დილა-ტორპედო 0:2 - ორი სუპერგოლი, ისიამოვნეთ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს შესანიშნავ ფორმაში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. "დილამ" და "ტორპედომ" უკანასკნელი მატჩები მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარეს და ეს კიდევ უფრო ზრდიდა ინტერესს ამ შეხვედრის მიმართ...

არიეს სიურპრიზები
ერთხელაც გაგვაკვირვა გორელთა მთავარმა მწვრთნელმა ზივ არიემ. ყველასთვის მოულოდნელად, მან თადარიგში დატოვა ფლავიო ნუბიო, ვინც წინა ტურში "საბურთალოს" ერთადერთი გოლი გაუტანა. გამოკვეთილი ფორვარდის ამპლუაში კი გორული კლუბის აშკარა ლიდერი ლეანდრო რიბეირო მოგვევლინა.

დისკვალიფიცირებული გიორგი პაპავას არყოფნაში განსაკუთრებით გაიზარდა გორელ შუახაზელთა პასუხისმგებლობა.

ტორპედოელთა დამრიგებელმა კახა ჩხეტიანმა, სავსებით მართებულად, აქცენტი გააკეთა მოედნის ცენტრის
კონტროლზე და მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ფორვარდით (თორნიკე კაპანაძე) დაიწყო მატჩი...

ორი გაელვება
გაიმარჯვა უძლიერესმა. მთელი შეხვედრის განმავლობაში "ტორპედოს" უპირატესობა აშკარა იყო. ქუთათურების მიერ გატანილი გოლების ცქერა კი ერთი სიამოვნება გახლდათ. მეტი არაფერი რომ არ გვეხილა ამ შეხვედრაში, ეს ორი გოლიც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ თამამად გვეთქვა: სანახაობა შედგა!

ჯერ იყო და, თორნიკე კაპანაძემ ვარდნაში ისეთი შეაგდო, ბევრი ვარსკვლავი რომ მოაწერდა ხელს. "ელვა" ბოლო დროს ზეეფექტური გოლების გატანას დაეჩვია და "ტორპედოსთვის" ძალიან კარგი იქნება, თუ ასე გააგრძელებს...

მეორე გოლიც ისეთი იყო, იშვიათად რომ ნახავს კაცი. გრიგოლ დოლიძემ, მთელი მატჩის განმავლობაში მართლაც რომ "იფრინა", კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია ბურთი. ამას ტარიელ ხაინდრავა ნამდვილად არ ელოდა.

გოლმა ქუთათურთა გამარჯვებას ბეჭედი დაუსვა.

რა იყო მიზეზი?
"დილა" აქამდეც არაერთხელ ჩამორჩენილა ანგარიშში, მაგრამ ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზივ არიეს შეგირდებმა მატჩის შემოსატრიალებლად ვერც კი გაიბრძოლეს.

ამის მიზეზი, ალბათ, პირობით სტუმართა დალაგებული, გააზრებული თამაშიც იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც გორელთა ებრაელ მწვრთნელს ეცოდინება...

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ მასპინძლებს გაუჭირდათ ტრავმირებული საყრდენის, პაპავას შეცვლა. ერთი მხრივ, ეს გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, გუნდი ასე არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე.

არ გაამართლა ლეანდრო რიბეიროს ცენტრფორვარდად გამწესებამ.

ჩხეტიანის ფაქტორი
ფაქტია: "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ძალიან კარგად მუშაობს. მისი გუნდის თამაში მოკლებულია "ზიზილ-პიპილოებს". ერთი შეხედვით, ის კლასიკური საფეხბურთო სქემების მიმდევარია, მაგრამ მის გუნდს აქვს ის, რაც აკლია ბევრ ქართულ კლუბს - სტაბილურობა და დალაგებული თამაში, საიმედოობის შეგრძნება და ჟინი.

"ტორპედო" თანაბარი ძალის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ყოველთვის იოლი როდია, ოპტიმალური ვარიანტი იპოვო. ჩხეტიანს ეს კარგად გამოსდის. იმავე ფორვარდის პოზიციაზე მწვრთნელს დიდი არჩევანი ჰქონდა და ნდობა კაპანაძეს გამოუცხადა.

როგორც იტყვიან, მწვრთნელმა "ათიანში" გაარტყა.

მატჩის სტენოგრამა
8' - გოლი! დოლიძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი გორელთა საჯარიმოში, სადაც კაპანაძემ ვარდნაში ულამაზესი გოლი შეაგდო!
21' - მაჩაიძის შეცდომის შემდეგ კაპანაძემ სახიფათოდ დაარტყა და ხაინდრავამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
25' - "ტორპედოს" მრავალსვლიანი კომბინაცია. კუხიანიძის პასის შემდეგ ქიმაძემ მიწაზე დაუშვებლად სცადა გატანა, მაგრამ მცველმა დაუფარა და ბურთი კუთხურზე გადავარდა.
29' - ლეანდროსა და კირკიტაძის კომბინაციის შემდეგ ნონიკაშვილმა არაზუსტად დაარტყა "ტორპედოს" კარში.
31' - დოლიძე შეიჭრა საჯარიმოში და ძლიერად დასცხო. გორელთა მეკარე ხაინდრავა ბურთს ადგილზე დახვდა.
43' - ძალიან საკამათო ეპიზოდი დოლიძისა და კვახაძის მონაწილეობით. არბიტრმა 11-მეტრიანის დანიშვნისგან თავი შეიკავა.
44' - ტუღუშმა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
44' - ქუთაისელთა კიდევ ერთი შანსი. უაღრესად აქტიური დოლიძე შორეულ კუთხეში უმიზნებს მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ - ოდნავ არაზუსტად.
50' - დოლიძის დარტყმა ხაინდრავამ მოიგერია. მანვე არ გაატანინა კაპანაძეს.
70' - ბაბუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ ისევ კაპანაძე უტყამს ვარდნაში და "დილას" ხაინდრავა შველის.
71' - გოლი! დოლიძემ კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია ბურთი. ხაინდრავას შეცდომა და "ტორპედოს" უპირატესობა უკვე ორბურთიანია!
78' - ქუთათურთა სწრაფი კონტრშეტევა. დოლიძის დარტყმას ქარქუზაშვილი გადაეფარა.
84' - ნუბიო ფლავიოს თავური ზემოდან სცდება "ტორპედოს" კარს.
90' - დერეტის დარტყმულს კვასხვაძე ადგილზე დახვდა.

ეროვნული ლიგა. XIV ტური
23.05. თბილისი. "მიხეილ მესხი"
დილა-ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 კაპანაძე (8), 0:2 დოლიძე (71)
დილა (4-1-4-1): ხაინდრავა - ეტუ, ქარქუზაშვილი, კვახაძე, მაჩაიძე (35. ფოფხაძე) - ძარია - კირკიტაძე (63. ტარავალიე), წიქარიძე, დერეტი, ნონიკაშვილი (46. ფლავიო ნუბიო) - ლეანდრო.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, რაზმაძე, აბუბაქარი, პაპუაშვილი
მწვრთნელი: ზივ არიე
ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - დოლიძე (82. ტაბატაძე), გიგაური, კუხიანიძე, ბაბუნაშვილი (77. მამასახლისი), ტუღუში - კაპანაძე (80. კუჭუხიძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, საღრიშვილი, საბანაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (33), ქიმაძე (54), ტუღუში (55), გიგაური (67)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

დღეს
22 მაისი
ჩიხურა-დინამო (თბ) 16:00
შუქურა-დინამო (ბთ) 18:00
სამტრედია-საბურთალო 18:00

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
იქნებ ვინმემ მითხრას რატომ ჩამოგვყვავს ეს სამოსანი უცხოელი მწვრთნრლები?რომლებსაც 3 ჯერ მეტ ხელფას აძლევთ ვიდრე ქართველს ათჯერ მეტ შეცდომას უშვებს ვიდრე ქართველი მათ ყველაფერს პატიობთ და ქართვრლს არაფერს და მაინც ვერ ხვდებით რომ დიდ შეცდომას უშვებთ.მიხვდა ამას ფიფია და სწორადაც მოიქცა.
Dragonfly
24 მაისი 2017 23:27
0
"დილა" რაღაც გამოცანა გუნდი გახდა--- სამწუხაროდ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
gori-2
24 მაისი 2017 20:15
0
ნამდვილად ქებას იმსახურებს ტორპედო
ალეკსანდრე
24 მაისი 2017 16:59
0
ქუთაისი თუ იგებს უნიჭოთ დადგმული სპექტაკლია ხო.დდ არ ეკადრება ესეთი ბრალდებები ფეხბურთის მოყვარულ ადამიანს როცა არავითარი ფაქტი არ უდევს ხელთ.მაგრამ ეს ხო საქართველოა სამწუხაროდ აქ ყველაფერი მოსულა.
ქუთაისელი
24 მაისი 2017 15:31
0
საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს 26 მაისს, ზუსტად 15 საათზე იწყება ქართული ფეხბურთის აღორძინება.ამ დროს მთავრდება აუქციონი და როგორც იქნა ტორპედო კერძო კლუბი გახდება.ყველა კლუბის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად თუ კი ვინმე უნდა ეცილებოდეს დინამოს ჩემპიონობაში ერთ-ერთი მათგანი ტორპედო უნდა იყოს.ჩაჩავა ჩვენი პრეზიდენტია!!! ტორპედო ჩვენი სიამაყეა!!!
zaza
24 მაისი 2017 15:09
0
უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი..
გორი
24 მაისი 2017 14:56
0
ბრავო ტორპედო!!!
ქუთათურებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი გუნდით. ტორპედოა ალბათ ერთადერთი გუნდი, რომელიც თანამედროვე და გამართულ ფეხბურთს თამაშობს საქართველოში. გოლები კიდევ ერთი სიამოვნება იყო...ბრავო!
გოჩა
24 მაისი 2017 14:33
0
ყოჩაღ ტორპედოს!!! გამართული, თანამედროვე ფეხბურთი აჩვენა. გოლები კი ისეთი იყო ნებისმიერი წამყვანი ლიგა ინატრებდა.
მშვენიერია
24 მაისი 2017 11:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული