ეროვნული ლიგა. XVIII ტურის წინ: ბრძოლები შესვენებამდე

AutoSharing Option
ფოტოზე: გორის "დილას" ვარჯიში
დღეს და ხვალ XVIII ტურის მატჩები უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი შესვენება გამოცხადდება, ოღონდ არა იმ გუნდებისთვის, რომლებიც ევროტურნირებში ჩაერთვებიან...

ვწერდით, რომ "ზაფხულის ჩემპიონი", ფაქტობრივად, გარკვეულია - თბილისის "დინამო" (ასტრონომიული სხვაობით თუ არ წააგო საშინაო მატჩი), ისევე, როგორც არაფერი ემუქრება მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ "ტორპედოსა" და "სამტრედიის" პოზიციებს.

არანაირი ცვლილება არ არის მოსალოდნელი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშიც: "შუქურა" კვლავაც გასავარდნ ზონაშია, ისევე, როგორც "კოლხეთი" და ბათუმის "დინამო" ვერ ამოსულან პლეი აუტის ზონიდან...

ჩიხურა-ლოკომოტივი
ისე დაემთხვა, რომ
მეორე წრის ბოლო ტური "ჩიხურასთვის" ერთგვარი რეპეტიცია უნდა იყოს ევროპალიგაზე ავსტრიულ "ალტახთან" მატჩის წინ. თუმცა, "ჩიხურასათვის" შიდა ასპარეზიც პრიორიტული უნდა იყოს და სოსო ფრუიძის გუნდიც მაქსიმალურად შეეცდება ამ ეტაპისთვის კომფორტული, IV ადგილის შენარჩუნებას, მით უფრო, რომ საჩხერელთა გუნდის უახლოესი მდევარი სწორედ "ლოკომოტივია" და აღარაფერს ვამბობთ რევანშის ფაქტორზეც.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონამდე "ლოკომოტივი" ვერაფრით ახერხებდა "ჩიხურას" დამარცხებას (ვერც - ჩემპიონატში, ვერც - თასზე) და აი, მიმდინარე სეზონში ეს ნავსი გატყდა! თანაც, მოგებასაც ხომ გააჩნია: ირაკლი სიხარულიძისა და მამია გავაშელიშვილის წყვილი დუბლის წყალობით "ლოკომოტივმა" 5:0 მოუგო თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს! ის პერიოდია, გიორგი დევდარიანის დამოძღვრილი "ლოკომოტივი" მართლაც მშვენივრად რომ თამაშობდა, "ჩიხურაში" კი, როგორც "გარედან" ჩანდა, ყველაფერი წესრიგში ვერ იყო...

აი, დღესდღეობით კი, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია: "ჩიხურა" ნელ-ნელა უახლოვდება ზედა სამეულს და მეორე წრესაც მეტ-ნაკლებად ნორმალურ პოზიციაზე მყოფი ასრულებს. საკადრო პრობლემებით აშკარად დასუსტებულ "ლოკომოტივს" კი ვერაფრით დაუძლევია დანავსული სერია: ბოლო შვიდ მატჩში 6 წაგება და მხოლოდ და მხოლოდ 1 მოგება სწორედ ამას მოწმობს...

სამტრედია-დილა
მოქმედი ჩემპიონი ევროტურნირებზე, სხვა ქართული გუნდებისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო გვიან (11 ივლისს) ჩაერთვება და, აქედან გამომდინარე, "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს საკუთარი გუნდის უფრო უკეთ მოსამზადებლად დროც მეტი რჩება, და არა მხოლოდ მოსამზადებლად: "სამტრედიის" შემადგენლობა აშკარად საჭიროებს ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის გაძლიერებას.

მით უმეტეს, რომ ჩვენი ჩემპიონის მეტოქე, აზერბაიჯანული "ყარაბაღი", საკმაოდ ძლიერი გუნდია და თავის სიძლიერეს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ... საერთაშორისო ასპარეზზეც ამტკიცებს.

"სამტრედია" რამდენიმე სპარინგმატჩს ყველა ვარიანტში ჩაატარებს ევროტურნირების დაწყებამდე, მაგრამ მანამდე "დილასთან" პაექრობაში შეეცდება სატურნირო პოზიციის განმტკიცებას.

ისე, ცოტა "უცნაური" წყვილია: მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი ხომ სტუმრად უფრო უკეთ ასპარეზობს, ვიდრე საკუთარ მოედანზე! ანუ, "სამტრედიის" მსგავსად, "დილასაც" საგარეო მატჩებში აქვს უფრო მეტი ქულა მოპოვებული. ისიც საინტერესოა, თუ როგორი იქნება თავისი პირველი საგარეო მატჩი "დილას" ახალი თავკაცისთვის, გიორგი დეკანოსიძისთვის...

"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ქართულმა საფეხბურთო სამყარომ "ახლოდან" 7 წლის წინათ გაიცნო, როცა 2011/12 წლების სეზონის დასაწყისში... "დილას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

და აი, მიმდინარე სეზონის პირველ წრეში, როცა ცეცაძის ყოფილი და ამჟამინდელი გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს, გამარჯვება "სამტრედიამ" მოიპოვა, თანაც, ასევე "დილას" ყოფილი ფეხბურთელის, დავით რაჟამაშვილის დუბლის წყალობით...

ეროვნული ლიგა. XVIII ტური
20 ივნისი
ივანწმინდა. 17:30
ჩიხურა-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =3 -1, 11-11
პირველი წრე 0:5

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 18:30
სამტრედია-დილა
ურთიერთშეხვედრები
32: +15 =2 -15, 42-44
პირველი წრე 2:1

21 ივნისი
ქობულეთი. "ჩელე არენა". 18:00
შუქურა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =0 -2, 3-8
პირველი წრე 0:5

ბათუმი. "რაგბი არენა". 19:00
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
50: +21 =12 -17, 60-51
დისკვალიფიკაცია: ლ. გოგონაია, ც. ქებურია (კოლხეთი)
პირველი წრე 1:0

თბილისი. "დინამო არენა". 21:00.  LIVE "II არხზე" 
დინამო (თბ)-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
64: +33 =16 -15, 110-60
პირველი წრე 2:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული