ფრიდონ ინჯია: 15 ნოემბერს პროფლიგას აღვადგენთ

AutoSharing Option
27 ოქტომბრის "ლელოში" მარტვილის "მერანის" პრეზიდენტმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ აუცილებლობად მიაჩნდა პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენა (იხილეთ ვრცლად).

შეგახსენებთ, ზაფხულში ეს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბებმა უკან დაიხიეს.

ოქტომბერში "ლელოსთან" ინჯიამ ლიგის ვერაღდგენის უცნობ მიზეზი გაამხილა:

"საქმე დარეგისტრირებამდე იყო მისული, მაგრამ ნიკა გილაურმა უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტებს დაუძახა და უთხრა, რომ ლიგა არ შეიქმნებოდა. ეს ჭორი არ არის, მე ვარ ამის მოწმე.

საწინააღმდეგო შემთხვევაში, ქართული ფეხბურთი იმ
დაფინანსების ნაწილს ვეღარ მიიღებდა, რაც გათვალისწინებული იყო".


მაშინ საქართველოში პროფლიგის იდეა ჩაკვდა და ამით ჩვენი ფეხბურთი უკან დახია. მაგრამ "მერანის" პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ საკითხს ხელახლა წამოწევდა.

ასეც მოხდა: კლუბების მორიგი შეხვედრა 13 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და ჩვენდა გასაკვირად, ბოლოდროინდელი ტრადიცია არ დაარღვიეს და ეს შეხვედრაც მედიისთვის გაასაიდუმლოეს. გაუგებარია, რა აქვთ დასამალი.

კარგი, ეს სხვა თემაა; მთავარია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ინჯიამ გვითხრა:

- კლუბები პროფლიგის აღდგენაზე შევთანხმდით.

- ვინ იყო იდეის ინიციატორი?
- მე გახლდით. "ლელოსთან" ინტერვიუში ვთქვი ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა და შეკრებაზე საკითხი დავაყენე, რომ დროა, ეს ორგანიზაცია ავამოქმედოთ-მეთქი. სხვაგვარად ჩვენი ჩემპიონატის განვითარება წარმოუდგენელია.

შეკრებას 12-დან 9 კლუბის წარმომადგენელი ესწრებოდა. ერთადერთი, მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენელმა გვითხრა, რომ პასუხს მოიფიქრებდა, რადგან კლუბის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ მოსვლა ფიზიკურად ვერ მოახერხა, საკითხს კი მასთან შეუთანხმებლად ვერ გადაწყვეტდა.

- ლიგის აღდგენა როდის გაფორმდება?
- სავარაუდოდ, 15 ნოემბერს "დინამო-არენაზე" შევიკრიბებით, შეთანხმებაზე ხელს მოვაწერთ და ლიგას დავაფუძნებთ.

- ორგანიზაციას ვინ უხელმძღვანელებს?
- დროებით, პრეზიდენტის არჩევამდე, პროფლიგის აღმასრულებელი დირექტორი "დინამოს" იურისტი ლევან ეზუხბაია იქნება.

- რომელიმე კლუბი წინააღმდეგი იყო? მაგალითად, გვაინტერესებს, როგორია სახელმწიფო კლუბების პოზიცია?
- სასიხარულოა, რომ უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა. ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგ არავინ წასულა და პრეტენზია არავის ჰქონია. სხვათა შორის, კლუბების შეხვედრაზე ჯერ კიდევ 5 ნოემბერს ვთქვით, რომ შემდეგ შეკრებაზე ლიგის საკითხზე ვიმსჯელებდით.

- როგორი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას პოზიცია?
- შეხვედრას არც ის და არც ფედერაციის სხვა წარმომადგენელი არ ესწრებოდა, მაგრამ მანამდე გვითხრა, დააფუძნეთ ლიგა და წაიღეთ ჩემპიონატი, საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო.

* * *

ფრიდონ ინჯია კერძო კლუბის მეპატრონეა. რა პოზიცია აქვთ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ კლუბებს? ამ კუთხით საინტერესო არის გორის "დილას" დამოკიდებულება.

"პროფლიგის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩანაფიქრია.

მაგრამ გვაინტერესებს, რა სახსრებით აპირებენ ბიუჯეტის შედგენას, რა ოდენობის იქნება ჩემპიონატის საპრიზო ფონდი, როგორ მოხერხდება ეროვნული ჩემპიონატის ტელევიზიით გაშუქება და, საერთოდ, რა გეგმები გააჩნიათ.

თორემ ჩანაფიქრი უდავოდ კარგია",
- გვითხრა "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომან ფიფია: პროფლიგის აღდგენას ჯერ ხელი მოაწერეს, მერე კი უკან დაიხიეს
ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ... სირცხვილია, მეტი არაფერი
დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული