ეს კი გიორგი ჭიაბრიშვილის დამსახურებაა, რომელიც შემტევი ფეხბურთის მოყვარულია. "ლელომ" "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც ის გუნდზე, მის მიზნებზე, ტრავმირებულებსა და შესაძლო ტრანსფერებზე გველაპარაკა...
- "საბურთალო" სამეულში მოსახვედრ გუნდებს შორისაა და საკმაოდ ეფექტურ ფეხბურთსაც თამაშობს. მაგრამ არასტაბილურობაც
- ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც გუნდს 11 ფეხბურთელი აკლია. ფოთელებთან სწორედ ეს დაგვემართა. 6-7 მოთამაშე ისედაც დაშავებული იყო, "კოლხეთთან" კი არზიანი და ვაგნერიც დაგვაკლდნენ. ბუნებრივია, ასეთი დანაკლისით თამაში ძნელი იყო.
მეორე მომენტიცაა - ტრავმირებულთა არყოფნაში ასაკობრივი გუნდებიდან ბევრი მოთამაშე დავიმატეთ, რომელთაც 8-9 თამაშის ჩატარება მოუხდათ. ეს კი 17 წლის გამოუცდელი ბავშვებისთვის დიდი მორალური და ფიზიკური დატვირთვაა. ამან გამოიწვია სწორედ "საბურთალოს" არასტაბილურობა.
მაგრამ მე საკითხს მეორე მხრიდან შევხედავდი: კიდევ რომელი გუნდი გეგულებათ, ამდენი მოთამაშე რომ აკლია და მაინც ლიდერთა ჯგუფშია?!
- ქვეტექსტი გასაგებია. მსგავსი პრობლემა "კოლხეთსა" და ბათუმის "დინამოსაც" აქვთ და ლოგიკურად, ისინი აუტსაიდერებში არიან...
- ...მიმაჩნია, რონ ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფი გუნდისთვის მე-5 ადგილი ძალიან მაგარი შედეგია. "საბურთალო" საკუთარ თავსაც კი გადაახტა.
- ბევრი ტრავმირებულის გამო, კიდევ 2-3 მოთამაშის არყოფნა უფრო ცუდად მოქმედებს. ასეთ მდგომარეობაში, სატრანსფერო პაუზისას ვინმეს დამატებას ხომ არ აპირებთ?
- დიახ, ვაპირებთ და თან გაცილებით მეტის, ვიდრე ის 7 ტრავმირებულია.
- ეს ტრავმირებულები როდისღა დაუბრუნდებიან გუნდს?
- იაშვილი შემდეგ ტურში დაგვიბრუნდება, სხვებიც ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან.
- ხარაიშვილი როგორ მდგომარეობაშია? მალე ითამაშებს?
- მან უკვე დაიწყო ვარჯიში და შემდეგ ტურში, შესაძლოა, ითამაშოს კიდეც. გააჩნია, მანამდე რა მდგომარეობაში იქნება. სამტრედიაში გვიწევს თამაში და თუ მისი მოედანზე გასვლა სარისკო იქნება, იქაურ ხელოვნურ საფარზე არ ვათამაშებთ.
საერთოდ, "საბურთალოს" კარგად გააზრებული საკადრო პოლიტიკა აქვს და მას არ ვღალატობთ. ჩვენს სკოლაში ძლიერი მწვრთნელები არიან, საკადრო პრობლემებს სწორედ მათი დახმარებით ვუმკლავდებით. ჩვენი სიძლიერე არა მოთამაშეების მოყვანაში, არამედ, საკუთარი კადრების გაზრდასა და დაწინაურებაშია. ეს იოლი გზა არ არის, მაგრამ ეს ავირჩიეთ და კლუბის მომავლისთვისაც ასე სჯობია. ეს რომ ეფექტური მიმართულებაა, ასაკობრივ ნაკრებში მიწვეული ჩვენი გაზრდილი მოთამაშეების რაოდენობიდანაც დასტურდება.
- სიტყვამ მოიტანა და მალე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და დიდი ალბათობით, ჩვენს ნაკრებში "საბურთალოს" რამდენიმე გაზრდილიც იქნება. კანდიდატებს შორის არიან მალი, ხუბაშვილი, კოხრეიძე, ლაკვეხელიანი, ჩოგაძე... სანამ ისინი შეკრებაზე იქნებიან და ითამაშებენ, საკადრო პრობლემა არ შეგექმნებათ?
- ჯერ საკადრო პრობლემა არ შეგვქმნია და დარწმუნებული ვარ, შემდეგშიც ასე გაგრძელდება. სხვათა შორის, მიგვაჩნია, რომ ელვინ ტერასა და ვაგნერ გონსალვესის გაზრდაშიც დიდი წვლილი შევიტანეთ, რადგან ჩამოსვლისას ტერა 17 წლის იყო, ხოლო ვაგნერი - 19-ის და ისე ეფექტურად არ გამოიყურებოდნენ, როგორც - ამჟამად. მაგრამ ორივე "საბურთალოში" გაიზარდა და დღეს გუნდის ლიდერები, ლიგის გამორჩეული მოთამაშეები გახდნენ. ნელ-ნელა ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან. მათ გარეშე მე-5 ადგილზე ვართ და დარწმუნებული ვარ, სრული შემადგენლობით გაცილებით ძლიერ "საბურთალოს" იხილავთ.
- წლეულს "საბურთალოს" რა მიზანი აქვს?
- ყოველ წელს ვაუმჯობესებდით შედეგს. შარშან მე-5 ადგილზე გავედით და კარგი იქნება, თუ წლეულს უკეთეს პოზიციაზე გავალთ. იმედია, ასეც იქნება.
- ელვინ ტერა და ვაგნერ გონსალვესი ახსენეთ, რომლებიც "საბურთალოს" ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. მათი სატრანსფერო უფლებები როდემდე გეკუთვნით?
- კონტრაქტის ვადა ჯერ არც ერთს არ უმთავრდება, პირველს წელიწად-ნახევარში, მეორეს კი - 2 წელიწადში. მაგრამ რომც უმთავრდებოდეთ, წასვლას არც აპირებენ, რადგან "საბურთალოში" თავს კარგად გრძნობენ და აშკარად იზრდებიან. თუ რეალური წინადადება გამოჩნდება და სოლიდურ კლუბში მიიწვევენ, ხელს ნამდვილად არ შევუშლით. ამ შემთხვევაში, უკეთეს ლიგაში გადასვლას ვგულისხმობ.
- საინტერესო მოთამაშეების ნატურალიზაციას საფეხბურთო გრანდები არ ერიდებიან. მაგრამ ამ პროცესს საქართველოში ბევრი მაინც მიუღებლად მიიჩნევს და ეწინააღმდეგება. ადრე იყო ინფორმაცია, რომ "საბურთალო" ტერასა და ვაგნერის ნატურალიზაციას აპირებდა. რეალურად რა ხდება?
- დიახ, სურვილი ნამდვილად იყო და ამაზე მუშაობა შარშან დავიწყეთ. მაგრამ დაბრკოლებებს წავაწყდით - ფიფას კანონმდებლობით, მოთამაშეს სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი იქ 5 და მეტი წელი ცხოვრობს და თამაშობენ. ტერასა და ვაგნერის შემთხვევაში კი საქართველოში ცხოვრების 5-წლიანი პერიოდი არ შესრულებულა და ამიტომაც ვერ ვახერხებთ მათ ნატურალიზაციას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"