დინამო-ტორპედო 3:2 - არავინ დაინდოთ!

AutoSharing Option
უჩვეულოდ დრამატული და ნერვული გამოდგა ძველი მეტოქეების დაპირისპირება, - ცოტაც და, სკანდალური დასასრული რომ შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

თუმცა კონკრეტულ შეხვედრაში მსაჯი რომ ყვითელ ბარათს ჯიბიდან თერთმეტჯერ (!) ამოიღებს და ოთხ (!!) ფეხბურთელს გააძევებს, ამაზე მეტი სკანდალი რა უნდა მოხდეს!!!

ზღვარი და წნეხი
გადაჭრით იმის თქმა, რომ ზედმეტად მეტი სიმკაცრით არბიტრმა თამაში "გააფუჭა", მართლაც ძნელია; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოთარ ხეცაძე ფეხბურთელებს არაფერს პატიობდა: მეტოქის შეტევის განზრახ ჩაშლისათვის, აშკარა სიმულაციისათვის, ბევრად უფრო აშკარა უხეშობისა თუ... გულშემატკივართა გინებისათვის.

ერთი შეხედვით, ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებდა.
თუმცა, ისიც სათქმელია, რომ, როცა ასეთი პრინციპული მატჩია, არბიტრს გარკვეული "დიპლომატიაც" მოეთხოვება და წესების ნებისმიერ დარღვევას, ალბათ, წითელ-ყვითელი ბარათების გამუდმებული ფრიალით არ უნდა "პასუხობდეს".

საერთოდაც, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჩვენს არბიტრებს, თითქოსდა, დირექტივ-ბრძანებასავით ჰქონდეთ მიღებული: არავინ დაინდოთ, არავის არაფერი აპატიოთ და წითელ-ყვითელი ბარათებიც, რაც შეიძლება, უხვად დაარიგეთო!

პირველ ტურშიც ასე იყო და მეორე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებაში, ალბათ, საერთაშორისო მასშტაბის რეკორდს შევწვდით...

ვიდრე "დინამო"-"ტორპედოს" მართლაც თვალსასეირო დაპირისპირებაზე დაწვრილებით მოგითხრობდეთ, ერთ არცთუ სასიამოვნო ფაქტზე გვინდა ყურადღების გამახვილება.

რა თქმა უნდა, დასაფასებელია იმ ქომაგთა ერთგულება, მშობლიურ გუნდს სტუმრად (თანაც, უპრინციპულეს მეტოქესთან) მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანად რომ ამხნევებს; მაგრამ ამ ქომაგობაშიც რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს: სტუმრად რომ ჩადიხარ და მასპინძლებს (კლუბის ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებს) მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებ, ამ ყველაფერს სითამამე კი არა, მართლაც ზღვარგადასული თავხედობა ჰქვია.

აღარაფერს ვამბობთ სკამების მტვრევაზე, მატჩის ბოლო წამებზე "ტორპედოს" ქომაგთა და "დინამოს" ახალგაზრდა მეკარის, თორნიკე ზარქუას შორის სიტყვიერ შელაპარაკებას (რა რბილად ნათქვამია?!) რომ მოჰყვა.

რა თქმა უნდა, ძნელია ნერვები მოთოკო, როცა საკუთარ სტადიონზე სტუმართა გუნდის ფანებისგან გინების კორიანტელს ისმენ, მაგრამ 21 წლის ზარქუას საქციელს გამართლება არა აქვს - ახალგაზრდა მეკარემ ამ წნეხს ვერ გაუძლო და სწორედ გულშემატკივართა გინებისათვის გააძევეს კიდეც.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ დროისათვის "დინამო" 9 კაცით (!) თამაშობდა და სამივე შეცვლაც განხორციელებული იყო...

ორმხრივი დიპლომატია
...მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, როგორც სჩვევია, არბიტრების ქმედებაზე კომენტარი არ გააკეთა; უფრო ზუსტად, იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი უწყებები სამართლიან შეფასებას მისცემდნენ.

აი, რაც შეეხება მის კოლეგას, დუშან უჰრინმა გვითხრა, რომ ჯერჯერობით აქაური წესები არ ვიცი და ამიტომ თავს შევიკავებო.

ეგ კი არა, ისიც დაამატა, რომ თურმე ჩეხეთში მწვრთნელი რომ მსაჯს გააკრიტიკებს, 2000 ევროთი ჯარიმდება!..

Sportall.Geწარსულში დაბრუნება და გამორჩეული პერსონები
...შაბათის მატჩმა წარსულში დაგვაბრუნა და 1999-2003 წლები გაგვახსენა. როცა საქართველოს ჩემპიონის ბედი სწორედ "დინამო"-"ტორპედოს" პაექრობებში ირკვეოდა.

ჰო, მართლაც დაუვიწყარი მატჩები იყო იმ ხუთი სეზონის განმავლობაში და არანაკლებ დასამახსოვრებელი ვიხილეთ ახლაც. თანაც, ვერავინ იტყვის, მასპინძლებმა დაუმსახურებლად მოიგესო, თუმცა საკუთარი აზრია და მიგვაჩნია, რომ არც "ტორპედო" იმსახურებდა მარცხს.

ეგ კი არა, შეხვედრის ბოლო წუთებზე სტუმრებმა იმდენი მომენტი შექმნეს, ქუთაისში სამი ქულით ხელდამშვენებული ჩასვლაც შეეძლოთ, მაგრამ გამოუცდელობის (და, ალბათ, ნერვული ფონის) გამო ვერცერთი გამოიყენეს...

...ორივე მწვრთნელმა იდენტური ტაქტიკური განლაგება (4-4-2) აირჩია და წინა ტურთან შედარებით ორივე გუნდის ძირითადში მინიმალური ცვლილებები იყო; ასე, მაგალითად, თუ "დინამომ" ძირითადი მეკარე და გუნდის კაპიტანი გიორგი ლორია მოისაკლისა (ავადმყოფობის გამო), სტუმართა შორის გრიგოლ დოლიძის ნაცვლად ნიკა ფირცხალავა გამოჩნდა.

აქვე გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ სტუმართა შორის გამორჩეული იყვნენ 22 წლის ელგუჯა გრიგალაშვილი და 21 წლის ნიკა საბანაძე. ამ ახალგაზრდა ფორვარდმა 90 წუთის განმავლობაში მასპინძელთა მცველებს უამრავი თავსატეხი გაუჩინა.

შაბათის მატჩს სხვა გამორჩეული პერსონებიც ჰყავდა და ეს, უპირველესად, "დინამოს" ესპანელ ლეგიონერებს ეხება: ჩისკომ და კოტომ მართლაც შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარეს, ალვარომ კი იშვიათი სილამაზისა და, რაც მთავარია, გადამწყვეტი მნიშვნელობის გოლი გაიტანა!

გარდამავალი ზეიმი
...მატჩის დაწყებიდან 10 წამიც (!) არ იქნებოდა გასული, მასპინძლებს გოლის გატანის შანსი რომ მიეცათ: ჩისკომ და კოტომ ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, თუმცა ბურთი სტუმართა კარის ბადეს გარედან მოხვდა.

ამას მცირეოდენი "დამშვიდება" მოჰყვა და მერე კი დროის სულ მოკლე პერიოდში ერთდროულად 3 გოლიც ვიხილეთ!

ჯერ იყო ალექსანდრე კვახაძის შორეული საჯარიმო დარტყმა, ბურთი ერთ-ერთ დინამოელს რომ მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ზარქუასგან დაუცველ კარში აღმოჩნდა!

