უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა და უმაღლესლიგელებს ზამთრის შვებულება დაეწყოთ.

საბედნიეროდ, დეკემბერში მოსულმა თოვლმა უმაღლესი ლიგის კალენდარში სერიოზული კორექტივები ვერ შეიტანა და პირველი ეტაპი წლეულს დასრულდა - ასე რომ არ მომხდარიყო, ჩემპიონატის მონაწილეებს საკმაო დისკომფორტი შეექმნებოდათ.

რაც შეეხება უმაღლესი ლიგის წმინდა საფეხბურთო მხარეს, მას "ლელოს" უახლოეს ნომრებში არაერთხელ შევეხებით და სეზონის პირველ ნახევარსაც სათანადოდ შევაჯამებთ. დღეს კი უშუალოდ ბოლო ტურზე გავამახვილოთ ყურადღება.

კაჭარავა შეიძლება დროებითი აღარ იყოს

მთავარ საკითხებს, რაც პირველ ეტაპს უნდა გაერკვია, ნათელი ბოლო ტურამდე მოეფინა - თბილისის
"დინამომ" "ზამთრის ჩემპიონობა" დაიბევა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" კი დაძაბული ბატალიების შემდეგ ზედა ექვსეულის საგზური გაინაღდა.

თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ პირველი ეტაპის ბოლო მატჩებს კლუბები მოვალეობის მოხდის მიზნით ატარებდნენ. მსგავსი განწყობით მოედანზე, ალბათ, მხოლოდ "ზუგდიდი" გავიდა, რომელზეც ქვემოთ ვიტყვით. დანარჩენებს კი ჰქონდათ იმის ამბიცია, რომ საკუთარი ამოცანების განსახორციელებლად ებრძოლათ.

ტურის ცენტრალური მატჩი კი, რაღა თქმა უნდა, ზესტაფონში გაიმართა. იყო დრო, როცა "ზესტაფონისა" და "დინამოს" დაპირისპირებებში საქართველოს ჩემპიონის ბედი წყდებოდა. ამ სეზონში ოქროს მედლებისთვის "დინამო" იბრძვის, ხოლო ფეროელების მაქსიმუმად ევროსაგზური მოჩანს.

ამ გარემოებამ მათ ორთაბრძოლას ეშხი ოდნავადაც ვერ მოაკლო, მატჩმა კი ქომაგთა მოლოდინი აშკარად გაამართლა. ლამაზ და დინამიკურ შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, რაც გუნდების დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბევრმა მოულოდნელობად შერაცხა, მაგრამ ეს წყვილი ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო და მომავალშიც ასე დარჩება.

სწორედ ეს არის ზესტაფონურ-თბილისური ჯახის ერთ-ერთი უმთავრესი ხიბლი.

"დინამო" ზესტაფონს ჯაბა დვალის გარეშე ეწვია, რამაც უმაღლესი ლიგის ლიდერის შემტევი პოტენციალი უდავოდ შეასუსტა. დვალს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშის უფლება კონტრაქტში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით არ ჰქონდა.

ზედმეტია იმის შეხსენება, რა აკავშირებს "ზესტაფონის" თავკაც კახა კაჭარავას "დინამოსთან". შესაბამისად, ტურის ცენტრალური მატჩის კიდევ ერთი ინტრიგა მისი ფაქტორი იყო. თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ პირველი მატჩი კაჭარავასთვის წარმატებული გამოდგა.

ზოგადად, წარმატებულია მისი ხანმოკლე ზესტაფონური კარიერაც. შეგახსენებთ, კაჭარავა "ზესტაფონს" სამ შეხვედრაში გაუძღვა და ფეროელებმა სამივე მოიგეს.

მართალია, კლუბის ხელმძღვანელობას ხაზგასმით არ უთქვამს, რომ დროებითი მწვრთნელი ზეექვსეულში მოხვედრის შემთხვევაში ხანგრძლივ კონტრაქტს დაიმსახურებდა, მაგრამ მაინც სრულიად შესაძლებელია, საუკეთესო ექვსეულის საგზურის მოპოვებას კაჭარავასა და "ზესტაფონის" თანამშრომლობის გახანგრძლივება მოჰყვეს. ეს ამბავიც სულ მალე უნდა გაირკვეს.

"დინამომ" სეზონში მხოლოდ მეორე მარცხი იწვნია და ეს ნამდვილად არ არის ტრაგედია, მაგრამ დუშან უჰრინსა და მის შეგირდებს წინასაახალწლო განწყობა მაინც წაუხდებოდათ - "დილასთან" ექვსქულიანი უპირატესობა ხომ სამ ქულამდე დავიდა.

როგორი იქნება "დილა" გაზაფხულზე?
"დინამო" მაინც რჩება ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად, ხოლო თუ "დილადან" გიორგი დარასელიას წასვლას გავითვალისწინებთ, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ სეზონის მეორე ნახევრიდან გორელებს ახლანდელივით სოლიდური გუნდი ვეღარ ჰყავდეთ.

