2008 წელს ის გროზნოს "ტერეკში" ჩაირიცხა, თამაშობდა ასტრახანის "ვოლგარ-გაზპრომში" (2010), ბელგოროდის "სალიუტში" (2012-13, 2013-16), ბოლოს კი მოსკოვის "ტორპედოში" (2016-17). სიკაჩის სახით, ფოთელებს საიმედო მეკარე ჰყავთ. ის რამდენჯერმე მოხვდა "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებშიც.
ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში ის საქართველოში მოულოდნელ ჩამოსვლაზე, "კოლხეთსა" და მოლდოვა-საქართველოს მატჩზე ლაპარაკობს...
- მოსკოვის "ტორპედოდან" ფოთის "კოლხეთში" მოხვედრა
- "ტორპედოსთან" კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. საბოლოოდ, ეს ისეთ ცუდ დროს მოხდა, როცა რუსეთში გუნდები დაკომპლექტებული იყო და ზაფხულამდე უსაქმოდ უნდა ვყოფილიყავი. არადა, თავისუფალი აგენტიც ვიყავი, მაგრამ, ფაქტობრივად, ზაფხულამდე ვერსად ვითამაშებდი.
"კოლხეთი" სწორედ ამ გამოუვალ ვითარებაში დამიკავშირდა. მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკაზე სასიცოცხლოდ აუცილებელია და დასაფიქრებელიც არაფერი იყო. თანაც, ვიცოდი, რომ ამ გუნდში ჩემი მეგობარი, კორობკა თამაშობდა. ქართველებთანაც ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა და ამიტომაც სიამოვნებით ჩამოვედი.
- მაგალითად, რომელ ქართველთან მეგობრობდით?
- კარგი ურთიერთობა მქონდა თარხნიშვილსა და ხორგუაშვილთან, ვიცნობ გვაზავასა და გორელიშვილსაც.
- მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ წევრს, თანაც, მოსკოვის "ტორპედოს" მეკარეს, საკუთარ ქვეყანაში გუნდის მოძებნა არ გაგიჭირდებოდათ...
- (იცინის) ეს კურიოზია! მოლდოვური კლუბების წინადადებები ნამდვილად მქონდა, მაგრამ იქ დაბადებულს რუსეთის პასპორტი მაქვს და ლეგიონერად ვითვლები. ეს გარკვეულ სირთულეს უკავშირდებოდა და არც იქ თამაში მსურდა. თანაც, "კოლხეთის" წინადადება კონკრეტული იყო - სურდათ, რომ მეთამაშა და როგორც გითხარით, ბევრი არ მიფიქრია.
- საინტერესო იქნება საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის აზრი საქართველოს ჩემპიონატზე. როგორ ფიქრობთ, რა თავისებურება ახასიათებს ეროვნულ ლიგას?
- რა დასამალია და, ჩამოსვლამდე ქართულ ჩემპიონატსა და მის დონეზე ბევრი არაფერი ვიცოდი. სხვათა შორის, მეგონა, რომ უფრო დაბალი დონე იქნებოდა...
მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ბევრად ნაკლები შემსრულებლები არ არიან, ვიდრე რუსეთის პრემიერლიგაში და უფრო მეტია, ვიდრე - რუსეთის პირველ ლიგაში. არადა, მათი და აქაური პირობები ძალიან ბევრით განსხვავდება. ეგ არის, რომ საქართველოში სათამაშო დისციპლინის პრობლემაა. ეს თუ გამოსწორდება, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი გექნებათ.
აქ ძალიან კარგი და ნიჭიერი ბიჭები იზრდებიან, რაც ჩემთვის აღმოჩენაა. რუსეთში ასე არ არის, იქ ნიჭის დეფიციტს შრომისმოყვარეობითა და სათამაშო დისციპლინით აბალანსებენ. უპირველესად, თვალში რაც მომხვდა, ეს არის ქართველების ტექნიკა. ყველა გუნდში არის ფეხბურთელი, ვისაც შეუძლია, თამაში საკუთარ თავზე აიღოს და მატჩის ბედი გადაწყვიტოს.
- ...თუმცა ზედმეტ ინდივიდუალიზმს ხშირად გუნდური თამაში ეწირება...
- მართალი გითხრათ, ზოგჯერ მეც არ მესმის, რა საჭიროა, ბურთის ამდენი "თრევა", მაგრამ ესეც აქაური ფეხბურთის თავისებურებაა, რომელსაც სილაღე ახასიათებს.
- რომელი ქართული გუნდი და მოთამაშე მოგწონთ?
- ორი აზრი არ არის, რომ საქართველოში საუკეთესო გუნდი თბილისის "დინამოა", რომელსაც მწვრთნელის ხელი ეტყობა, ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და შედეგს ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლებით აღწევს. "დინამოს" ბაზა რომ ვნახე, გამიკვირდა: რუსეთის პრემიერლიგაში მდიდარი კლუბებია, მაგრამ ასეთი მოსამზადებელი კომპლექსი ბევრს არ აქვს...
ფეხბურთელებიდან "ჩიხურას" თავდამსხმელ ტატანაშვილსა და ჩვენს კოვტალიუკს გამოვარჩევდი. "კოლხეთის" თავდამსხმელი საინტერესო ბიჭია და თუ ასე გააგრძელებს, მაღალ დონეზე ითამაშებს.
"დინამოს" ნახევარმცველი კიტეიშვილი კი ცალკე თემაა. ჩემი აზრით, მას ისეთი თვისებები აქვს, რუსეთის პრემიერლიგაშიც თავისუფლად დამკვიდრდებოდა - აზრიანი, შრომისმოყვარე და მოძრავი ნახევარმცველია.
- "კოლხეთში" ბევრი ლეგიონერი შეიკრიბეთ. გუნდი თქვენით კმაყოფილია. თავად რას იტყვით გუნდზე?
- რა თქმა უნდა, გუნდს ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემები აქვს და ლიგაში დასარჩენად იბრძვის. მაგრამ მე ისედაც ვიცოდი, რომ უმდიდრეს კლუბში არ მოვდიოდი. ინფრასტრუქტურის პრობლემაც აშკარაა... სამაგიეროდ, მეგობრული და შეკრული კოლექტივი დამხვდა, რომელსაც კარგი მწვრთნელი და ხელმძღვანელობა ჰყავს. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ვიტყვი, რომ საქართველოში მეგობრები შევიძინე, რომლებმაც პირველივე დღიდან თბილად მიმიღეს.
- ინფრასტრუქტურა ახსენეთ. მოლდოვაში როგორ არის ამ მხრივ საქმე?
- უფრო უარესი მდგომარეობაა. იქ სულ სამი ნორმალური სტადიონია - "შერიფის", "ზიმბრუსა" და "მილსამის". ეროვნული სტადიონი 30 ათასამდე კაცს იტევდა, მაგრამ დაანგრიეს და ახალს აშენებენ... საერთოდ, იქ ბაზებისა და მოედნების სერიოზული დეფიციტია. მოლდოვის ჩემპიონატში იშვიათად ნახავ ისეთ საფეხბურთო გარემოს, როგორიც ბათუმის სტადიონზეა.
- "კოლხეთში" იმიტომ ჩამოვედი, ზაფხულამდე უგუნდოდ რომ არ დავრჩენილიყავიო, თქვით. ანუ, შესაძლოა, გუნდი მალე დატოვოთ?
- როდემდე ვითამაშებ "კოლხეთში", ეს ჯერ არ ვიცი. 21 ივნისს ტურია, ვითამაშებ და მერე ოჯახს უნდა დავუბრუნდე - მეორე შვილს ველოდები და მეუღლის გვერდით უნდა ვიყო.
- წინადადებები თუ გაქვთ?
- არის რუსეთიდანაც და საქართველოდანაც, მაგრამ ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი.
- მოლდოვა-საქართველოს მატჩზე რას იტყოდით?
- მოლდოველებმა მოგება ნაადრევად ირწმუნეს და ამიტომაც დაისაჯნენ. თუმცა, მეორე მხრივ, ქართველებმა 0:2-ზე კავკასიური, მეომარი ხასიათი გამოავლინეს და წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ. თანაც, ჩვენებმა მეორე გოლი მსაჯის შეცდომის ხარჯზე გაიტანეს.
- ამით მეგობრებს ხომ არ გაანაწყენებთ?
- მოლდოვის ნაკრებში მართლაც არიან ჩემი მეგობრები - ნამაშკო, ეპურეანუ, ანტონიუკი... მაგრამ ობიექტურად რომ ვილაპარაკოთ, მსაჯი შეცდა. თუმცა პირველ ტაიმში მოლდოვა უკეთ თამაშობდა. გადამწყვეტი ის იყო, რომ მეორე ნახევარში ქართველებმა მოძრაობას მოუმატეს, "სტანდარტები" კარგად შეასრულეს და ინდივიდუალური უპირატესობა გამოიყენეს. რეალურად, ეს ქულა მწვრთნელმა მოიპოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"