ეროვნული ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ესეც ასე: XVIII ტურის მატჩებით, ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დასრულდა და ჩემპიონატშიც თითქმის ერთთვიანი შესვენებაა გამოცხადებული (21 ივლისამდე). თუმცა, ეროვნული ლიგის სამ გუნდს ("ტორპედოს", "ჩიხურას", ბათუმის "დინამოს") უკვე მომავალ კვირაში ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები უწევს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე "სამტრედია" გათამაშებაში ივლისის შუა რიცხვებიდან ჩაერთვება.

თუმცა, სჯობს, ეროვნული ლიგის II წრის ბოლო ტურს დავუბრუნდეთ, მით უფრო, რომ ერთობ საინტერესო ტური გამოდგა დასაწყისითაც და დასასრულითაც! განსაკუთრებით საინტერესო და საინტრიგო კი, რაღა თქმა უნდა, მეორე წრის ბოლო ტურის დასკვნითი მატჩი
იყო: "ქართულმა კლასიკომ" მოლოდინი მართლაც გაამართლა და წლევანდელი სეზონის ორი, უდავოდ, გამორჩეული გუნდის პაექრობაც ეროვნული ლიგის გათამაშების მშვენებად იქცა!

რა გასაკვირია, მეორე წრის ბოლო ტურის მიმოხილვას სწორედ თბილისის "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩის გახსენებით რომ ვიწყებთ...

გაზაფხულზეც და ზაფხულშიც...
იმისთვის, რომ მეორე წრის გამარჯვებული გამხდარიყო, მართლაც მშვენიერ ფორმაში მყოფ "ტორპედოს", ფაქტობრივად, ასტრონომიული ანგარიშით უნდა დაემარცხებინა თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე თბილისის "დინამო" (თანაც, "დინამო არენაზე").

წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის დამოძღვრილმა "ტორპედომ" თავის მართლაც შთამბეჭდავი სერიის გასაგრძელებლად ცდა არ დააკლო და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც.

აღსანიშნავია, რომ კვლავაც შედეგიანად ითამაშა "ტორპედოს" გამოცდილმა გარემარბმა გრიგოლ დოლიძემ, რომელმაც მასპინძელთა უკრაინელ მეკარეს, სერგეი ლიტოვჩენკოს ლამის მთელი სეზონის განმავლობაში დაშვებული ერთადერთი შეცდომა არ აპატია!

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მეტოქისაგან განსხვავებით, "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა: ტრავმების გამო ძირითადი შემადგენლობის საკვანძო ფეხბურთელები, ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი მოისაკლისა; თუმცა ეროვნული ლიგის პირველი და მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელმა ეფექტიანი გადაადგილებები მოახდინა და მეორე ტაიმში ისეთი ზემოტივირებული "დინამო" ვიხილეთ, გულგრილს რომ ვერავის დატოვებდა.

აშკარად გაამართლა კაჭარავას იმ ჩანაფიქრმაც, როცა მიმდინარე სეზონის მართლაც აღმოჩენა და, საერთოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე შესვენების შემდეგ შეიყვანა. 17 წლის ჩაკვეტაძეზე უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, თუმცა ამ უნიჭიერესმა ბიჭმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლაც განსაკუთრებული მონაცემები გააჩნია და მისმა აქტიურმა და, რაც მთავარია, გუნდისთვის სასარგებლო თამაშმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა მატჩის საბოლოო შედეგში!

აღარაფერს ვამბობთ "დინამოს" კიდევ ორ ლიდერზე: 21 წლის გიორგი პაპუნაშვილი მეორე წრის ფინიშისაკენ ისე ათამაშდა, როგორც თავისთვის საუკეთესო სეზონში (2014/15) და ამის დასტურად წინა ტურში "საბურთალოსთან" შესრულებული "დუბლი" და "ტორპედოს" კარში გატანილი ეფექტური გოლიც გამოდგება.

არანაკლებ ქებას იმსახურებს "დინამოს" და, საერთოდ, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის ასევე ზეაქტიური და ოსტატური თამაშიც! საბა ლობჟანიძემ ძალიან ბევრი თავსატეხი გაუჩინა მეტოქეთა მცველებს, ერთ ეპიზოდში ისეთი სოლო-რეიდი განახორციელა, ნებისმიერ მაღალი დონის ფეხბურთელს რომ შეშურდებოდა.

22 წლის შემტევ ნახევარმცველს ასეთი აქტიური თამაში იმითაც დაუფასდა, რომ სწორედ მისი ჩამოწოდებული კუთხურის მერე გავიდა სტუმართა კარში გადამწყვეტი გოლი!

დინამიკური ეპიზოდი სხვაც მრავლად იყო ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ ამ "ქართულ კლასიკოში": როინ კვასხვაძემ იშვიათი რეაქციის წყალობით ურთულესი ბურთი რომ აუღო ბექა მიქელთაძეს თუ საპირისპირო კართან სერგეი ლიტოვჩენკომ რომ შეძლო თორნიკე კაპანაძის მძლავრი თავური დარტყმის მოგერიება...

მოკლედ, ლიდერების (და მიმდინარე სეზონის გამოკვეთილი ფავორიტების) მატჩმა მოლოდინი ნაღდად გაამართლა და საბოლოო შედეგიც ისეთი იყო, საკამათო არავისთვის რომ არ უნდა ყოფილიყო; ანუ ისე, როგორც პირველ წრეში გაიმარჯვა "დინამომ" დამსახურებულად, ასეთივე დამსახურებულად უნდა მივიჩნიოთ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის წარმატებული ასპარეზობა მეორე წრეში.

თუმცა "დინამოს" გულშემატკივრებს საფიქრალი, ალბათ, უკვე ახლავე უნდა ჰქონდეთ: როგორი საქმეა საბა ლობჟანიძისა და გიორგი პაპუნაშვილის სრულფასოვანი შემცვლელების მოძებნა?!. მოგეხსენებათ, რომ ორივე ეს ფეხბურთელი კარიერას უცხოეთში გააგრძელებს და ჩვენც, ისღა დაგვრჩენია, ლობჟანიძესა და პაპუნაშვილს წარმატებები ვუსურვოთ, ისევე, როგორც "ტორპედოს" - ევროტურნირებზე...

კიდევ ერთი შემოტრიალება
მიმდინარე სეზონში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როცა წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ესა თუ ის გუნდი შესვენების შემდეგ თამაშს იგებდა! მეორე წრის ბოლო ტურში კი სულაც 2 ასეთი შემთხვევა მოხდა და თბილისის "დინამოს" მსგავსად, "საბურთალომაც" შეძლო თამაშის "შემოტრიალება".

თანაც, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის ნამდვილად არ იქნებოდა იოლი საქმე, წინა ტურში დიდი ანგარიშით (0:5) წაგების მერე მაქსიმალური კონცენტრაციით ჩაეტარებინა მეორე წრის ბოლო მატჩი; მით უფრო, რომ ისედაც სარეკორდო რაოდენობის ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნაში, "საბურთალოს" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ელვინ ტერა "შუქურასთან" მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში მოედნიდან გააძევეს.

არადა, ამ დროისათვის "შუქურა" უკვე 1:0-ს იგებდა (ქობულეთელთა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა ლევან კუტალიამ მე-6 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში). თუმცა კაცნაკლული "საბურთალო" არ გატყდა და ერთმანეთზე უკეთესი გატანილი 2 გოლით მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა: 19 წლის ვლადიმერ მამუჩაშვილის ზუსტი თავური დარტყმაც ეფექტური იყო და 20 წლის გიორგი ხარაიშვილის ოსტატურად შესრულებული "სტანდარტულიც"!

ლოკომოტივმაც მხარი აუბა...
მეორე წრეს "ლოკომოტივს" აქტივში ნამდვილად ვერ ჩავუთვლით, თუმცა გიორგი დევდარიანის გუნდი ბოლო ტურში ისე გამოიყურებოდა, როგორც - სეზონის დასაწყისში. აი, მაშინ, როცა "ლოკომოტივის" თამაშის ცქერაც სიამოვნება იყო და როცა ეს გუნდი ერთიმეორის მიყოლებით ამარცხებდა აუტსაიდერებსა თუ ფავორიტებს.

...პირველ წრეში "ლოკომოტივმა" ძალიან მტკივნეული მარცხი აგემა "ჩიხურას" (5:0), ახლა კი, გასვლით მატჩში კვლავაც დიდი ანგარიშით (3:0) მოუგო ამ სეზონამდე თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ კვლავაც გამოიჩინა თავი ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ, რომელმაც უკვე მეშვიდე(!) დუბლი შეასრულა მიმდინარე სეზონში.

ორივე შემთხვევაში აშკარად ჩავარდა მასპინძელთა მარცხენა ფლანგი, თუმცა ამით სულაც არ გვინდა, ირაკლი სიხარულიძის გოლის ალღოს ჩრდილი მივაყენოთ; ისე, როგორც მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენის, ვატო არველაძის მორიგ ჩინებულ მატჩს - 19 წლის ნიჭიერმა შემტევმა ორივე შემთხვევაში ჩინებული ასისტენტობა გაუწია სიხარულიძეს.

ამ მატჩს კი წერტილი დაუსვა გიორგი რეხვიაშვილმა, ზუსტი თავური დარტყმით რომ გაუტანა გოლი თავის ყოფილ გუნდს...

ჩემპიონი არ ნებდება!
მშვენიერი განწყობით ხვდება მოახლოებულ ევროტურნირებს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია": გია ცეცაძის გუნდმა ამ ტურის კიდევ ერთ სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში აჯობა "დილას". აღსანიშნავია, რომ მასპინძლები ორჯერ აგებდნენ (საქართველოს ჩემპიონატში პირველი დუბლი შეასრულა გორელთა გუნდის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟეან დერეტიმ).

თუმცა მაინც შეძლეს უმნიშვნელოვანესი 3 ქულის აღება. გამარჯვების მომტანი გოლი კი "სამტრედიის" ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ მაშინ გაიტანა, როცა მატჩის დასრულებამდე 3 წუთიღა რჩებოდა.

ამ მომენტისთვის სტუმრები კაცნაკლულნი იყვნენ და, ჩვენი აზრით, სწორედ ამ ფაქტმაც იქონია გარკვეული გავლენა შეხვედრის შედეგზე, მით უფრო, რომ გადამწყვეტ გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე გიორგი პაპავას ("დილა") გაძევება, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილებად მიგვაჩნდა ტელერეპორტაჟის ცქერის დროსაც და ახლაც...

ნავსზე მეტია
ამ ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ აშკარად დანავსული გამოდგა ბათუმის "დინამოსათვის" საშინაო მატჩების... მშობლიურ ქალაქში ჩატარება; აჭარული გუნდის გულშემატკივართა სამწუხაროდ, სიტუაცია არც ამჯერად შეიცვალა: ბათუმის "დინამომ" ვერც ამჯერად შეძლო მოგება და, საერთოდაც, მეორე წრე ძალიან სუსტად ჩაატარა; არადა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ "დინამოს" სულ მალე ევროპალიგაზე უწევს გამოსვლა.

...5 საშინაო მატჩი ბათუმის სარაგბო სტადიონზე, 1 ფრე და 4 წაგება - აი, ასეთია "დინამოს" "მონაგარი" მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ. სწორედ ამის გამოა პლეი აუტის ზონაში.

იქვე იმყოფება "კოლხეთიც", თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ გელა სანაიას გუნდი უკვე 4 ტურია, რაც გასვლით მატჩებს აღარ აგებს! სამაგიეროდ, სხვა "მიმართულებით" აქვს პრობლემა ფოთელთა გუნდს: "კოლხეთის" ფეხბურთელები, ფაქტობრივად, ყოველ ტურში იღებენ "საჭირო" თუ "არასაჭირო" წითელ ბარათებს და ახლა სულაც ორი მოთამაშე გააძევეს მოედნიდან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩიკვაიძე უსუსტესია ჩიხურაში,ისევე როგორც გელაშვილი!
burnuta
14:38 23-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული