გორელთაგან პირველი გოლის გამტანი "დილას" მეშვიდასე საუმაღლესლიგო გოლის ავტორი ხდებოდა, ხოლო ლაინსმენ მიხეილ კუპატაძეს ელიტლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა.
გავუსწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ საიუბილეო გოლის ავტორი სტუმართა მარცხენაფლანგელი დავით კვირკველია გახდა, რომელმაც მისივე მონადირებული პენალტი გოლად აქცია, ხოლო თანამსაჯმა რამდენიმე რთულ ეპიზოდში ისე დამაჯერებლად იმუშავა, გამოცდილ ლაინსმენებსაც შეშურდებოდათ.
თუმცა ნამატჩევს მსაჯები ბათუმელმა ფანებმა ობსტრუქციის მოწყობით "გააცილეს" - მათი აზრით, მე-14
ეს ეპიზოდი კი მას შემდეგ მოხდა, რაც შეტევაში წასული კვირკველია მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში ჩაწოდებით მის მიერ კუთხურის გათამაშებიდან დაწყებული კომბინაციის გაგრძელებას ლამობდა, მასპინძელ მცველს თითქმის უწყინარ სიტუაციაში ბურთი ხელზე მოხვდა და არბირტმა უყოყმანოდ დანიშნა 11-მეტრიანი, რომელიც გოლად "დილას" მცველმა ლამაზი დარტყმით აქცია, 1:0.
სხვათა შორის, კვირკველიას ანგარიშზეა კიდევ ერთი საიუბილეო გოლი - 8 წლის წინ მან თბილისის "დინამოს" 1300-ე გოლი გაიტანა, ხოლო "დილას" მე-600 გოლიდან 4 წელზე მეტი გავიდა.
საიუბილეო გოლის გატანის შანსი დათომდე ნათან ჟუნიორსა და გიორგი კახელიშვილსაც ჰქონდათ, მაგრამ ბათუმელთა კარი და კვირკველიას "იუბილე" ახალბედა მეკარე რომან ტაკიძემ გადაარჩინა. აქვე გეტყვით, რომ იგი მეოთხე მეკარეა, ჯერაც გაუსრულებელ პირველ ეტაპზე "დინამოელთა" კარი რომ დაიცვა.
გიზო შენგელია გუნდიდან წავიდა, შოთა მამინაშვილი გაციებულია, ხოლო ივან პიცანი წინა ტურში თამაშის დროს ისე დაშავდა, რომ მისი ჩასრულება ვეღარ მოახერხა.
მართალია, სტუმრებმა დაასწრეს, მაგრამ ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი მასპინძლებს მიეცათ, როცა პირველივე წუთზე გელა გოგიტიძეს უკეთ რომ დაერტყა, მარინ სკენდერი, ალბათ, უძლური იქნებოდა.
ასევე კარგი შანსი ბათუმელებს 30-ე წუთზე მიეცათ, როცა ჯერ თორნიკე ბერიძე ცდილობდა მარჯვნიდან საჯარიმოში შესვლას და გორელებმა მისი შეჩერება სახიფათო ჯარიმის ხარჯზე მოახეხეს, რასაც კუთხური მოჰყვა - ამირან მუჯირის ჩაწოდებული პირდაპირ კარში წავიდა, სკენდერმა მისი კარის ხაზიდან გამოტანა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა.
იქვე მცველებმა ორჯერ უხეიროდ მოიგერიეს ბურთი და ბოლოს ამირან აბუსელიძეს კუთხე ხეირიანად რომ ჩაეკეტა, ანგარიშის გათანაბრებას წინ არაფერი დაუდგებოდა.
ამ ეპიზოდიდან ხუთიოდ წუთში უკვე "დინამო" გადარჩა - უმწვავესი შეტევა რომან ახალკაცის პასის შემდეგ კახელიშვილმა დააბოლოვა, თუმცა ბურთმა შორეულ ძელს სანტიმეტრებით ჩაუარა. მალევე "დილას" ხორვატი მეკარე საიმედოდ დაუხვდა ირაკლი ცნობილაძის დარტყმულს, თუმცა შესაძლებელი იყო, შემტევს უკეთაც დაერტყა.
პირველი წუთი მეორე ტაიმშიც მასპინძელთა კარგი შეტევით იყო გამოსარჩევი - შეცვლაზე შესული ნიკა დიასამიძე შესაძლოა, წინა ფოთური მატჩის მსგავსად, მატჩის გმირი გამხდარიყო, როცა ჯერ მარინ სკენდერთან ლამის პირისპირ გასულმა მეკარეს აუღებელი ვერ დაურტყა, ხოლო მალევე საჯარიმოში დაწყებული ფინტი რომ გამოსვლოდა, ბოლო მცველსაც ჩამოიტოვებდა და მორიგი შანსი მიეცემოდა.
ასევე შემოსვლიდან პირველივე წუთზე გატანა მიხაილ გორელიშვილსაც შეეძლო, მაგრამ მისი შორეულ მაღალ კუთხეში დარტყმული ბურთი ბათუმელთა მეკარემ ლამაზ ნახტომში ხელებში გააქვავა.
თუმცა ორ წუთში ტაკიძეც უძლური გახდა, როცა მისმა თანაგუნდელებმა ბურთი ცენტრში დაკარგეს და პირველი გოლის ავტორის მსგავსად, გურულმა და მცველმა, ლაშა სალუქვაძემ 15-იოდე მეტრიდან აუღებელი დაურტყა, 2:0.
ამის შემდეგ სტუმრებს მესამის გატანაც მართებდათ, მაგრამ გორელიშვილმა და კახელიშვილმა ტაკიძის მესამედ დამწუხრება ვეღარ მოახერხეს.
სამაგიეროდ, უპირატესობას დაეუფლა ტრავმების გამო განახევრებული შემადგენლობით მოთამაშე "დინამო". გია გურულის შეგირდებმა ბოლომდე გაიბრძოლეს და ლიდერთან თუ მხოლოდ დათა სიჭინავას მიერ საჯარიმოდან გატანილ გოლს გამორჩნენ, მაინც ქებას იმსახურებენ.
ცოტა იღბალიც და მეტი დრო რომ ჰქონოდათ, არც ის ჩანდა შეუძლებელი, რომ ქულის გადარჩენა მოეხერხებინათ.
P.S. აღნიშვნის ღირსია სტუმართა გუნდის ხელმძღვანელის, ზურაბ დალაქიშვილის ქმედება, როცა მან "დილას" ფან-კლუბს რამდენჯერმე შენიშვნა მისცა და მათგან მსაჯებისადმი სამართლიანი და კორექტული მოპყრობა მოითხოვა.
ბათუმელ ფანებს კი "ზღვაზე მივიღე ზაგარის" მსაჯებისადმი არაკორექტული დაბოლოება შაბათს არ გამოუყენებიათ.
Video
დინამო (ბთ) - დილა 1:2
დინამო (ბთ) - დილა 1:2
მატჩის შემდეგ
გია გურული ("დინამო" ბთ):
"მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლია, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. დასანანია, რომ ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ, წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. დანარჩენი თამაშები ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და უკან დახევას არ ვაპირებთ".
გიორგი დარასელია ("დილა"):
"ორივე გუნდი მომზადებული შეხვდა ამ მატჩს. მეტოქისგან ასეთ წინააღმდეგობას ველოდით კიდეც. მოგების გარდა, გვინდოდა მაყურებლისთვის კარგი თამაშიც გვეჩვენებინა, რასაც ზოგჯერ ვახერხებდით, ზოგჯერ - ვერა. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ".
და(ვ)ითვალე 1300-ედან მე-700-მდე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"