"ლელომ" ტატანაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა...
- "ასიანთა კლუბის" წევრობა საპატიო ამბავია. გილოცავთ!
- არასდროს დამითვლია, რამდენი გოლი გავიტანე და, სიმართლე გითხრათ, "ასიანთა კლუბში" მოხვედრასთან ასე ახლოს რომ ვიყავი, არც ვიცოდი. მაგრამ
- ის თუ გახსოვთ, უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი ვის გაუტანეთ?
- პირველი გოლი? (იცინის) თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მაშინ თბილისის "სპარტაკში" ვთამაშობდი. ვასიკო ჭეიშვილი ავარჯიშებდა გუნდს...
- სხვათა შორის, ძალიან პერსპექტიული და საინტერესო გუნდი იყო...
- კარგი მწვრთნელი და ბევრი კარგი ფეხბურთელიც გვყავდა - გიგა ჟვანია, თენგო ჩიკვილაძე, კახა ალადაშვილი, დათო ბოლქვაძე, გრიგოლ დოლიძე... ნიჭიერი თავდამსხმელი იყო ლანჩხუთელი კოტრიკაძე. პატარა ბიჭები ვიყავით. გამოცდილება კი გვაკლდა, მაგრამ ბევრი კარგი და დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ, ლიდერებს არაფერს ვუთმობდით...
- ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი რომელი იყო?
- სამწუხაროდ, ჩემპიონატში ისეთი მნიშვნელოვანი გოლი არ გამიტანია, გუნდისთვის, ვთქვათ, პირველი ადგილი რომ მოეტანოს. ასეთი გოლი 2006 წელს, თასის ფინალში შევაგდე და ამ გოლით "ამერმა" "ზესტაფონს" 1:0 მოუგო. 2013 წლის ამბავიც კარგად მახსენდება - მაშინ "ჩიხურაში" ვიყავი და სუპერთასზე თბილისის "დინამო" 1:0 დავამარცხეთ. ეს გოლიც მე გავიტანე.
- ევროთასებზე რომელ გოლს გაიხსენებდით?
- თუ არ მეშლება, ევროტურნირებზე 10 გოლი მაქვს გატანილი. პირველად, "ამერში" თამაშის პერიოდში პოლონურ "ბელხატოვს" გავუტანე. გასვლაზე 0:2-ის შემდეგ თბილისურ შეხვედრაში მეტოქე 2:0 დავამარცხეთ, მაგრამ პენალტების სერიაში მაინც წავაგეთ. შარშან, გასვლაზე, "ზიმბრუსთანაც" კარგი გოლი გავიტანე...
- "ალტახთან" შეხვედრაზე რას იტყვით?
- მესმის, რთული მეტოქეა, მაგრამ "ჩიხურა" ევროპალიგის ახალბედა მონაწილე არ არის, გამოცდილება გვაქვს და ვემზადებით იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
- ეს ძალიან რთული იქნება. მოგების შანსი აქვს "ჩიხურას"?
- ავსტრიის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი სუსტი გუნდი არ იქნება. სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ უიმედოდ ნამდვილად არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიული საკლუბო ფეხბურთი და იქაური ბუნდესლიგა ჩვენსაზე მაღალი დონისაა. ცოტა გამართლებაცაა საჭირო, სწორად უნდა ვეთამაშოთ და შანსი აუცილებლად გვექნება.
- "ჩიხურა" ჩემპიონატში არასტაბილურად თამაშობს. ვიცე-ჩემპიონები ხართ და ჯერ მხოლოდ მე-5 ადგილზე იმყოფებით. ამის გათვალისწინებით, სამეულში მოხვედრას რეალურად მიიჩნევთ?
- ბევრი ტრავმირებული გვყავს, ჩემპიონატი კი ახალი ფორმატით ტარდება და მასთან შეგუება დაგვჭირდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მდგომარეობის გამოსწორებას მოვახერხებთ, რადგან შემადგენლობაც გვიწყობს ხელს, შეთამაშებულებიც ვართ და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე კლასიც საკმარისად გვაქვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"