ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვისი ლეგიონერი ჯობია?!

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის გუნდები ისე მიეჩვივნენ ლამის ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ოფიციალური მატჩების ჩატარებას, რომ ამ ერთკვირიანმა "შესვენებამ", შესაძლოა, უარყოფითი შედეგიც მოიტანოს! თუმცა, ასეთი ფუფუნება დიდხანს არ გასტანს: მაისის ბოლომდე ხომ ეროვნულ ლიგაში კიდევ 3 ტური უნდა ჩატარდეს, მერე, სამიოდ დღეში, კიდევ მომდევნო ტურია და მხოლოდ 2 ივნისიდან დაიწყება ჩემპიონატში ორკვირიანი პაუზა.

მაგრამ, ამ მონატრებულ პაუზამდე XIII ტური გველოდება, სადაც, სულ მცირე, სამი მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ტურში ერთმანეთს მიმდინარე პირველობის ლიდერი თბილისის "დინამო" და მოქმედი ჩემპიონი
"სამტრედია" უნდა დაუპირისპირდნენ - დღესდღეობით პირველ-მეორე ადგილზე მყოფი გუნდები!

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ტურის სხვა მატჩებიც არანაკლებ ინტერესს იწვევს და, ფაქტობრივად, ყველა შეხვედრას გარკვეული კორექტივების შეტანა შეუძლია სატურნირო ცხრილში...

კოლხეთი-შუქურა
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში "კოლხეთი" საშინაო მატჩებს ქობულეთში ატარებს; მაგრამ, ალბათ, ასევე ყველა დაგვეთანხმება იმაშიც, რომ, ცოტა არ იყოს, "უხერხული" იქნებოდა, ფოთელთა გუნდს "შუქურას" წინააღმდეგ... მასპინძლის სტატუსით რომ ეთამაშა ქობულეთში! უფრო ზუსტად, ის იქნებოდა "უხერხული", საკუთარ ქალაქში და საკუთარ სტადიონზე, "შუქურას" რომ ეთამაშა... სტუმრის სტატუსით.

ასეა თუ ისე, აუტსაიდერთა დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე (სამტრედიაში) ტარდება და ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

მოგეხსენებათ, უამრავი პრობლემის გამო "კოლხეთი" ვერაფრით ამოსულა პლეი აუტის ზონიდან, "შუქურა" კი სულაც დღემდე ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება ეროვნულ ლიგაში. სხვათა შორის, ქობულეთელთა გუნდმა 2017 წელს 13 ოფიციალური მატჩი (თასის ჩათვლით) ჩაატარა და ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვა...

ამ გუნდების პირველი წრის მატჩიც უნდა ვახსენოთ (ასევე სამტრედიაში რომ გაიმართა): გელა სანაიას დამოძღვრილმა "კოლხეთმა" "სტუმრად" 4:2 მოიგო და სწორედ ამ შეხვედრაში შესრულდა მიმდინარე სეზონის პირველი ჰეთ-თრიკი, როცა ფოთელთა გუნდის 22 წლის უკრაინელმა ახალწვეულმა მიკოლა კოვტალიუკმა 3 გოლი გაიტანა "შუქურას" კარში.

საბურთალო-დილა
ამ გუნდებს შორის დაპირისპირების ისტორია ძალიან მოკლე პერიოდს ითვლის, მაგრამ აქამდე ჩატარებული ყველა 5 მატჩი უაღრესად დაძაბულად წარიმართა. ამის ნათელი დადასტურებაა ამ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებაში არსებული, ფაქტობრივად, სრული თანაფარდობა.

მოკლედ, ისეთი წყვილია, გამორიცხულია, რომელიმე გუნდს ფავორიტობა მივანიჭოთ, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ორივე გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებულ ასპარეზობას. ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდის "საბურთალოს" მართლაც ქრონიკულ საკადრო პრობლემებზე არაერთხელ გვისაუბრია და ამ გუნდის თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი ვერც ამჯერად შეძლებს, ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდეს უკვე აშკარად კარგ ფორმაში მყოფ "დილას".

შეგახსენებთ, რომ გორელთა გუნდმა ბოლო სამ მატჩში (ერთმანეთზე ძლიერ მეტოქეებთან) 7 ქულა მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობაც საგრძნობლად გაიუმჯობესა.

ეს მატჩი სხვა ფაქტორითაც უნდა იყოს საინტერესო: ჩვენი აზრით, მიმდინარე სეზონში ყველაზე კვალიფიციური ლეგიონერები სწორედ "საბურთალოსა" და "დილაში" ასპარეზობენ. ეს კი არა, "საბურთალოს" მარჯვენა გარემარბი ვაგნერ გონსალვეში და "დილას" შემტევი ლეანდრო რიბეირო მიგვაჩნია კიდეც ეროვნული ლიგის ყველაზე გამორჩეულ ლეგიონერებად!..

ტორპედო-ლოკომოტივი
შაბათის ყველაზე "გვიან" მატჩში ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეს ორი ამბიციური გუნდი: "ტორპედოსაც" და "ლოკომოტივსაც" მიმდინარე სეზონში სერიოზული გეგმები აქვთ და, სხვა გუნდებთან შედარებით, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული შემადგენლობითაც გამოირჩევიან.

თუმცა, ორივე გუნდი ამ დაპირისპირებას აშკარად არაერთგვაროვანი განწყობით ხვდება: კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედო" ბოლო სამ მატჩში მოპოვებული 7 ქულით ზედა სამეულში აღზევდა, აი, "ლოკომოტივი" კი ზედიზედ 2 წაგების მერე, მეორიდან მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა.

თუმცა, გიორგი დევდარიანის გუნდს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ეს დროებითი ჩავარდნა დასძლიოს; მით უფრო, რომ სულ ახლახან "ლოკომოტივში" ჩაირიცხა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს (და თავის პირველ გუნდს "ლოკომოტივს") თითქმის 10-წლიანი პაუზის მერე უბრუნდება!

ზედიზედ 2 წაგების მიუხედავად, "ლოკომოტივი" კვლავაც რჩება ეროვნული ლიგის ყველაზე შედეგიან გუნდად, "ტორპედომ" კი ბოლო სამი მატჩი სულაც ისე ჩაატარა, გოლი არ გაუშვია...

ეროვნული ლიგა. XIII ტური
20 მაისი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 17:00
კოლხეთი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =2 -2, 14-11
დისკვალიფიკაცია: ენდელაძე (კოლხეთი)
პირველი წრე 4:2

თბილისი. მიხეილ მესხი. 19:00
საბურთალო-დილა
ურთიერთშეხვედრები
5: +2 =1 -2, 5-6
დისკვალიფიკაცია: მარგველაშვილი (საბურთალო)
პირველი წრე 1:0

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 21:00
ტორპედო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
31: +15 =9 -7, 39-23
დისკვალიფიკაცია: ხიდეშელი (ლოკომოტივი)
პირველი წრე 1:1

21 მაისი
თბილისი. დინამო არენა. 17:30. LIVE პირველ არხზე
დინამო (თბ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
34: +26 =3 -5, 82:20
დისკვალიფიკაცია: მიქელთაძე (დინამო თბ)
პირველი წრე 2:0

ბათუმი. რაგბი არენა. 19:30
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
9: +3 =2 -4, 6-9
დისკვალიფიკაცია
კაკუბავა (ჩიხურა)
პირველი წრე 1:0.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამტრედიაც მიყვარს, ლოკომოტივი და ორივე დინამო. ნახვამდის ქომაგებო!
გოგი
16:19 20-05-2017
0
prtxilad iyvai shen ar gagartyan xeli saxeshi mag choraobis gamoooo... shens torpedos mixede gaige da dautvale magat ramdenjer iyomares da samtredias nu kben
vitom ratoo unda echvenebina gogi
14:58 20-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული