარჯვებაზე ფიქრობს საქართველოს ჩემპიონატში, მაგრამ ბათუმური მატჩის შედეგით ფრთაშესხმულ "დილასთან" ფრე მთლად ურიგო და მიუღებელი შედეგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს.

ბოლო დროს ადგილ-ადგილ გაიგონებთ - კახა კაჭარავა შემადგენლობას ხშირად ცვლისო. უნდა გამოვტყდეთ: ჩვენც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს გიორგი ჩაკვეტაძის თამაში და ძალიან გვინდა, რომ სულ ძირთითად შემადგენლობაში იყოს, მაგრამ ეს შეუძლებელია მისი ასაკის გამო. ასე რომ მოხდეს, ის, უბრალოდ, "გადაიწვება". ეს ჩვენც ვიცით და, რა გასაკვირია, რომ ჩვენზე უკეთ იცის კაჭარავამ...

მთავარი ისაა, რომ რიგი ჩავარდნების მიუხედავად, ახალი და ძალიან ახალგაზრდული "დინამო" ჯერ ერთობ სტაბილურია. ასეა ახლა და რა იქნება მომავალში, ეს მხოლოდ უფალმა უწყის...

ქამბექების ოსტატი
რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობს, მას მერე თითქოს ძვალ-რბილში გაგვიჯდა "პირველი გაშვებული გოლის" ფაქტორი. იყო დრო, არაერთ შემთხვევაში ჩვენი კლუბებისა თუ ნაკრებების უმრავლესობისთვის თამაში იქვე მთავრდებოდა. ახლა მთლად ასე აღარ არის, მაგრამ ეს მომენტი ჩვენს საფეხბურთო რეალობაში მაინც დარჩა.

საქართველოს ჩემპიონატში არის მწვრთნელი, რომელიც არად დაგიდევთ არათუ ერთ, არამედ ორ გაშვებულ გოლსაც კი. ზივ არიემ ეს ცოტა ხნის წინ ბათუმში დაამტკიცა. ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში "დილა" ამჯერადაც ჩამორჩა თბილისის "დინამოს", მაგრამ გაშვებული გოლი არად ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა.

საინტერესო მწვრთნელი ჩანს არიე, თავისი მკაცრი საფეხბურთო გემოვნებითა და პრინციპებით. გუნდიც თანდათან ლაგდება. ეგაა, ის აგრძელებს ექსპერიმენტებს ფეხბურთელების პოზიციებთან დაკავშირებით. თითქოს უნდა, კიდევ ახალი რამ აღმოაჩინოს თავის შეგირდებში, მათი ახალი თვისებებით გააძლიეროს გუნდი. ვნახოთ, რა გამოუვა ამ საქმიდან...

ორი პოლუსი
"სამტრედია", საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, კვლავ ქართული ოქროსთვის იბრძოლებს. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. როგორც იქნა, გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ნავსი გატეხა და მშობლიურ "ეროსი მანჯგალაძეზეც" მოიგო.

ერთ-ერთ ჩვენს ბოლო სამატჩო მიმოხილვაში ქვეყნის ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის წინ კომპლექტაცია დავუწუნეთ და თითქოს, კლუბის ხელმძღვანელობამ გვისმინაო, დღე არ გავა, იმერულ კლუბში ნორმალური უცხოური კარიერის მქონე ფეხბურთელი არ გამოჩნდეს. ამბობენ, მატება კიდევ იქნებაო...

"სამტრედიამ" მოუგო ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ ბათუმის "დინამოს". არ ვიცით, რა სჭირთ ზღვისპირელებს. ფაქტია: ამ შემადგენლობით გუნდს მეტი მოეთხოვება და გვანაღვლებს ისიც, რომ კარს მოგვადგა ევროპალიგა, სადაც სხვა ქართულ კლუბებთან ერთად ბათუმელებმაც უნდა ითამაშონ.

ტატანაშვილის ბენეფისი
..."შუქურა" კი ამ დროისთვის განწირულ აუტსაიდერად მოჩანს. არადა, ქობულეთელებს არც ისეთი სუსტი შემადგენლობა ჰყავთ, ამ დღეში რომ იყვნენ. კლუბის ფინანსური მდგომარეობა უკეთესი რომ იყოს, დღეს ირაკლი ბალაძის გაწვრთნილ გუნდს სატურნირო აქტივში გაცილებით მეტი ქულა ექნებოდა.

ის კი არა, თუ ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა, ჩვენი აზრით, "შუქურას" შეუძლია, სერიოზულად გაიბრძოლოს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

ბოლო დროს შეჭირვებულ "ჩიხურას" კი მშვენიერი შანსი ჰქონდა ხასიათის გამოსაკეთებლად და სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა - 4:1.

გაიბრწყინა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა საჩხერელთათვის ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში.

ალეკო კაკაურიძე
გია ტუხაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მართლაც დიდი ინტერესით ელოდება სამტრედია მაგ თამაშს.
smert
19:42 16-05-2017
0
lasha

ვაჟკაც სირცხვილი რაა იცი ?
რომ მილიონებს ხარჯავთ კლუბზე და არცერთ თეთრს იმაზე რომ თქვენთან სტადიონზე 100 კაცზე მეტი მაინც რომ მოვიდეს, მე შენზე მეტად მტკივა რომ ვუყურებ იმოდენა ბეტონის ქვაბულს სადაც ხალხი არაა, ფეხბრუთელიც კი ითრგუნება ამ საშინელი სურათის წინაშე. ამას რომ ვერ გებულობ ამიტომ ხარ არაადამინაურად ბნელი და თვითონაც ქვაბულიდან გამომძვრალი, მუდამა გინდა დაინახო სხვის სიტყვებში ცუდი, სინამდვილეში კი ეს მთელი ქვეყნის სატკივარია რადგან რეალურად თუ ანალიზს გაუკეთებ თბილსისი დინამოს ინტერესებს შეეწირა ქართული ფეხბურთი უმეტესწილად ამ ბოლო 26 წელიწადში და ამას ვერ და არ ხედავთ,ისიც არ გახსოვთ რომ ძალით წაართვეს დინამოს გამო ჩემპიონობა სამტრედიას და რომარა ის ფაქტი ვინ იცის დღეს სად იქნებოდა სამტერდია ან საერთოდ ქართული ფეხბურთი. აზროვნების პროვინციალიზმი გჭირთ და ამაშია უბედურება.
თვით კლუბს რას ვერჩით,ეს ახალგაზრდა ბიჭები დიდებულად თამაშობენ, და მე განვასხვავებ ფეხბურთელებს შენისთანა 'ბალელშიკებისაგან".
Guadua
16:58 16-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული