ზესტაფონი-დინამო თბ 0:1 - "დინამომ" რევანში აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
ახლო წარსულში "ზესტაფონისა" და "დინამოს" ურთიერთშეხვედრებში ჩემპიონის ბედი წყდებოდა. ამჟამად საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ "დინამოა" ჩართული და პირველობის ყველაზე კარგი შანსი სწორედ მას აქვს.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" კი მიმდინარე ჩემპიონატი ჩააგდო და წლეულს საპრიზო სამეულს მიღმა რჩება.

მიუხედავად გუნდების განსხვავებული მიზნებისა, შეხვედრას ინტრიგა არ აკლდა. ზესტაფონელებმა მიმდინარე ჩემპიონატში საკუთარ არენაზე "დინამოს" ერთხელ უკვე აჯობეს და მათ "გამწარებაზე" ახლაც არ იტყოდნენ უარს. მით უმეტეს, როცა ზედაექვსეულის წინა მატჩებში ერთშიც ვერ მოიგეს და საკუთარი გულშემატკივრების წინაშეც მართებდათ რეაბილიტაცია.

Sportall.Geთავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ
შეხვედრამ მაყურებელთა იმედები ვერ გაამართლა. საკმაოდ მოსაწყენი თამაში გამოდგა, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და სახიფათო მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა.

თამაშის დაწყებამდე ორივე გუნდის მოთამაშეებმა სპეციალური ბანერით მხარდაჭერა გამოუცხადეს ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელ გიორგი ონიანს, რომელმაც ბოლნისის "სიონთან" სათასო მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო.

ფეხბურთელის მიმართ თანადგომა ზესტაფონელმა გულშემატკივრებმაც გამოხატეს.

შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო, გუნდები ფრთხილად მოქმედებდნენ და ერთმანეთის შეცდომებს ელოდებოდნენ. პირველად მასპინძლებმა შეაწუხეს მეტოქე, ბოტი დემელმა თბილისელი მცველების შეცდომით ისარგებლა და ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა. ივუარელმა მეკარის მოედანზე გამჭოლი გადაცემა გააკეთა, თუმცა გიორგი ლორიამ იგი კუთხურზე მოიგერია.

დინამოელებმა გივი კვარაცხელიას თავური დარტყმით უპასუხეს, რომელიც მცირედით ასცდა მიზანს. უნდა აღვნიშნოთ ზესტაფონელთა 18 წლის შემტევის, ავთო ენდელაძის აქტიურობა, რომელიც რამდენჯერმე მოექცა ყურადღების ცენტრში. ტაიმის შუაში მას ანგარიშის გახსნაც შეეძლო, როცა დემელის შეტევის შემდეგ ლორიასგან გამოვარდნილი ბურთი საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში გაგზავნა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა და ხარიხას გადააცილა.

ტაიმის ბოლოს თბილისელები გააქტიურდნენ და მეტოქეს ფლანგებიდან შეუტიეს, სადაც კოტო და გრაიციარი აქტიურობდნენ, თუმცა მათი ფლანგური გადაცემები კვარაცხელიამ და ხმალაძემ ვერ გამოიყენეს.

შესვენების შემდეგ "დინამომ" უფრო აქტიურად შეუტია. ჯერ იყო და კუთხურის შემდეგ გიორგი სეთურიძის სახიფათო თავური ასცდა მიზანს, მომდევნო შეტევაში კი დინამოელებმა ანგარიშიც გახსნეს.

ჩისკოს კარგი თამაშისა და ზუსტი გადაცემის შემდეგ ლევან ხმალაძემ შორიდან მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ძლიერად დაარტყა. როინ კვასხვაძეს რეაქცია დაუგვიანდა, ბურთს თითებით კი შესწვდა, მაგრამ საკუთარი გუნდი გოლისგან ვერ იხსნა.

