ეროვნული ლიგა 2: ვიდრე სტადიონიდან გამოაძევებდნენ...

AutoSharing Option
რანგით უმაღლესის მსგავსად, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების III წრეც 21 ივლისს განახლდება. მანამდე კი ამ ლიგაში მოასპარეზე გუნდები მზადებას განაგრძობენ და საკონტროლო მატჩებსაც ატარებენ.

სწორედ ასეთი სპარინგმატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც ერთმანეთს "რუსთავი" და "ცხინვალი" დაუპირისპირდნენ...

ამ გუნდებს ეროვნულ ლიგა 2-ში განსხვავებული მიზნები აქვთ: "რუსთავი" ეროვნულ ლიგაში აღზევებისათვის იბრძვის და ამის დასტურად ის გამოდგება, რომ ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი 13-მატჩიანი წაუგებელი სერიით (11 მოგება, 2 ფრე) ხვდება მესამე წრეს!

ამ სატრანსფერო პერიოდში "რუსთავში" გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდა: გიორგი ნარიმანიძე კარიერის
გასაგრძელებლად ავსტრიაში გაემგზავრა, გიორგი ჩიკვაიძე "შევარდენში" ითამაშებს, ლევან თაბუკაშვილი - "გარდაბანში", ხოლო ორ გამოცდილ ფეხბურთელს, გოჩა ხოჯავასა და ბესიკ ჩიმაკაძეს მესამე წრიდან "ზუგდიდში" ვიხილავთ.

რაც შეეხება მატებას, "რუსთავში", ჯერჯერობით, 2 ახალწვეულია: 20 წლის მარჯვენა მცველი თორნიკე კირკიტაძე "სიონიდან" გადმოვიდა, 22 წლის მარცხენა მცველი გიგა სამხარაძე კი - "გაგრადან".

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "ცხინვალთან" მატჩი "რუსთავისათვის" პირველი საკონტროლო შეხვედრა იყო ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში და სხვადასხვა მიზეზის გამო მასპინძლებს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელიც აკლდათ: დათა სიჭინავა, მირზა მერლანი, ზვიად მეტრეველი, გიორგი კილასონია, ზაზა ციცქიშვილი.

მეტოქისაგან განსხვავებით, "ცხინვალს" ბევრად უფრო მოკრძალებული მიზანი აქვს მიმდინარე სეზონში - ლიგაში ადგილის შენარჩუნება! ორი წრის შემდეგ "ცხინვალი" VII ადგილზეა, თუმცა დიდი პოტენციალი რომ გააჩნია, ისიც მოწმობს, მალხაზ ლაცაბიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ლიდერების, "სიონისა" და "გაგრას" დამარცხება რომ მოახერხა!

მესამე წრეს "ცხინვალიც" გარკვეული ცვლილებებით ხვდება: გუნდიდან წავიდნენ ვლადიმირ მელნიჩენკო, ლაშა გვალია, გივი იოსელიანი, კაზიმ ოლუვა, დმიტრო სულა. უმთავრესი დანაკლისი კი, რაღა თქმა უნდა, 21 წლის შემტევი ნახევარმცველის, ლაშა ქოჩლაძის წასვლაა - ეს ნიჭიერი შემტევი თბილისის "დინამოსთან" ერთად იმყოფება სლოვენიურ შეკრებაზე. სამაგიეროდ, გუნდში დარჩა "ცხინვალის" კიდევ ერთი ლიდერი, 21 წლის თამაზ მაქაცარია, რომლის ზუსტი პასის მერეც "რუსთავთან" საკონტროლო მატჩში 18 წლის ლევან ბარაბაძემ ამ სპარინგის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს ყველაფერი მეორე ტაიმში მოხდა, შესვენებამდე კი "ცხინვალმა" თითქმის იდენტური გოლი გაიტანა: 19 წლის ნიჭიერი მარჯვენა გარემარბის, ლაშა ლეჟავას ზუსტი პასის მერე 17 წლის ცენტრფორვარდი გიორგი მუზაშვილი პირისპირ დარჩა მასპინძელთა გამოცდილ მეკარესთან, მიხეილ ალავიძესთან და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მასპინძლებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი კი ჰქონდათ, მაგრამ ერთ-ორ ეპიზოდში დამაჯერებელი გახლდათ "ცხინვალის" პოტენციური ახალწვეული, 22 წლის უკრაინელი მეკარე ვადიმ პროკოპენკო, ერთ ეპიზოდში კი "რუსთავის" ახალგაზრდა ფორვარდის, ბაჩო გოცაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

პროკოპენკოს გარდა, "ცხინვალში" სხვა ახალწვეულებიც არიან: გიორგი ჭანუყვაძე ("შუქურადან"), არჩილ მესხი ("საპოვნელადან") და რაც მთავარია, ნიკა მაისურაძე, რომელიც თავის დროზე ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ და აი, ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა "ცხინვალში"...

ამ სპარინგმატჩში გუნდებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

რუსთავი-ცხინვალი 0:2
გოლები: 0:1 მუზაშვილი (19), 0:2 ბარაბაძე (73)
რუსთავი: ალავიძე (ლომინეიშვილი) - მინდორაშვილი (გ. გოცაძე), ბრაჭული, აფაქიძე (სამადაშვილი), სამხარაძე (კილაძე) - ვასაძე, გუჯაბიძე (ქათამაძე) - გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (ციცვიძე), გოგინაშვილი (ბ. გოცაძე) - ლობჯანიძე
ცხინვალი: პროკოპენკო (ქუთათელაძე) - თათხაშვილი (ცერცვაძე), კასრელიშვილი (აბაკელია), ყურშავიშვილი, ლაცაბიძე - სულთანიშვილი (ქრისტესიაშვილი), ბეგოიძე (კენჭაძე) - ლეჟავა (ბარაბაძე), ჭანუყვაძე, მაისურაძე (წივწივაძე) - მუზაშვილი (მაქაცარია)

მომდევნო სპარინგს "რუსთავი" 13 ივლისს, "გარდაბანთან" ჩაატარებს, "ცხინვალი" კი 15 ივლისს "სიონს" გაეჯიბრება.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა "რუსთავი" მომდევნო საკონტროლო მატჩის ჩატარებას... თავის ქალაქში! ეგ კი არა, ისიც არ არის ჯერ გარკვეული, საერთოდ შეუშვებენ თუ არა ეროვნულ ლიგაში აღზევებისათვის მებრძოლ გუნდს დღეიდან სავარჯიშოდ "ფოლადის" სტადიონზე!!!

ისიც უცნობია, თუ სად მოუწევს საშინაო თამაშების ჩატარება "რუსთავს" სეზონის ბოლომდე - ქალაქ რუსთავის მერიასა და რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს შორის მოლაპარაკებები აქტიურად კი მიმდინარეობს, მაგრამ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული