გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" მეორე ადგილზე დაწინაურდა და თბილისის "დინამოს" სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩება. კახა ჩხეტიანის გუნდი სასიამოვნო ფეხბურთს აჩვენებს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ დოლიძეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 2 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ზედიზედ ორ ტურში კი კუთხურიდან ჩაახვია ბურთი, ოღონდ, თუ "დილასთან" შეხვედრაში ეს სუფთად გამოუვიდა, "სამტრედიასთან" თემურ მარკოზაშვილი "დაეხმარა" (ბურთის მოგერიებას ცდილობდა) და ავტოგოლად ჩაითვალა...

- ტორპედო-სამტრედია 2:1 - მეორე ახალგაზრდობა [VIDEO]
- დილა-ტორპედო 0:2 - ორი სუპერგოლი, ისიამოვნეთ! [VIDEO]

ასე იყო თუ ისე, ერთი რამ
ფაქტია: ქუთაისელთა 34 წლის გარემარბი მეტოქეებს სერიოზულ თავსატეხს უჩენს და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

"ლელომ" დოლიძესთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ბოლო ორი ტურია, მეტოქეებს კუთხურებით "ატერორებ". ამაზე საგანგებოდ ვარჯიშობთ?
- საგანგებოდ? არა, ნამდვილად არ მივარჯიშია, მაგრამ რამდენჯერმე, გართობის მიზნით, ვარჯიშის შემდეგ მიცდია და ჩამიხვევია კიდეც კუთხურიდან. ისე, რა დიდი დამუშავებაც ამას უნდა, დადე ბურთი და დაარტყი "მოჭრილი" - ეს არის და ეს.

- აქამდე კუთხურიდან გაგიტანიათ?
- ბავშვობის და უბნის ამბები არ მახსოვს, შეიძლება გამიტანია... პროფესიულ ფეხბურთში კი - არასოდეს.

- მაინცდამაინც გორელებთან და სამტრედიელებთან რატომ გადაწყვიტეთ "ჩახვევა", მეკარეები ცუდად იდგნენ?
- არა, ასე არ ყოფილა, ორივეს სწორი პოზიცია ეკავა. საერთოდ, ბურთთან მისვლამდე ამაზე არც მიფიქრია, მაგრამ უცებ რა დაგარტყამს თავში, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. მე კი ბურთთან რომ მივედი, რატომღაც ვიფიქრე - მოდი, ვცდი-მეთქი. "დილასთან" ვცადე, გამომივიდა და მერე "სამტრედიასთანაც" იმავეს გამეორების სურვილი გამიჩნდა...

- რომელ ფეხბურთელზე გსმენია, ასე რომ გაჰქონდა გოლები?
- ვიცი, რომ ქართველებში ამ მხრივ ილია დათუნაშვილი გამოირჩეოდა და "ოქროს მატჩში" მოსკოვის "ტორპედოს" სწორედ ასე გაუტანა...

მაგრამ ასეთი მოთამაშეები ჩვენს დროშიც არიან. მაგალითად, გორელებს რომ გავუტანე, ბიჭებმა გაიხსენეს - ორი წლის წინ, "ტორპედოში" თამაშისას, კუთხურიდან ირაკლი კლიმიაშვილსაც გაუტანია. "კლიმოს" ლამაზი გოლები ისედაც ეხერხება... კიდევ დათა სიჭინავაზე გამიგია - ჯარიმებს და კუთხურებს პენალტივით ურტყამსო.

- ახლა "ტორპედოზეც" გკითხავთ. მეორე ადგილზე ხართ, მაგრამ არასტაბილურად თამაშობთ - კონკურენტ თბილისის "დინამოს" ქუთაისში ვერაფერი მოუხერხეთ. აქ ორი ვარიანტია - გუნდმა ეს თამაში, უბრალოდ, ჩააგდო, ან წლევანდელი "დინამო" ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას. აქედან რომელს ეთანხმებით?
- "დინამოს" პირველ შეხვედრაში ვერ მოვუგეთ, ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რაც შეგვეძლო. მაგრამ ჩვენ კიდევ სამჯერ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და იქ გამოჩნდება, ეს წაგება შემთხვევითი იყო თუ კანონზომიერი. არანაკლებ ძლიერი გუნდები არიან "ჩიხურა", "დილა" და "სამტრედია" და მათთან გამოჩნდა, რომ მაღალი ადგილისთვის ბრძოლის ძალა გაგვაჩნია. თუმცა წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს, ყველაფერს დრო გამოაჩენს.

- ოქტომბერში 35 წლის გახდებით. ფლანგის მოთამაშისთვის ეს პატარა ასაკი არ არის. კიდევ რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?
- ჯანმრთელობა მომცეს ღმერთმა და, რამდენიმე სეზონს კიდევ ჩავატარებ. როცა ვეღარ გავიქცევი, მაშინვე დავანებებ ფეხბურთს თავს და არავის შეხსენება არ დამჭირდება - წასვლის დრო დაგიდგაო. ჯერჯერობით კი ამაზე არ ვფიქრობ, "ტორპედოს" ვეხმარები წინსვლაში.

- უცნაურია, რომ ასაკის მიუხედავად, თქვენი ერთ-ერთი მთავარი პლუსი სისწრაფეა...
- მართალი გითხრათ, ეს მეც მიკვირს... ესე იგი, თამაში კიდევ შემიძლია. სისწრაფე ბავშვობიდან მქონდა. ეგ არის, რომ ვარჯიშის გარეშე მას ვერ გააუმჯობესებ.

- სტატისტიკას რომ გადავხედოთ, მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი - 6 საგოლე გადაცემა თქვენ გააკეთეთ...
- მე კუთხურიდან ჩაწოდებულს საგოლე გადაცემებში არ ვთვლი. ყველაზე მეტ სიამოვნებას ის მანიჭებს, ფლანგზე რომ გავიჭრები და პასს გავაკეთებ... ისე, ყველა ჩემს ჩაწოდებას ან პასს გოლი რომ მოჰყოლოდა, მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგიანი პასი მექნებოდა.

- ჩანს, თორნიკე კაპანაძესთან განსაკუთრებით კარგად ხართ შეთამაშებული...
- ...იმიტომ, რომ დიდი ხანია, ერთად ვთამაშობთ - ჯერ "ტორპედოში" პირველად რომ ვიყავი, მერე "ზესტაფონში", "სამტრედიაში" და ახლა ისევ "ტორპედოში". მე უკვე ვიცი, ის როგორ იხსნება, როგორი გადაცემები უყვარს და თორნიკემაც იცის, ფლანგზე სად გავიქცევი და როგორ ჩავაწვდი. ასეთები დასაფასებლები არიან - ის კარგი ფორვარდი და თავმდაბალი ადამიანია.

საერთოდ, ახლანდელი "ტორპედო" ამით მიყვარს - უბრალო ბიჭები შეიკრიბნენ გუნდში და კარგი გარემოა. ეს შედეგებზეც აისახება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა ჯანი მოგცეს, ყოველთვის გულიანად თამაშობ და ქომაგებს უყვარხარ
dola! dola!
21:55 31-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული