გორის "დილაც" საბიუჯეტო კლუბია - ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. გუნდი საქართველოს ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძვის, ჰყავს ლიტველი მწვრთნელი, გერმანელი ფიზმომზადების სპეციალისტი, ლეგიონერები და საკმაოდ კარგი ქართველი ფეხბურთელები, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები...
თუმცა, დანარჩენი საბიუჯეტო კლუბების მსგავსად, "დილამაც" არ იცის, როგორ გააგრძელებს არსებობას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.
ამასთან დაკავშირებით "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა შეიმუშავა
ისიანი ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს. პროექტში ნათქვამია, რომ ფიფა-უეფა არ კრძალავს საბიუჯეტო კლუბების არსებობას, თუ ერთსა და იმავე ლიგაში ერთი ორგანიზაცია რამდენიმე კლუბს არ აფინანსებს.
საქართველოში საბიუჯეტო კლუბების უმრავლესობას ერთი და იგივე ისტორია აქვს - რაღაც ეტაპზე გაჩნდება ფული, მერე დაფინანსება წყდება, შემდეგ ისევ გამოჩნდება და ა. შ. ასეთ დროს კლუბს არ აქვს იმის საშუალება, რომ გრძელვადიანი, მიზანმიმართული პოლიტიკა აწარმოოს, სახელმწიფოსგან მიღებული ფული კი, ფაქტობრივად, წყალში იყრება. ამიტომ, ამ პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებისგან კლუბის დაფინანსება არ უნდა იყოს მოკლევადიანი და სამ წელიწადზე მაინც უნდა იყოს გათვლილი.
ისიანს მოჰყავს ფაქტები: მას შემდეგ, რაც გორის "დილაში" სერიოზული ინვესტიცია განხორციელდა, 70-80 პროცენტით მოიმატა სტადიონზე მაყურებელთა დასწრებამ; თუ გორში მანამდე 250 ბავშვი დადიოდა საფეხბურთო სკოლაში, დღეს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგებულია.
პროექტი თანხის მიზნობრივ ხარჯვასაც ითვალისწინებს და მერე ამ ყველაფრის მონიტორინგს - ყოველი დახარჯული თეთრი უნდა მოწმდებოდეს, კლუბებში საშტატო ერთეული "გაბერილი" არ უნდა იყოს და ა.შ.
ერთი სიტყვით, პროექტის მთავარი დანიშნულებაა: რეგიონის საფეხბურთო კლუბებს მრავალწლიანი განვითარების გეგმა გააჩნდეთ და სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხაც ამის მიხედვით გამოიყოს და დაიხარჯოს.
მას შემდეგ, რაც ამ პროგრამას გავეცანით, ისიანს რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ჩვენი სახელმწიფო დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის და ეს ძალიან კარგია. ყოველწლიურად იხარჯება მილიონობით ლარი, მათ შორის, ფეხბურთისთვისაც.
ბევრი მაგალითი არსებობს, თუ რა კარგი შედეგი მოაქვს სახელმწიფოსგან საფეხბურთო კლუბის დაფინანსებას. მაგალითად ბელორუსული ბატე ავიღოთ; აგრეთვე, რუსეთის და უკრაინის კლუბები, რომლებიც ევროსარბიელზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ.
ასეთი თანამშრომლობის შედეგი იყო "დილას" შარშანდელი გამოსვლა ევროპალიგაზე. ალბათ გახსოვთ, თბილისის "დინამოს" რომ ჰქონდა სახელმწიფოს შეღავათები კომერციულ საქმიანობაში, მაშინაც იყო მნიშვნელოვანი შედეგები.
- ალბათ, იცით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აქვს იდეა საკლუბო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ბიუჯეტიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის გამოყოფას იმისთვის, რომ ამ ტელეარხმა კარგად გააშუქოს საქართველოს ჩემპიონატი, თასის გათამაშება და კლუბებმა აქედან მიიღონ შემოსავალი. რას გვეტყოდით ასეთ პერსპექტივაზე?
- ეს იდეა სავსებით მისაღებია, თუმცა განსხვავებული აზრიც არსებობს. "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით არსებობს პრობლემა - ხშირად საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციის დრო ემთხვევა იმ გადაცემას, რომელიც საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის უფრო საინტერესოა. ამიტომ მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ითანამშრომლებს რომელიმე საკაბელო, ფასიან არხთან, ანუ სახელმწიფოს დახმარებით უნდა მოხდეს შეთანხმება "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და რომელიმე სხვა ტელეარხს შორის.
ასეთ შემთხვევაში, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარეს, მოძრავი სატელევიზიო სადგურით მომსახურებას.
ის კომერციული სტრუქტურები, რომელთაც რეკლამა მიაქვთ კომერციულ არხზე, ავტომატურად გახდებიან საქართველოს ჩემპიონატის და თასის გათამაშების სპონსორები. დარეგულირდება პირდაპირი ტრანსლაციის დროც, ტური გაიწელება სამ დღეზე - პარასკევი, შაბათი და კვირა, რაც მეტი პირდაპირი რეპორტაჟის საშუალებას მოგვცემს. სტადიონების ცარიელი ადგილები შეივსება სარეკლამო ბანერებით და ტელეტრანსლაციაც უფრო კარგი სანახავი გახდება.
კლუბებზე თანხის გადანაწილებისას გასათვალისწინებელი უნდა იყოს ინფრასტრუქტურაც. უკვე ყველა კლუბს გაუჩნდება იმის სურვილი, რომ საკუთარ სტადიონზე ჰქონდეს განათება.
ძალიან კარგია, რომ ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად დაინტერესდა საკლუბო ფეხბურთით. დროა, რომ ქართულმა კლუბებმაც ძირითადი შემოსავალი სწორედ ტელეტრანსლაციებიდან მიიღონ. ფეხბურთის ფედერაციას და პირადად ზვიად სიჭინავას მადლობა უნდა გადავუხადო იმის გამოც, რომ გორში ახლა კარგი სტადიონი გვაქვს.
- სახელმწიფო, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და კომერციული ტელევიზია - დაახლოებით რა დაჯდება ასეთი პროექტის განხორციელება?
- ზუსტად ვერ გეტყვით, ეს პროფესიონალების დასათვლელია.
- ჩემპიონატის და თასის გათამაშების ტელეგაშუქებაზე უნდა არსებობდეს თუ არა ექსკლუზიური უფლება?
- მიმაჩნია, რომ გარდამავალ ეტაპზე თუ ყველა ტელეარხი თვეში მინიმუმ ერთ საათს დაუთმობს ჩვენს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებას, ამით ძალიან დაეხმარება საკლუბო ფეხბურთს. ვფიქრობ, საინფორმაციო გამოშვების სპორტული ბლოკი ეროვნული ჩემპიონატის და თასის გათამაშების ამბებით უნდა იწყებოდეს.
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ორი თვე რჩება, მერე კი არავინ იცის, რა ელის გორის "დილას" და სხვა საბიუჯეტო კლუბებს; ანუ დრო ისე გადის, რომ რეალური ქმედება ჯერ არ ჩანს...
- ზუსტად ამაზე რომ დავფიქრდი, ამიტომაც შევიმუშავე პროექტი. არ ფორმდება კონტრაქტები მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან, არ იდება კომერციული ხელშეკრულებები - ეს იმის გამო ხდება, რომ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. თუ იარსებებს კლუბის დაფინანსების სამწლიანი პროგრამა, კლუბიც უფრო ეფექტურად იმუშავებს, გაუჩნდება შემოსავლის დამატებითი საშუალება, განისაზღვრება და დაიგეგმება სატრანსფერო პოლიტიკა.
ამავე დროს, უნდა განხორციელდეს მონიტორინგი სახელმწიფოსგან დაფინანსებულ კლუბებზე.
- სხვა საბიუჯეტო ან კერძო კლუბები თუ გამოეხმაურნენ თქვენს წინადადებებს?
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჯერ არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბებს შორის ურთიერთობის სურვილი. არადა, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ქართული კლუბების კონსოლიდაცია ისე, რომ საბიუჯეტო გუნდების გარდა, გათვალისწინებული იყოს კერძო კლუბების ინტერესებიც საგადასახადო შეღავათების პერსპექტივის კუთხით. ეს პროექტი ერთობლივად უნდა განხორციელდეს და არა ცალ-ცალკე.
- ვიცით, რომ სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი შეხვდა რამდენიმე საფეხბურთო კლუბის მესვეურს. თქვენ თუ გქონდათ აუდიენცია მასთან?
- როგორ არა, ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე და ცხადია, ჩემი პროექტის შესახებაც. ეს საკითხები ჯერ კლუბებისთვის უნდა იყოს იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ მოხერხდეს ერთიანი პოზიციის შემუშავება, რაც უფრო მეტ ძალას მოგვცემს, მაგრამ ერთი-ორი კლუბის გარდა, ინტერესი ჯერ არ ჩანს... მინისტრს იმედი აქვს, რომ კლუბები ერთად დავსხდებით და განვიხილავთ სამოქმედო გეგმას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია ისიანი: როგორი სახელმწიფო კლუბები გვჭირდება?
თვალსაზრისი: პრემიერლიგა ჩამოყალიბდა, საქმე მაინც გაყინულია
რევოლუციის ტოლფასი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთისთვის
ქუთაისის "ტორპედომ" ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა
[ექსკლუზივი] რას ურჩევს დიმიტრი რამიშვილი პრემიერლიგის დამფუძნებლებს?
ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ
გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით
თვალსაზრისი: ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეღავათი
მთავარია გაეცეს რამოდენიმე კითხვას პასუხი ლოგიკური თანამიმდევრობით:
1. მიუხედავად ყოველ წელს ათობით მილიონი დოლარის ჩასხმისა, რატომ არის ქართული ეროვნული ჩემპიონატი ასეთი უღიმღამო და რატომ არ დადის ხალხი?
პასუხი - იმიტომ, რომ არის დაბალი დონის და არის არასანახაობრივი.
2. რატომ არის ასეთი?
პასუხი - იმიტომ, რომ არის უაღრესად კორუმპირებული და პოლიტიზირებული, სადაც ყველაფერი იყიდება მსაჯებიდან დაწყებული მთელი მატჩებით დამთავრებული. ამას უყურებს გულშემატკივარი, რომელსაც გული უცრუვდება და ფეხბურთელები, რომლებსაც უცხოეთში წასვლა უნდათ, სადაც გარიგებული თამაშის გამო ნაკლებად წააგებინებენ მის გუნდს. მაგალითი: შარშან შსს-ს გუნდი გორის დილა რომ გასულიყო თასზე, ნამდვილ ჩემპიონს მეტალურგს ჩემპიონობა ჩამოართვეს, მისცეს ზესტაფონს, ზესტაფონის პირველობით კი გორის დილა გავიდა ევრო-ლიგაზე. ეს არის ქართული ფეხბურთის სახე.
3. რაშია გამოსავალი?
პასუხი - ფეხბირტოს სრული დეპოლიტიზაციაში და ფედერაციაში ახალი, პროფესიონალი და სუფთა კადრების მოსვლაში, რომლებიც დააწესებენ სასტიკ ჯარიმებს და სასჯელს ყოველნაირ მოსყიდვებზე და გარიგებულ თამაშებზე.
ამის შედეგად, ბრძოლა იქნება მხოლოდ სპორტული პროფესიონალობიდან გამომდინარე. ხალხიც დაინახავს, რომ მის გუნდს უსამართლოდ არ სჯიან, დაიწყებენ სიარულს, ქართული ფეხბურთი უფრო პოპულარული გახდება და ინვესტიციებიც გამოჩნდება შემდეგ...
მაგრამ, არა მგონია ეს გამოვიდეს...
ჭირი იქა ლხინი აქა...