თბილისელთა გოლის შემდეგ, წესით და რიგით, ზესტაფონელები უნდა გააქტიურებულიყვნენ, მაგრამ მასპინძლებმა თამაშში სიმწვავის შეტანა ვერ მოახერხეს, მათი შეტევები ადვილად იკითხებოდა და დინამოელებს განსაკუთრებულ ხიფათს არ უქმნიდა. მომდევნო 20 წუთის განმავლობაში უღიმღამო ბურთაობა მიმდინარეობდა. ტრიბუნები კვლავ სტუმრებმა გამოაფხიზლეს, როცა მერებაშვილის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთი მცველებისგან უყურადღებოდ მიტოვებულმა ხმალაძემ კარში დაარტყა.

ამჯერად ზესტაფონელები გოლისგან მეკარე კვასხვაძის შესაშურმა რეაქციამ გადაარჩინა.

მასპინძლებს მონდომებას ვერ დავუწუნებთ, მაგრამ მათ თამაშის "შემოტრიალების" რესურსი არ აღმოაჩნდათ. ზესტაფონელები "სტანდარტულებითა" და საჯარიმოში ბოტი დემელის მისამართით გაკეთებული მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდნენ ეხეირათ, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა.

ეილიჩის შორეულ დარტყმასა და ბოტი დემელის უზუსტო გასროლას თუ არ ჩავთვლით, მასპინძლებს მეორე ნახევარში რეალური საგოლე მომენტი არც ჰქონიათ.

დარჩენილ დროში დასამახსოვრებელი ის იყო, რომ შეცვლაზე შესულ დინამოელ ფორვარდ ჯაბა დვალს ადგილობრივი გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. მოგეხსენებათ, დვალი წლების განმავლობაში "ზესტაფონში" თამაშობდა და ადგილობრივები მას ახლაც დიდ პატივს სცემენ.

"დინამომ" ამ მოგებით "ზესტაფონთან" მეორე წრეში განცდილი მარცხისთვის (1:2) რევანში აიღო და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. "ზესტაფონისგან" კი, რომელიც გაახალგაზრდავების გზას ადგას, გულშემატკივრები უკეთეს თამაშსა და ზედა ექვსეულში პირველ გამარჯვებას მოელიან.

VideoSportall.Ge
14.04.13. ზესტაფონი - დინამო 0:1


მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი:
"რთული თამაში იყო. მატჩის დაწყებამდე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "დილამ" "ჩიხურა" დაამარცხა და მოგების გარდა, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებდა. მადლობა მინდა ვუთხრა ფეხბურთელებს, რომლებმაც დავალება კარგად შეასრულეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს".

კახა კაჭარავა:
"წავაგეთ და ბუნებრივია, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივეცით თავის გამოჩენის შანსი, მათ გარჯას ვერ დავუკარგავ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ზედა ექვსეულში ჯერ ერთი მატჩიც ვერ მოვიგეთ."

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტურის სხვა მატჩები

ჩიხურა-დილა 1:2 - უხეშობა მოედანზე, ინციდენტის საფრთხე ტრიბუნებზე [VIDEO]
ტორპედო-ზუგდიდი 2:0 - დაგეგმილი სამი ქულა [VIDEO]
დინამო ბთ-მეტალურგი 0:1 - როცა რუსთავი ანკარაა
სიონი-მერანი 3:1 - ჰეთ თრიკი და სამი პენალტი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 0:0 - დაკარგული შანსების მატჩი

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაჭარავა დაახვიერა შენიძ ონძებიად
iarkli
17:05 15-04-2013
0
"ბოტი დემელმა თბილისელი მცველების შეცდომით ისარგებლა და ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ივუარელმა მეკარის მოედანზე გამჭოლი გადაცემა გააკეთა, თუმცა გიორგი ლორიამ იგი კუთხურზე მოიგერია"

რა ივუარელი ხალხნო? ივუარ - სპილოს ძვალს ნიშნავს. ქვეყანას კი კოტ დ'ივუარ ქვია - სპილოს ძვლი ნაპირი...
ყველაფრის შემოკლება კი არ შეიძლება!!!
უშანგი
12:10 15-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული