დვალი, ვინც არცთუ დიდი ხნის წინ უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო და ტიტულს ტიტულზე იგებდა, დღეს ახალგაზრდული "სიონის" გამოკვეთილი ლიდერია. მისი გამოცდილება, კლასი და თავდადება განახლების გზაზე მყოფ ბოლნისურ კლუბს ძალიან უხდება...
- მიმდინარე სეზონი თქვენთვის ძალიან შედეგიანია, "სიონმა"კი მთელ რიგ მატჩებში კარგი
- გუნდის მიერ ამ ეტაპზე ნაჩვენები შედეგიდან დავიწყებ. ამ დროისთვის "სიონი" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ეს პოზიცია ეგრევე არ იძლევა უმაღლესი ლიგის საგზურს. აქედან გამომდინარე, ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნები გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით.
წინ კიდევ ძალიან ბევრი თამაშია. ჩვენ გვაქვს იმის დრო და პოტენციალი, რომ "სიონის" სატურნირო მდგომარეობა გამოსწორდეს. პირადად ჩემს სტატისტიკას და თამაშს რაც შეეხება, ეს თქვენი შესაფასებელია.
- ბოლო დროს "სიონში" ბევრი რამ შეიცვალა. როგორია ახალი გუნდი?
- ძალიან შეკრული გუნდი გვყავს, პროფესიონალი ხელმძღვანელობით, სამწვრთნელო შტაბითა და ფეხბურთელებით. მართალი ბრძანდებით, შეიცვალა არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა, არამედ ფეხბურთელებიც. ძველი შემადგენლობიდან 3-4 მოთამაშე თუ დარჩა გუნდში... "სიონი" ახალგაზრდული გუნდია და როგორც ყველა ამ ტიპის გუნდს ახასიათებს, ჩვენს თამაშშიც არის ცოტა არასტაბილურობა. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადავჭრათ.
- ცალკე თემაა თქვენი პირადი სტატისტიკა. საუკეთესო ბომბარდირობა ერთია და ძალიან ხარისხიან ფეხბურთსაც აჩვენებთ...
- სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკი. თავდამსხმელის მთავარი ამოცანა გოლის გატანაა და მიმაჩნია, რომ უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ. პირადი სტატისტიკა ჩემთვის არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩემთვის ჯაბა დვალის გოლებზე მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება გუნდის შედეგი. მარტო ერთი ფეხბურთელი ვერაფერს იზამს, ჩემი გოლები მთელი გუნდის, მისი ყველა წევრის დამსახურებაა.
- თქვენთვის უცხო არ არის ქართული ტიტულების მოგება და უმაღლეს ლიგაში საუკეთესოობა. როგორ პოულობთ მოტივაციას ეროვნულ ლიგა 2-ში სათამაშოდ?
- მოტივაციის ძებნა არ მჭირდება. მე ამ საკითხს ასე ვუყურებ - გუნდმა შენზე გააკეთა არჩევანი, ესე იგი, შენ მას სჭირდები. ფეხბურთელის ამოცანაა, ყველაფერი გააკეთოს იმ კლუბისთვის, რომელიც მას ენდო და სადაც მისი სჯერათ. რა მნიშვნელობა აქვს, უმაღლეს ლიგაში თამაშობ თუ პირველში? შენი ეიმედებათ და შენ უნდა გაამართლო. თუნდაც, გულშემატკივრის წინაშე უნდა იყო ბოლომდე პირნათელი.
- რას იტყვით ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაზე? თუნდაც საკადრო რესურსითა და დაძაბულობით ის აშკარად გამორჩეულია წინამორბედი გათამაშებებისგან...
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ჯერ ერთი, ამ ლიგაში არაერთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელსაც სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში უთამაშია და, რაც მთავარია, უთამაშია წარმატებით. ჩემი აზრით, უმაღლესსა და ლიგა 2-ს შორის სხვაობა თითქმის არ არის. თუნდაც ის გუნდები ავიღოთ, უმაღლესი ლიგიდან რომ გადმოვიდნენ. ნახეთ, როგორი ტრადიციული კლუბები არიან საქართველოს მასშტაბით - "სიონი", "ზუგდიდი", "ცხინვალი"...
პირველი ხუთეულის ყველა გუნდი განსაკუთრებით კარგადაა დაკომპლექტებული. დაძაბულობის ხარისხი მაღალია. წინასწარ ვერ იტყვი, რომელი გუნდი რომელს მოუგებს. გადავხედოთ "მერანის", "რუსთავის", "გაგრას", "ვიტ ჯორჯიას", "სამგურალის" და სხვა გუნდების შემადგენლობებს. ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც კარგად იცნობს გულშემატკივარი. ამიტომაც ვამბობ, რომ უმაღლეს და პირველ ლიგებს შორის სხვაობა თითქმის არ არის და ეს ძალიან კარგია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"