თუმცა მოვლენებს წინ მაინც არ გავუსწროთ და დაველოდოთ, რა მოხდება ზამთარში საქართველოს თასის მფლობელის ბანაკში.

იმედი დავიტოვოთ, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ კლუბს პრობლემები არ შეექმნება. კონკურენტისა და შესაბამისად, ჩემპიონატის დასუსტება ამბიციურ უმაღლესლიგელებს ხელს არ უნდა აძლევდეთ, მით უფრო იმის ფონზე, რომ შესაძლოა, ზეექვსეულში შესული "ზუგდიდი" სტატისტის როლს დასჯერდეს და სეზონი დუბლშემადგენლობით დაასრულოს.

მერანელმა საბა ლომიამ და გორელმა რომან ახალკაცმა დუბლი შეასრულეს, შიდაქართლელებმა კი დაგეგმილი სამი ქულა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოიპოვეს.

როგორც გაირკვა, სამტრედიაში გიორგი დარასელიას უკანასკნელი მატჩი ჩაუტარებია "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მისი გორული კარიერა კი მეტად წარმატებული გამოდგა. 18 მატჩი, 16 გამარჯვება და 2 მარცხი - ასეთია მისი აქაური მონაგარი. გუნდი, რომელსაც საწყის ოთხ ტურში ერთადერთი ქულა ჰქონდა, დღეს ჩემპიონობაზე რეალურ პრეტენზიას აცხადებს.

ბევრი გოლი და ცოტა მოულოდნელობა
პირველი ეტაპის ბოლო ტური მეტად უხვგოლიანი გამოდგა - ექვს მატჩში 23 ბურთი გავიდა, რაც ერთ თამაშში საშუალოდ თითქმის ოთხი გოლის ტოლფასია. ყველაზე მეტი, შესაბამისად, ხუთი და ოთხი გოლი "მეტალურგმა" და "ტორპედომ" გაიტანეს.

რუსთაველებმაც და ქუთაისელებმაც ადვილად სავარაუდო გამარჯვებები მოიპოვეს. სხვა ვითარებაში "მეტალურგს" "ზუგდიდის" დასამარცხებლად დიდი ოფლისღვრა დასჭირდებოდა, მაგრამ როგორც იცით, ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილი ზუგდიდელები რუსთავს დუბლშემადგენლობით ეწვივნენ და მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

ვერ ვიტყვით, რომ გიორგი ყიფიანის გუნდს ეს სამი ქულა დიდ სამსახურს გაუწევს - პირველ ლიგაში დაქვეითება "მეტალურგს" აშკარად არ ემუქრება, მეშვიდეზე მაღალ ადგილს კი ქვემოქართლელები ვერაფრით დაიკავებენ. ასე რომ, "მეტალურგს" ევროსარბიელზე გასაღწევად ერთადერთი გზაღა დარჩა - წარმატებული გამოსვლა საქართველოს თასზე.

აი, "ტორპედო" კი, ლიდერთან შვიდქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ჩემპიონობის პრეტენდენტად რჩება. გია გეგუჩაძის გუნდს შინ "სიონის" დამარცხება არ გასჭირვებია და "დილას" კვალში უდგას.

"ტორპედოს" "ჩიხურა" მოსდევს, რომელიც ქობულეთს ფავორიტის სტატუსით ეწვია და სამი ქულაც ირგუნა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმელი გულშემატკივრები მსაჯობით დარჩნენ უკმაყოფილონი.

ჩემპიონატში მეოთხე ქულა მოიპოვა "კოლხეთმა". ფოთელებს "ვიტ ჯორჯიას" დამარცხება შეეძლოთ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ვეტერინარებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს.

"ვიტ ჯორჯია" გასავარდნ ზონას ცხრა ქულით უსწრებს, რაც საკმაო ფორაა, თუმცა მთავარი ბრძოლები წინ არის. ქვედა ექვსეულის ბინადართაგან თავი ქუდში მხოლოდ "მეტალურგს" აქვს, დანარჩენებს კი უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ჯერ არ გადაუჭრიათ.

უმაღლესი ლიგის XXII ტური

ზესტაფონი-დინამო 2:1 - კაჭარავას ხეზე ასვლა არ უსწავლებია [VIDEO]
მერანი-დილა 2:3 - ის, რაც ასე ენატრება ქართველ ქომაგს [VIDEO]
ტორპედო-სიონი 4:1 - სანახაობა სირიელი არბიტრის თანხლებით [VIDEO]
მეტალურგი-ზუგდიდი 5:1 - უემოციო სპარინგი რუსთავში [VIDEO]
კოლხეთი 1913-ვიტ ჯორჯია 1:1 - ფოთელებმა პირველი ეტაპი მოგების გარეშე დაასრულეს
დინამო (ბთ)-ჩიხურა 0:2 - საჩხერელთა მეცამეტე გამარჯვება სეზონში

Sportall.Ge


სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული