როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ სეზონში "ჩიხურას" მე-13 მოგებისთვის ეს გოლი საკმარისი იყო.
გაშვებულმა გოლმა ბათუმელები არია და ათწუთიან მონაკვეთში სტუმრებს რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტის შექმნის შანსი მისცეს.
მასპინძლები
იქვე, ერთ წუთში, იმავე კირკიტაძის ჩინებული პასით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ნიკა კვასხვაძემ ძელს მოარტყა.
ამ ეპიზოდების შუაში ხიფათი მასპინძლებმაც შექმნეს, მაგრამ ამირან მუჯირისა და თორნიკე ბერიძის სახიფათო გასროლებიდან ერთი მეკარემ გააუვნებელყო, ხოლო მეორე - კარს გადასცდა; ერთხელაც მოედნის ცენტრში მცველს დათა სიჭინავამ აჯობა და მასპინძლებს სტუმრების კონტრშეტევაზე "დაჭერის" კარგი შანსი გაანიავეს - მუჯირის გადაცემას სიჭინავა მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, მაგრამ კაპიტანმა პასი დააგვიანა და ფორვარდი უკვე თამაშგარეში იმყოფებოდა.
ტაიმის ბოლოსკენ კი იმავე მუჯირმა მცველის შეცდომით კინაღამ ისარგებლა.
მეორე ნახევარიც ხიფათებით დატვირთული აღმოჩნდა. პირველად სიჭინავა დაემუქრა "ჩიხურას" კარს, მაგრამ ბურთი კარის ბადეს ზემოდან დაეცა.
იქვე მუჯირის საჯარიმოში ჩაწოდებულს თანაგუნდელებიდან არავინ გამოეხმაურა, თუმცა მეკარეს კი შეუშალეს ხელი. მწყერაშვილის იღბლად, ბურთი პირდაპირ მისკენ წავიდა და თავადაც საიმედოდ გაისარჯა.
ამის შემდეგ ორი შანსი უკვე გაგა ჩხეტიანს მიეცა - პირველად მეკარესთან პირისპირ გასულს მამინაშვილმა ბრძოლაში დაატოვებინა ბურთი, მეორედ კი "დინამოს" მეკარემ მასვე საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დარტყმული არ გაატანინა.
მატჩის გადარჩენის ყველაზე რეალური შანსი კი მასპინძლებს 82-ე წუთზე მიეცათ - ნიკა დიასამიძის ჩაწოდებას მცველებისგან თითქმის დაუცველი ზვიად ლობჟანიძე კი გამოეხმაურა, მაგრამ ვიცე-კაპიტანმა ბურთი კარში როგორ ვერ მოახვედრა, მართლაც გასაკვირია.
იქვე მარცხნიდან ჩაწოდებულზე მეკარე ბათუმელ მობურთალს შეეჯახა, თუმცა მასპინძელი არ დაეცა და ამით მსაჯისგან პენალტის დანიშვნის შანსიც დაკარგა.
ამ ეპიზოდამდე ათი წუთით ადრე და შემდეგ კი ბესიკ დეკანოიძე აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში - პირველად მისი ძლიერი გასროლა მამინაშვილმა რის ვაი-ვაგლახით მოიგერია. იქვე ბურთი მცველებმა ვერ ამოიტანეს ხეირიანად, მაგრამ ამით სტუმრებმა ვერ ისარგებლეს;
92-ეზე კი დეკანოიძემ ბოლომდე იბრძოლა, საჯარიმოს ხაზამდე გასულ მამინაშვილს შეცდომა დააშვებინა და მეკარემაც "ჩიხურას" მარცხენაფლანგელი ბოლო იმედის ჯარიმით შეაჩერა - პენალტი გოლად ლევან ბაკურაძემ აქცია.
ამ ეპიზოდიდან ორი წუთით ადრე მოედანზე გუნდური "გარჩევა" ვიხილეთ - დეკანოიძემ ბურთი სასტვენის შემდეგ გადააგდო. მას ლობჟანიძემ ხელი ჰკრა. ამ ორს შორის შეხლა-შემოხლას მოჰყვა სწორედ ინციდენტი, რომელშიც ჯერ დავით დიღმელაშვილი, შემდეგ კი ორივე გუნდი ჩაერთო.
არსენ ნონიკაშვილმა სამივე "მოთავე" მხოლოდ გააფრთხილა, ის კი გადაავიწყდა, რომ დეკანოიძის გაფრთხილებას ბურთის გადაგდებისთვისაც აპირებდა და "ჩიხურას" #51 აშკარად დაინდო, ისევე, როგორც უკვე ნახსენებ სულ ბოლო ეპიზოდში მასპინძელთა კარის დარაჯი, რომელსაც ყვითელი აკმარა.
P.S. მატჩის შემდეგ მსაჯები, ტრადიციულად, გინების ფონზე გავიდნენ მოედნიდან. პოლიცია ქომაგების დაშოშმინებას ლამობდა, როცა გულშემატკივრებს ერთ-ერთი ფეხბურთელი გამოექომაგა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან "ორივე მიმართულებით" შეხლა-შემოხლაც მოჰყვა, თუმცა ვითარება იოლად განიმუხტა.
ცამეტი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"