სტუმართა ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა: მთელი მატჩის განმავლობაში უაღრესად აქტიური კოტოს მორიგი გარღვევა საკუთარ საჯარიმოში "ტორპედოს" მცველების წესების დარღვევით დამთავრდა. პენალტი კი ჩისკომ ზუსტად შეასრულა და ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ საპასუხო შეტევაში ნიკა საბანაძემ გაიბრწყინა, მარცხენა ფლანგზე მეტოქეებს თავგზა აუბნია და მისი გამჭოლი გადაცემის შემდეგ ელგუჯა გრიგალაშვილმა ახლო მანძილიდან "ტორპედო" კვლავ წინ გაიყვანა.

აი, ამის მერე იყო ის, ცოტა არ იყოს, საკამათო ეპიზოდი, როცა ნიკა ფირცხალავამ ორწუთიან მონაკვეთში ორჯერ "დაიმსახურა" ყვითელი ბარათი და სტუმრებიც რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. თუმცა "ტორპედოს" არც უცდია დაცვაში "ჩაჯდომა" და მწვავე კონტრშეტევებსაც ახორციელებდა: ერთ ეპიზოდში საბანაძემ ეფექტურად და მოულოდნელად დაარტყა 25 მეტრიდან, მაგრამ ბურთი დინამოელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ტაიმის ბოლომდე "დინამოს" ორი კარგი მომენტი ჰქონდა: ჯერ ჩისკომ ვერ ისარგებლა ზაზა ჭელიძის შეცდომით, შემდეგ კი ომარ მიგინეიშვილმა გაიბრწყინა, როცა კოტოს დარტყმა მოიგერია.

Sportall.Geთუმცა მასპინძლებმა მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება: გიორგი მერებაშვილმა მართლაც ჩინებული პასით ჩისკო გაიყვანა დასარტყამ პოზიციაზე და 31 წლის გამოცდილმა ესპანელმაც მახვილი კუთხიდან მიგინეიშვილს შანსი არ დაუტოვა.

მეორე ტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო, დინამოელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა "ტორპედო" თავს უნარიანად იცავდა და კვლავაც მწვავე კონტრიერიშებით პასუხობდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში კვლავაც ჩინებულად ითამაშა ნიკა საბანაძემ, "მოჭრილი" დარტყმით მეკარისაგან შორეულ, დაუცველ კუთხეს რომ უმიზნებდა.

ამასობაში დუშან უჰრინმა შეტევის გასაძლიერებლად შეცვლები გააკეთა და დინამოელები, ფაქტობრივად, ოთხი შემტევით აგრძელებდნენ მეტოქეზე ზეწოლას. მომენტებმაც იმატა: ლევან ხმალაძის ეფექტური თავური დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია არანაკლებ ჩინებული ნახტომით. სტუმართა მეკარემ მერე უკვე ჩისკოს არ დაანება გოლის გატანა, მაგრამ აი, ალვაროს დარტყმას კი წინ ვეღარ აღუდგა.

თანაც, დარტყმასაც ხომ გააჩნია: 29 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა წინა სეზონშიც არაერთი ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ შაბათს რომ ვიხილეთ, ეს მაინც სხვა "კატეგორიას" მიეკუთვნებოდა - მერებაშვილი წამოწყებული შეტევა ალვარომ სუპერდარტყმით (გამორბენის გარეშე, ფეხის წვერით) გააგრძელა და ბურთი კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მიგინეიშვილის ზურგსუკან, პირდაპირ "ცხრიანში" გაგზავნა!

მატჩის დამთავრებამდე 18 წუთი რჩებოდა, პლუს რიცხობრივი უპირატესობა... მოკლედ, ყველა პირობა იყო შექმნილი, მასპინძლებს რომ უპრობლემოდ მიეყვანათ საქმე გამარჯვებამდე. თუმცა მალე გიორგი რეხვიაშვილმა სიმულაციისათვის მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და სტუმრებსაც მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ.

ზაზა ჭელიძესაც შეეძლო გოლის გატანა, ნიკა საბანაძესაც და გიორგი დათუნაიშვილსაც, მაგრამ უშედეგოდ.

უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთები იყო, ვალერი ბოლქვაძის ჩინებული პასის შემდეგ ბექა ტუღუშმა რთული მდგომარეობიდან მიზანს მცირედით რომ ააცილა; სულ ბოლოს კი გაძევებული ზარქუას ნაცვლად "დინამოს"კარში... ლევან ხმალაძე რომ ჩადგა და მეკარის ხელთათმანები მოირგო, სტუმრებმა ვერცერთხელ შეძლეს "ახალი მეკარის" შეწუხება: ბოლქვაძის "სტანდარტულიც" კარს ასცდა და საბანაძის თავურიც...

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. II ტური
18. 08. თბილისი, დინამო-არენა. 1500 მაყურებელი
დინამო-ტორპედო 3:2
0:1 კვახაძე (8), 1:1 ჩისკო (11, პენალტით), 12 გრიგალაშვილი (12, საბანაძის პასით), 2:2 ჩისკო (42, მერებაშვილის პასით), 3:2 ალვარო (73, მერებაშვილის პასით)

დინამო (4-4-2) ტორპედო (4-4-2)
ზარქუა მიგინეიშვილი
სეთურიძე რიგვავა
გ. კვარაცხელია კვახაძე
ხიზანეიშვილი ზ. ჭელიძე
რეხვიაშვილი გ. გურული
კოტო ფირცხალავა
ხმალაძე გიგაური
ძარია გ. დათუნაიშვილი
მერებაშვილი ე. გრიგალაშვილი
ჩისკო ბერიაშვილი
ვოსკობოინიკოვი საბანაძე

მწვრთნელები:
დ. უჰრინი გ. გეგუჩაძე

დინამო
59. ვოსკობოინიკოვი - რობერტინიო
67. ძარია - ალვარო
87. მერებაშვილი - გლიშიჩი
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტვილდიანი, ჯიღაური, იაგუე

ტორპედო
56. ბერიაშვილი - კუხიანიძე
66. გრიგალაშვილი - ვ. ბოლქვაძე
78. გიგაური - ტუღუში
სათადარიგოები: ქვილითაია, დოლიძე, ტაბატაძე, ფანცულაია

გაფრთხილება:
გურული (9), ფირცხალავა (18), ფირცხალავა (19), კვახაძე (20), რეხვიაშვილი (29), ხმალაძე (52), გრიგალაშვილი (64), გიგაური (74), რეხვიაშვილი (76), მიგინეიშვილი (83), ზარქუა (90).

გაძევება:
ფირცხალავა (20), რეხვიაშვილი (76), ხიზანეიშვილი (89), ზარქუა (90).

არბიტრი: ო. ხეცაძე

იხილეთ ტურის სხვა მატჩები
ზესტაფონი-მეტალურგი 0:1 - ვიცე-ჩემპიონის რევანში
დილა-ჩიხურა 2:3 - ეს ევროპა არ არის...
სიონი-კოლხეთი 0:0 - ნულოვანი, მაგრამ სანახაობრივი
ზუგდიდი-ბათუმი 2:0 - გოლი, რომელიც ნებისმიერ ჩემპიონატს დაამშვენებდა
მერანი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ისტორია მეორდება

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მინდა ვკითხო ჩვენს სანაქებო ფეგდერაციას, როდის მოახერხებთ საქართველოს ჩემპიონატის თამაშების ტრანსლიაციებს?
Tazo
12:37 20-08-2012
0
სწორედ მსაჯების დიპლომატიის,და ფედერაციის პრეზიდენტის ცალმხრივი გადაწყვეტილებების(ფეხბურთელებისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმება) ის რის გამოც ამდენს ბედავენ. ან პოლიცია თუ ქალაქში ამყარებს წესრიგს სტადიონი რა გახდა. მატჩის დაძაბულობაზე ლაპარაკი ცოტა სასაცილოა,როცა გაგონდება რეალ-ბარსას შეხვედრები,მოკლედ არ ვართ ჯერ მაღალი დონის ფეხბურთისთვის მზად,არც ფეხბურთელები და არც მაყურებლები მარტო მსაჯები ყოფილან,ყოჩაღ.
giorgi
17:05 20-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული