...და ვიდრე ეს მოხდება, მანამდე ჩემპიონატის საშუალედო ეტაპის (ორი წრის) გამარჯვებული გამოვლინდება. ამის ყველაზე რეალური შანსი, რა თქმა უნდა, თბილისის "დინამოს" აქვს, რომელსაც დარჩენილ ორ მატჩში საამისოდ 3 ქულაც ჰყოფნის.
მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და მოახლოებულ ტურზე ვისაუბროთ. არ არის გამორიცხული, ბოლო სანაკრებო პაუზას ზოგიერთ გუნდზე უარყოფითადაც ემოქმედა. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა, ითამაშეს 21 და
მეორე წრის ბოლოსწინა ტური მხოლოდ სატურნირო მნიშვნელობით როდია საინტერესო: XVII ტურის ერთბაშად 2 მატჩი უნდა გაიმართოს ახალ სტადიონზე! ჯერ ერთი, თვითონ ფაქტია სასიხარულო, რომ ახალი და კეთილმოწყობილი საფეხბურთო არენა შეგვემატება...
მერე, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის სახელს ატარებს ეს ახალი სტადიონი: დავით პეტრიაშვილის, პიროვნების, რომელიც უდიდეს როლს ასრულებდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის განვითარებაში და შეძლებისდაგვარად "პატრონობდა" უეფაში საქმიანობის პერიოდში...
ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ტური ეძღვნება დავით პეტრიაშვილის ხსოვნას!..
ლოკომოტივი-სამტრედია
ამ ტურის პირველი მატჩი იმითაც უნდა იყოს საინტერესო, რომ სწორედ "ლოკომოტივისა" და "სამტრედიის" დაპირისპირებაა სადებიუტო შეხვედრა ახალ სტადიონზე. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება სპორტული მხარეც: ორივე გუნდი ყველანაირად ეცდება, მეორე წრე პირველ სამეულში რომ დაასრულოს. შეგახსენებთ, რომ სერიოზული კრიზისიდან გამოსული (ზედიზედ 5 მარცხის მერე მხოლოდ წინა ტურში რომ გაიმარჯვა) "ლოკომოტივი" დღესდღეობით 3 ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან "სამტრედიას".
ეროვნულ ლიგაში გამოცხადებული პაუზის დროს "ლოკომოტივის" არაერთი ფეხბურთელი იყო გამოძახებული საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში. თუმცა, არანაკლები პრობლემით ხვდება ამ ტურს მოქმედი ჩემპიონი, დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი შემადგენლობის ორ საკვანძო ფეხბურთელს (დავით რაჟამაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი) რომ მოისაკლისებს.
აღარაფერს ვამბობთ ამ წყვილის კიდევ ერთ საინტრიგო დაპირისპირებაზე - ორივე გუნდის თავკაცს, გიორგი დევდარიანსა ("ლოკომოტივი") და გია ცეცაძეს ("სამტრედია"), საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ხომ ერთად არცთუ მცირე პერიოდი აქვთ გატარებული...
კოლხეთი-ჩიხურა
ეროვნული ლიგის ყველაზე "ამოუცნობი" გუნდი სიურპრიზებით გვანებივრებს ხოლმე. მეორე წრის ფინიშს "კოლხეთი" ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, თუმცა გელა სანაიას გუნდს ერთმანეთზე რთული ორი მატჩი ელოდება - ჯერ ევროსაგზურის მოპოვების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატ "ჩიხურასთან", ხოლო შემდეგ - უშუალო კონკურენტ ბათუმის "დინამოსთან". უცნაურია, მაგრამ ფაქტია: "ჩიხურა", ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული გუნდი, მიმდინარე ეროვნულ ლიგაში არასტაბილურად ასპარეზობს. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ სოსო ფრუიძის გუნდი უკვე სოლიდური სხვაობით ჩამორჩება საჩემპიონო "რბოლაში" ჩართულ თბილისის "დინამოსა" და "ტორპედოს"...
დილა-შუქურა
სხვა გუნდების ("კოლხეთი", ბათუმის "დინამო", "ჩიხურა") არ იყოს, უკვე "დილაც" უნდა შეგუებოდა საშინაო მატჩების სხვა ქალაქში ჩატარებას. თუ ასეა, მაშინ გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება. თუმცა ნომინალური მასპინძლებისთვის უმთავრესი ამოცანა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე 3 ქულის მოპოვება უნდა იყოს. "დილამ" ბოლო სამ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელ ტურში ურთულესი მატჩი ელოდება მოქმედ ჩემპიონთან, არის შანსი, რომ გორულმა გუნდმა მეორე წრე პლეი აუტის ზონაში დაასრულოს.
ამავე დროს, "დილას" ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაციაც უნდა ჰქონდეთ. სწორედ ამ ტურში უნდა ჰქონდეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი 36 წლის გიორგი დეკანოსიძეს - თსუ-ს, "ვიტ ჯორჯიის", "ამერისა" და გერმანული "ფიურტის" ყოფილ ნახევარმცველს, 2007 წელს კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით 2 მატჩი რომ ჩაატარა საქართველოს ნაკრებში...
იმ თამაშებში ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა გიორგი შაშიაშვილიც, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა თბილისის "დინამოსა" და სხვადასხვა უცხოურ კლუბში. და აი, 16 ივნისს, ყოფილი თანაგუნდელები ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს...
საბურთალო-დინამო (თბ)
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა ამ ტურში კიდევ ერთ მატჩს უნდა უმასპინძლოს. იმის გარდა, რომ მორიგი დედაქალაქური დერბი გველოდება, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტიც - სიმბოლურია, რომ დავით პეტრიაშვილს ძალიან ბევრი რამ აკავშირებდა როგორც "საბურთალოსთან", ისე - თბილისის "დინამოსთან"...წინა ტურში "საბურთალომ" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, თანაც - ზედიზედ 3 წაგების შემდეგ. ამით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სატურნირო მდგომარეობაც გამოასწორა, თუმცა ახლა უმძიმესი გამოცდა ელის - გამარჯვების შემთხვევაში, "დინამო", ფაქტობრივად, ინაღდებს "ზაფხულის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს.
ისე, ამ შესვენების დროს, საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი სწორედ "საბურთალოდან" და "დინამოდან" იყო გამოძახებული და ამასაც შეეძლო, გარკვეული კორექტივები შეეტანა ორივე გუნდის საწვრთნელ პროცესში...
სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თავისი კოლეგის მსგავსად, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც რამდენიმე გადაადგილება მოახდინოს ძირითად შემადგენლობაში.
დაბოლოს, ამ წყვილის კიდევ ერთი და, ალბათ, უმთავრესი ინტრიგაც: გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებათა ხანმოკლე ისტორიაში, "საბურთალოს" ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგია "დინამოსთვის", და მეტიც - ერთი გოლიც არ გაუტანია ტიტულოვანი მეტოქის კარში.
ტორპედო-დინამო (ბთ)
რამდენი წელიწადი ელოდა ბათუმელი გულშემატკივარი თავისი საყვარელი გუნდის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას და ბედის ირონიით, ისე მოხდა, რომ ოთხ საშინაო მატჩში აჭარის მთავარმა გუნდმა მხოლოდ 1 ქულა აიღო. საერთოდაც, წინა სეზონის ბრინჯაოსპრიზიორს ერთობ წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა: მაისის დასაწყისიდან მოყოლებული, ბათუმის "დინამომ" 7 მატჩი გამართა და მხოლოდ 4 ქულა აიღო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდში გუნდს 3 (სამი!) სხვადასხვა მწვრთნელი მოძღვრავდა და წლევანდელი ევროპალიგის მონაწილე გუნდის დღევანდელი სატურნირო მდგომარეობაც სწორედაც ამ არასტაბილურობის გამოძახილიცაა...
ამ სეზონში რიგით მესამე მთავარი მწვრთნელის, უკრაინელი სპეციალისტის, კონსტანტინ ფროლოვის მიერ დამოძღვრილ ბათუმის "დინამოს" ისეთი მეტოქე ელოდება, ერთიმეორეზე შთამბეჭდავ მატჩებს რომ ჩუქნის თავის ერთგულ ქომაგებს - მართლაც შესანიშნავ ფორმაში მყოფი კახა ჩხეტიანის "ტორპედო", რის დასტურად ეს ციფრებიც გამოდგება - ზედიზედ 7 მოგება და ამ შვიდ შეხვედრაში საკუთარ კარში გაშვებული ერთადერთი გოლი!
აღარაფერს ვამბობთ გასული თვის ორ, მართლაც გამორჩეულ ფეხბურთელზე - 34 წლის გარემარბ გრიგოლ დოლიძესა და 25 წლის ცენტრფორვარდ თორნიკე კაპანაძეს, ბოლო დროს ნამდვილი შეჯიბრება რომ გამართეს ერთმანეთში ეფექტური გოლების გატანაში...
ერთი სიტყვით, საინტერესო ტური გველოდება და სტადიონებზე ქომაგთა სიმრავლეც არ გვაწყენდა...
ეროვნული ლიგა. XVII ტური
16 ივნისი
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი". 17:30
ლოკომოტივი-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
11: +6 =1-4, 16-15
დისკვალიფიკაცია: რაჟამაშვილი, მჭედლიშვილი (სამტრედია)
პირველი წრე 0:0
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 18:30
კოლხეთი-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =0 -4, 7-12
დისკვალიფიკაცია: გ. კილასონია (კოლხეთი)
პირველი წრე 1:3
თბილისი. "დინამო არენა". 20:30
დილა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
5: +1 =1 -3, 6-9
პირველი წრე 0:0
17 ივნისი
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი". 18:00
საბურთალო-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
5: +0 =1 -4, 0-11
პირველი წრე 0:2
ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00. LIVE "II არხზე"
ტორპედო-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
52: +29 =9 -14, 86-57
დისკვალიფიკაცია: ხურცილავა (ტორპედო) - ფონიავა (დინამო ბთ)
პირველი წრე 3:1
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13
ბ. არაბული (დინამო თბ) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ერთადერთი ვარიანტია მოკლევადიანი იჯარა საევროპო თამასებსი დამთავრებამდის და ეს ალბათ კონსენსუსია ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე.
ამას გარდა გავიხსენოთ ის დიდ ხმაური და მუქარები რომ სამტრედია 5-6 უმაგრესი უცხოელი ლეგიონერით გაძლიერდებაო,სადაა ის ლეგიონერები? კლუბის მენეჯმენტს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ახლა ლაქიებით იცავენ თავს აქ კომენტებში.