კოლხეთი-ჩიხურა 0:2 - საჩხერული ოცნება

AutoSharing Option
მატჩის დაწყებამდე გუნდის კაპიტნებმა საქართველოს ჰიმნის ფონზე ალამი აღმართეს და ახალი ჩემპიონატის დაწყება აუწყეს "ფაზისზე" შეკრებილ არცთუ მცირერიცხოვან ქომაგს.

შეხვედრა თვალსასეირო სანახავი გამოდგა. უკვე დასაწყისშივე შეეძლოთ ფოთელებს ანგარიშის გახსნა - საჯარიმოს შესრულების შემდეგ სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად ახლო მანძილიდან პავლე დათუნაიშვილი არტყამდა, მაგრამ ჩინებულად გაისარჯა საჩხერელთა ახაწვეული გიორგი სომხიშვილი - მეკარემ თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

მალევე დავით კირკიტაძის დარტყმის შემდეგ უკვე "კოლხეთი" გადაარჩინა ხარიხამ.

ამის შემდეგაც იმერლების ჯერი იყო - პირველ შემთხვევაში ისევ კირკიტაძე გადიოდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ არდალიონ
მიქაბერიძემ
დაასწრო, მე-11 წუთზე კი ანგარიში გაიხსნა: ნიკა კვასხვაძის ფლანგური ჩაწოდება ედიკ საჯაიამ გოლად ჩინებული თავური დარტყმით აქცია, 1:0.

23-ე და 25-ე წუთებზე გაყაიმების შანსი მასპინძელთა რიგებში აქტიურ ლაშა ქებაძეს ორჯერ ჰქონდა, თუმცა ვერც ერთი გამოიყენა. მეორე შემთვევაში აღსანიშნავია სტუმართა მეკარის მორიგი კარგი თამაში.

კიდევ ორი შანსი კოლხებს ტაიმის ბოლოსკენ მიეცა - პავლე დათუნაიშვილის მოწოდებულ კუთხურზე თავისიანები უკეთ რომ გამოხმაურებოდნენ, სტუმრებს, ალბათ, ვერც მეკარე იხსნიდა, ხოლო ბოლო წუთზე თემურ ფარულავას შესრულებული ჯარიმა ხარიხის გავლით ასცდა "ჩიხურას" კარს.

თამაშის განახლების შემდეგ ჩინებული შანსი ჰქონდა კვასხვაძეს, რომელიც მეკარეს პირისპირ შეეყარა, მიქაბერიძეს თავზეც გადაუგდო, მაგრამ ორთაბრძოლაში დაეცა, ბურთმა კი კარამდე ვერ მიაღწია.

იქვე რეალური ხიფათი მასპინძლებმაც შექმნეს, მაგრამ ვერ დააგვირგვინეს.

58-ე წუთზე კი "ჩიხურამ" მეორეც გაიტანა - ვერცხლისწყალივით მოძრავმა დავით კირკიტაძემ საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი და თავისიანებისკენ ჩინებული გადაცემა გააკეთა, რეზო გოცირიძემ მახვილგონივრულად გაატარა ბურთი, რაც თითქოს კარგად იკითხებოდა, მაგრამ კოლხი მცველები უხეშად შეცდნენ და შედეგად მეკარესთან პირისპირ გასულმა კვასხვაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა, 2:0.

ამან მასპინძლები მოშალა - ჯერ გოცირიძეს შეეძლო გატანა, მაგრამ მისი ახლო მანძილიდან დარტყმული მიქაბერიძემ უკუაგდო, ხოლო შემდეგ კირკიტაძე და მასავით აქტიური ფლანგელი ბესიკ დეკანოიძე სამჯერ გავიდნენ მეკარესთან პირისპირ - პირველად მცველებმა განმუხტეს, ორ შემთხვევაში კი "კოლხეთი" მეკარემ გადაარჩინა.

შემდეგ მოედანზე წამების შესული თორნიკე მუმლაძის ჯერი დადგა - პირველ შემთხვევაში მეტოქის პასი ვერ გამოიყენა და უხეიროდ დაარტყა, მეორედ კი მიქაბერიძეს შეხვედრაში მორიგი პირისპირ გასვლა განამუხტინა.

ბოლოსკენ შანსი კოლხებსაც მიეცათ, "ჩიხურა" მეკარემ 2-ჯერ გადაარჩინა, განსაკუთრებით გამორჩეული მშობლიურ კლუბში მრავალწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებული გიორგი კრასოვსკის თავური გახლდათ - სომხიშვილმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა და მასპინძლებს ბოლო შანსიც მოუსპო.

მატჩის შემდეგ
სოსო ფრუძე ("ჩიხურა"):
"დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი წარმატების მიზეზი იყო გამართლება, ფლანგების სისწრაფე და ისიც, რომ უფრო გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს.

"კოლხეთი" კარგი გუნდია და ამიტომაც გამოვიდა საინტერესო და დაძაბული თამაში.

პირველი მოგების ემოციები ხვალ აღარ გვექნება, წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ უფრო დავხვეწოთ თამაში, რადგან ფეხბურთს მხოლოდ გვარები არ თამაშობენ".


დავით მახარაძე ("კოლხეთი"):
"სრულად ვეთანხმები კოლეგას, პლუს დავამატებ გიორგი სომხიშვილის ჩინებულ თამაშს.

აქვე ვიტყვი, რომ "ჩიხურამ" დამსახურებულად მოიგო, თუმცა ჩვენსკენ რომ ყოფილიყო იღბალი, შესაძლებელი იყო, მატჩი სხვა შედეგით დასრულებულიყო.

პირველივე წუთებზე ვერ გამოვიყენეთ ჩინებული შანსი, დაცვაში მიუტევებელი შეცდომები დავუშვით და შედეგიც სახეზეა. ვეცდებით, ხარვეზები გამოვასწოროთ".


10.08.2012. ფოთი. ფაზისი. 2500 მაყურებელი
კოლხეთი-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 საჯაია (11. ნ. კვასხვაძის პასით), 0:2 ნ. კვასხვაძე (58. კირკიტაძის პასით)

კოლხეთი ჩიხურა
4-2-3-1 4-2-3-1
ა. მიქაბერიძე სომხიშვილი
მეგრელიშვილი ოდიკაძე
ცხვიტარია ლ. ჭელიძე
ფარულავა საჯაია
გაბუნია ქიმაძე
კრასოვსკი ლომაშვილი
გოგონაია დიღმელაშვილი
პ. დათუნაიშვილი კირკიტაძე
ქებაძე ნ. კვასხვაძე
პავლიაშვილი დეკანოიძე
კვანტალიანი გოცირიძე
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე ს. ფრუიძე

კოლხეთი
46. მეგრელიშვილი-გ. კილასონია
54. კვანტალიანი-ჩალაძე
57. გოგონაია-ცხადაია
სათადარიგოები: ხარშილაძე, ზ. ჩხეტიანი, კობერიძე, წაბრია

ჩიხურა
35. ოდიკაძე-ბაკურაძე
78. ლომაშვილი-მუმლაძე
79. გოცირიძე-ძამსაშვილი
სათადარიგოები: მწყერაშვილი, გუშარაშვილი, ნ. მაისურაძე, შარაშენიძე

გაფრთხილება: მეგრელიშვილი (24), ბაკურაძე (74)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული