დღეს უკვე პირველი ნომერი...
...ამის მაგალითად მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო გამოდგება, რომელიც "ზუგდიდში" თამაშობდა და მიუხედავადა იმისა, რომ ეს გუნდი ბევრ გოლს უშვებდა და ბოლოს გავარდა კიდეც, უკრაინელ კიპერს კლასი აშკარად ეტყობოდა. შესაფერისი გუნდიც მონახა - თბილისის "დინამოში" გადავიდა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში საკმაოდ კარგი მეკარე ჩამოუყვანიათ. ახლა ის მაღალი კლასის მეკარედ ჩამოყალიბების პოტენციალი ლიგის აუტსაიდერ "შუქურას" მეკარე ილია სტურუასაც აქვს. აზამატ ჯიოევის ტრავმის გამო, ქობულეთელთა კარის დასაცავად უკრაინელი იური კამინსკი მიიწვიეს. მაგრამ მან პირველივე შეხვედრაში არაერთი შეცდომა დაუშვა და ამის მერე დადგა კარში სტურუა.
მას დებიუტი მანამდე ჰქონდა, მაგრამ ეს ეპიზიდური მომენტი იყო, დღეს კი ის უკვე "შუქურას" პირველი მეკარეა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი აუტსაიდერია, თავად საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფოთის "კოლხეთთან", სწორედ სტურუას დამსახურება იყო, ქობულეთელებმა ქულა რომ მოიპოვეს. 21 წლის ახალგაზრდა კარში გამოცდილ მეკარესავით იდგა და გუნდი ბევრჯერაც გადაარჩინა...
არც არის გასაკვირი - სტურუას საკმაოდ კვალიფიციურ საფეხბურთო სკოლებში ავარჯიშებდნენ და საინტერესო ისტორიაც აქვს. 1995 წელს დაბადებული მეკარე რუსეთში იზრდებოდა და მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს" აკადემიებში სწავლობდა ფეხბურთის ანბანს. სოლიდურ საერთაშორისო ტურნირებზე ორჯერ საუკეთესო მეკარედაც აღიარეს - 2008 წელს, გენუაში, "სპარტაკის" შემადგენლობაში ყოფნისას, ხოლო 2011 წელს, მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში რომ გადავიდა, ანალოგიური ჯილდო საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირზეც დაიმსახურა...
ილია სტურუა "ლელოსთან" რუსეთში თამაშის ისტორიებს იხსენებს და გვიმხელს, თუ როგორ ჩამოვიდა საქართველოში...
- როგორც შევიტყვეთ, რუსეთში ხართ დაბადებული...
- დიახ, მამა სამტრედიელია, მაგრამ ადრე ვორონეჟში დასახლდა და მეც რუსეთში დავიბადე. ფეხბურთზეც თავიდან იქვე დავდიოდი.
- მოსკოვურ გუნდებში როგორღა მოხვდით?
- ვორონეჟში თამაშისას მოსკოვის "სპარტაკის" სელექციონერებმა შემნიშნეს და ამიყვანეს, იქიდან კი მოსკოვის "დინამოში" გადავედი, რომლის აკადემიაც ლევ იაშინის სახელობისაა და ცნობილია, რომ იქ კარგ მეკარეებს ზრდიან.
- "სპარტაკიდან" ამიტომ წამოხვედით?
- არა მხოლოდ ამის გამო, უბრალოდ, "სპარტაკის" აკადემიაში პრობლემები შეიქმნა. შესაძლოა, არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი ვარჯიშის ბოლო პერიოდში მეკარეთა მწვრთნელიც აღარ გვყავდა.
- მოსკოვის "სპარტაკში"?!
- დიახ, მოსკოვის "სპარტაკის" აკადემიაში! მართალია, ეს დროებითი იყო, მაგრამ მაინც წასვლა ვამჯობინე.
- საძიებო გვერდებზე საინტერესო ინფორმაციას წავაწყდით - საერთაშორისო ტურნირებზე ორჯერ დაგასახელეს საუკეთესო მეკარედ...
- რუსული აკადემიები ევროპაში მუდმივად მოგზაურობენ და ჩვენც ძალიან კარგ ტურნირებზე გვიშვებდნენ. საუკეთესო კი პირველად იმ ტურნირზე გავხდი, სადაც "ბარსელონას" და "სამპდორიას" შევხვდით. ისე, ძლიერ გუნდებს ძლიერი აკადემიებიც აქვთ და მათთან თამაში ძალიან გვიჭირდა. მაგრამ ყველა ჩვენგანისთვის ეს მშვენიერი გამოცდილება იყო.
- მოსკოვის "დინამოში" რა პერსპექტივა გქონდათ?
- ფაქტია, რომ დუბლშემადგენლობაში ვიყავი, სადაც რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე.
- მერე იქ დამკვიდრება რატომ ვეღარ მოახერხეთ?
- სამწუხაროდ, ისეთი მძიმე ტრავმა მივიღე, რომ პერსპექტივაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, არათუ თამაშსა და დამკვიდრებაზე - ხელი მოვიტეხე და ძვალი ძალიან დიდხანს მიხორცდებოდა. ამის გამო ორი წელი გამიცდა: ერთი - ოპერაციამდე და ერთიც - ოპერაციის შემდეგ.
- ახლა გვითხარით, საქართველოში როგორ მოხვდით?
- მკურნალობის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. რეზო ჩელებაძემ ჩამოსვლა შემომთავაზა და უკვე მესამე წელია, "შუქურაში" ვარ. ჯერ დუბლებიდან დავიწყე, ახლა კი ძირითადშიც მენდობიან.
- მთავარ ქართულ ლიგაზე რას იტყვით? რა თავისებურება ახასიათებს მას?
- აქ საინტერესო მოთამაშეები არიან - სწრაფები, ტექნიკურები და ჯანიანები. მაგრამ რუსეთის შემდეგ აქ ადაპტაცია გამიჭირდა.
- რა იყო პრობლემა?
- ენობრივი ბარიერი.
- ქართული საერთოდ არ იცით?
- ვიცი და მესმის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნელა ლაპარაკობენ. სწრაფი საუბრისას შინაარსს ვერ ვიგებ.
- წმინდა სათამაშო კუთხით რა პრობლემებს წააწყდით?
- აქ სხვა ფეხბურთს თამაშობენ. რუსეთში უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ტაქტიკას, თეორიას, ბევრია ორთაბრძოლა. საქართველოში კი გაცილებით ტექნიკური და ნაკლებად ხისტი ფეხბურთია.
- რუსული მეკარეთა სკოლა ცნობილია. ქართველ მეკარეებში რა განსხვავებები შენიშნეთ?
- რუსეთში უფრო ხაზზე საიმედო თამაშს ითხოვენ, საქართველოში კი მეკარეები მხოლოდ კარში არ დგანან, ფეხითაც ხშირად თამაშობენ.
- ვან დერ სარის შემდეგ მთელ მსოფლიოში ასეა და რუსეთი გამონაკლისია?
- ამას არ ვამბობ. უბრალოდ, რუსეთში მეკარეს სადად და მარტივად თამაშს სთხოვენ, ყოველგვარი იმპროვიზაციისა და ფანტაზიების გარეშე. აქ კი, ფაქტობრივად, მეკარე უკანა მცველის ფუნქციასაც ითავსებს და ხშირად შეტევის დაწყებაც უწევს.
- საქართველოს ეროვნულ ლიგაში უკვე 6-ჯერ ითამაშეთ და უცნაურია, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნერვიულობა არ გეტყობათ...
- ალბათ, იმიტომ, რომ "შუქურას" შევეჩვიე, მეგობრები მყავს და ახლა უკვე მიადვილდება თამაში. გუნდში გატარებული სამი წელიწადი ცოტა არ არის.
- რუსეთში დაბრუნების შანსი თუ გაქვთ?
- ჩემს გეგმებშია, ვითამაშო, მოვუმატო და რაც შეიძლება ძლიერ ლიგაში მოვხვდე. მაგრამ სანამ ამაზე ვიოცნებებ, კარგად ვიცი, რომ უმთავრესი მიზანი ყოველი მომდევნო თამაშის კარგად ჩატარებაა. სხვაგვარად, მიზანზე ფიქრი აზრს დაკარგავს.
- ანუ რუსეთში დაბრუნებას არ აპირებთ?
- ჯერ კონკრეტული არავის არაფერი შემოუთავაზებია, მხოლოდ ერთი შემოთავაზება იყო საქართველოდან და ისიც ლაპარაკის დონეზე - "სამტრედიიდან", რადგან წარმოშობით ამ ქალაქიდან ვარ. მაგრამ ქობულეთელებთან უხერხული იყო, მათგან ბევრი სიკეთე მახსოვს და ამიტომ, "შუქურაში" დავრჩი.
- წარმოშობით სამტრედიელია მეკარე ზვიად სტურუა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. ნათესავები ხართ?
- მისი ისტორია გამიგია, მაგრამ მხოლოდ მოგვარეები ვართ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"