ტორპედო-ჩიხურა 3:1 - დერბი ქუთაისური სცენარით

AutoSharing Option
იმერული დერბი, რომელშიც ერთმანეთს მეორე-მესამე ადგილებზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ, ტურის ცენტრალურ მატჩად იყო მიჩნეული.

ამ მატჩს დამატებით ინტრიგას ისიც მატებდა, რომ რიონისპირელთა წინააღმდეგ სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ექვსი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებიც სხვადასხვა დროს "ტორპედოს" ღირსებას იცავდნენ.

კიდევ ერთი ყოფილი ტორპედოელი რევაზ გოცირიძე კი 20 ოქტომბერს "ჩიხურას" განაცხადში არ იყო. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ საჩხერელებს სოსო ფრუიძე თავკაცობს, რომელიც წლების მანძილზე ქუთაისურ გუნდს წვრთნიდა.

თამაშის დაწყებამდე გია გეგუჩაძემ დავით დიღმელაშვილს ბრინჯაოს
მედალი გადასცა, რომელიც "დიღმელამ" გასულ სეზონში "ტორპედოს" მაისურით მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი მასთან ერთად გოცირიძემაც მიიღო.

იმერულმა დერბიმ მოლოდინი სრულად გაამართლა. შეხვედრა ძალზედ დაძაბული, დინამიური და სანახაობრივი გამოდგა.

სტადიონზე მყოფმა თუ ტელეეკრანებთან მოკალათებულმა გულშემატკივრებმა არაერთი ლამაზი საფეხბურთო ეპიზოდი იხილეს, ძირითადად, მასპინძელი გუნდის შესრულებით. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ "ტორპედომ" მეტოქე აშკარად დაჯაბნა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და ქუთათურებს დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ალბათ, "ჩიხურა" დიდი ანგარიშით მარცხს ვერ გადაურჩებოდა.

გუნდებმა შეხვედრა ურთიერთდაზვერვით დაიწყეს. საწყის წუთებში ვითარების გამწვავებას ორივე გუნდი ერიდებოდა და ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა.

თანდათან მასპინძლების მცირედი უპირატესობა გამოიკვეთა. ქუთაისელები მარჯვენა ფლანგიდან მწვავედ უტევდნენ, სადაც ყველაზე აქტიური გრიგოლ დოლიძე იყო. მასპინძელთა პირველ მწვავე შეტევას სწორედ ის აგვირგვინებდა, თუმცა დავით რიგვავას ზუსტი პასის შემდეგ დოლიძის სახიფათო დარტყმა გიორგი სომხიშვილმა მოიგერია.

როგორც ჩანს, ტორპედოელებს წინასწარ ჰქონდათ დამუშავებული კომბინაცია, რომელმაც გაამართლა კიდეც: დოლიძე მარჯვენა ფლანგზე ბურთიანად თითქმის კუთხურის ალმამდე შედიოდა და იქიდან სიღრმიდან საჯარიმოსკენ დაძრული გიორგი ბერიაშვილის მისამართით გამჭოლ გადაცემას აკეთებდა.

პირველ ჯერზე ამ კომბინაციამ ბერიაშვილის უზუსტო დარტყმის გამო ნაყოფი ვერ გამოიღო, თუმცა ქუთაისელთა აქტიურმა ფორვარდმა შეცდომა მალევე გამოასწორა, დოლიძის ფლანგური პასის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი სტუმართა კარის ცხრიანში გადაგზავნა.

ეფექტურმა გოლმა მასპინძლები კიდევ უფრო გაააქტიურა. სომხიშვილის კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა. ძალიან კარგად ირჯებოდა ქუთაისელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელიც თანდათან "ტორპედოს" ლიდერად ყალიბდება.

მას ზედიზედ ორჯერ მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, მეკარეს ორივეჯერ "მუხანათურად" დაურტყა, თუმცა სომხიშვილმა თავგანწირულ ნახტომში ჯერ მისი მოჭრილი დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი თავზე ბურთის გადაგდების საშუალებაც არ მისცა.

ქუთაისელთა სახიფათო მომენტებიდან ლექსო კვახაძის "მზაკვრული" საჯარიმო დარტყმაც უნდა გავიხსენოთ, როცა ბურთი მცველს მოხვდა და სტუმართა კარს ოდნავ ასცდა. აქამდე ძირითადად მასპინძლების მომენტებზე გავამახვილეთ ყურადღება და არ იფიქროთ, რომ სტუმრები ამ ხნის განმავლობაში "უქმად" იმყოფებოდნენ.

ჯერ კიდევ მატჩის დებიუტში ნიკა კვასხვაძემ საჯარიმოს გარედან ომარ მიგინეიშვილის კარის მიმართულებით ძლიერად დაარტყა, მაგრამ ხარიხას გადააცილა. სტუმრები დროდადრო ბურთის კონტროლსაც ახერხებდნენ, უფრო ხშირად კი კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

ერთი ასეთი კონტრშეტევისას დავით კირკიტაძემ მეკარის ბაქანთან გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მიგინეიშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა, თუმცა კარის გასწვრივ მოძრავ ბურთს ვერც გაგა ჩხეტიანმა მიუსწრო და ამასობაში მცველებმა მდგომარეობა განმუხტეს.

ზემოიმერლებმა იმ დროს მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, როცა უპირატესობას "ტორპედო" ფლობდა და მათი გოლი ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. მარჯვენა ფლანგიდან დავით ოდიკაძის ჩაწოდების შემდეგ კიდევ ერთმა ყოფილმა ტორპედოელმა გაგა ჩხეტიანმა თავური დარტყმით მიგინეიშვილს შანსი არ დაუტოვა.

ამ ეპიზოდში ქუთაისელთა ცენტრალური მცველების შეცდომაზეც შეიძლება საუბარი, რომლებმაც ჩხეტიანი უმეთვალყურეოდ მიატოვეს.

გაშვებული გოლის შემდეგ "ტორპედომ" აგრესიულად შეუტია და ალბათ, კვლავაც დაწინაურდებოდა, რომ არა მატჩის არბიტრის უცნაური და სადავო გადაწყვეტილება... გიორგი კუხიანიძის პასის მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა ბერიაშვილმა სომხიშვილი ადვილად ჩამოიცილა და მთელი ტანით მასზე წინ იყო, როცა მეკარის "წყალობით" წაიქცა.

ყველა პენალტსა და სომხიშვილის გაძევებას მოელოდა, თუმცა თორნიკე გვანძელაძემ ბერიაშვილს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი აუფრიალა, რამაც ქუთაისელი გულშემატკივრების განრისხება გამოიწვია.

მატჩის მეორე ნახევარი ქუთაისელი ფორვარდის, ნიკა საბანაძის ბენეფისად იქცა. ნიკა იქამდეც აქტიური იყო და პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანაც მართებდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

საბანაძემ მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა - ზაზა ჭელიძის თავური გადაცემის შემდეგ ბურთს მცველების გარემოცვაში ფეხი დაუხვედრა და თავისიანები ისევ დააწინაურა.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული მერაბ გიგაური. ქუთათურები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. გოლების გატანა შეეძლოთ გრიგალაშვილს, ბერიაშვილსა და საბანაძეს. სომხიშვილი ქუთაისელთა შეტევებს კარგა ხანს იგერიებდა, მაგრამ ბოლოს საბანაძის ერთი შეხედვით "უწყინარ" დარტყმას ისიც ვერ გაუმკლავდა.

ნიკამ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. დარჩენილ დროში რეალური საგოლე შანსები ჰქონდათ კუხიანიძეს, დოლიძეს, საბანაძესა და ტუღუშს, თუმცა ქუთათურები რატომღაც კარში დარტყმის ნაცვლად ბურთს ზედმეტად "ათრევდნენ" და ანგარიშის გაზრდაც ვეღარ მოახერხეს.

"ტორპედომ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ამდენი გამოუყენებელი მომენტი მაინც დასაფიქრებელია.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. X ტური
20.10. ქუთაისი. ცენტრალური. 2000 მაყურებელი
ტორპედო-ჩიხურა 3:1 (იხილეთ ვიდეო)
1:0 ბერიაშვილი (20, დოლიძის პასით), 1:1 გ. ჩხეტიანი (37. ოდიკაძის პასით), 2:1 საბანაძე (56. ზ. ჭელიძის პასით), 3:1 საბანაძე (78. დოლიძის პასით)

ტორპედო ჩიხურა
442 4411
მიგინეიშვილი სომხიშვილი
რიგვავა ოდიკაძე
კვახაძე ლ. ჭელიძე
ზ. ჭელიძე საჯაია
გ. გურული ჩიკვაიძე
დოლიძე კირკიტაძე
გ. დათუნაიშვილი დიღმელაშვილი
კუხიანიძე ლომაშვილი
ე. გრიგალაშვილი დეკანოიძე
ბერიაშვილი ნ. კვასხვაძე
საბანაძე გ. ჩხეტიანი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. გეგუჩაძე ს. ფრუიძე

ტორპედო
67. დათუნაიშვილი - გიგაური
79. ბერიაშვილი - ვ. ბოლქვაძე
83. გრიგალაშვილი -ტუღუში
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, შერგელაშვილი, ფირცხალავა

ჩიხურა

64. დეკანოიძე - შარაშენიძე
69. ლ. ჭელიძე - ბერიანიძე
80. დიღმელაშვილი - მუმლაძე

გაფრთხილება: სომხიშვილი (27), გრიგალაშვილი (29), ბერიაშვილი (41), ჩიკვაიძე (43)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1 დინამო (თბ) 10 7 2 1 29-6 23
2 ტორპედო 10 7 1 2 24-8 22
3 დილა 10 6 1 3 16-7 19
4 ზესტაფონი 10 5 2 3 11-6 17
5 ჩიხურა 10 5 2 3 11-8 17
6 მეტალურგი 10 5 0 5 7-12 15
7 ზუგდიდი 10 3 5 2 10-7 14
8 მერანი 10 4 0 6 6-18 12
9 ვიტ ჯორჯია
10 3 2 5 8-14 11
10 დინამო (ბთ)
10 2 2 6 10-18 8
11 სიონი 10 1 4 5 9-18 7
12 კოლხეთი 10 0 3 7 4-20 3

ბომბარდირები:
ჯაბა დვალი (დინამო თბ)  8
მიხეილ ჯორბენაძე (დინამო ბთ)  6
ნიკა საბანაძე (ტორპედო)  6
მიკელ ალვარო (დინამო თბ)  6
ჩისკო (დინამო თბ)  5
რევაზ ჯიქია (სიონი)  5

მომდევნო ტური:

27 ოქტომბერი: დილა-მერანი, ვიტ ჯორჯია-კოლხეთი, ჩიხურა-დინამო (ბთ), სიონი-ტორპედო, ზუგდიდი-მეტალურგი, დინამო (თბ)-ზესტაფონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია გეგუჩაძე: მეორე ტაიმში "ჩიხურა" მთლიანად დავჯაბნეთ
ლევან ფხაკაძე: სამწუხაროდ, კვლავ იყო არბიტრის უხეში შეცდომა

მერანი-დინამო 0:4 - სტუმრებმა საქმე ნაადრევად მოათავეს
მეტალურგი-სიონი 1:0 - როცა მასპინძლებს არ წყალობენ
ზესტაფონი-ზუგდიდი 1:0 - დებიუტი გადამწყვეტი აღმოჩნდა

კოლხეთი-დილა 0:3 - "უძღები შვილის" დაბრუნება და ზედიზედ მეექვსე!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული