როინ ონიანი: ჩვენი დაჭერით უარესი ამბები გადაფარეს, ხალხმა კი არაფერი იცის

AutoSharing Option
19 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში, "ზუგდიდმა" თბილისის "დინამოსთან" 0:2 წააგო. საყურადღებო ის მოხდა, რომ მეორე ტაიმში დინამოელმა ჩისკომ მასპინძელთა მცველს ნიკა აფაქიძეს ხელი სახეში ჩაარტყა.

მაგრამ ეს არ ყოფილა იმ მატჩის დროს მომხდარი ერთადერთი ინციდენტი: როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა გვითხრა, მატჩის შემდეგ "ზუგდიდის" კაპიტანი როინ ონიანი თბილისური კლუბის პრეზიდენტს, რომან ფიფიას შეეკამათა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად და დასაზუსტებლად ონიანს დავუკავშირდით. წინასწარ გეტყვით, რომ ამ ინტერვიუმ სკანდალური გაგრძელება ჰპოვა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ
საზოგადოებას ჩაწყობილ მატჩებში მხილებული და დაკავებული 5 მოთამაშის შესახებ ამცნო.

ამ საქმეზე კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) თანამშრომლებმა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების ფეხბურთელები: სპარტაკ გოგია, კახა კირთაძე (ორივე - "სამტრედია"), ლევან ვართაგავა, როინ ონიანი (ორივე - ზუგდიდის "ბაია") და გიგა ბეჭვაია (თბილისის "ვიტ- ჯორჯია") დააკავეს.

კუდ-ის თანამშრომლების მოხსენებების მიხედვით, ეს ფეხბურთელები სისტემატურად შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელთან, დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ წინასწარ ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშის შედეგებს.

2011 წელს როინ ონიანი "ბაიას" კაპიტანი იყო. მას ბრალად წაუყენეს, თითქოს 2011 წლის 19 აპრილს თბილისის "დინამოსთან" მატჩის სასურველი შედეგის განსაზღვრისთვის გუნდში 12 000 ლარი მიიტანა.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ამ ხუთეულს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა, მაგრამ სიჭინავამ 2012 წლის 4 იანვარს გადაწყვეტილება გააუქმა და მათ ამნისტია გამოუცხადა.

რომან ფიფიას მიერ "ლელოსთან" მიცემულ ინტერვიუში ნახსენები ფრაზა "ფეხბურთელს მაქინაციებისთვის იჭერ, მერე უშვებ და საკუთარ კლუბში ასაქმებ - ყოველივე ამას განა რაიმე კომენტარი სჭირდება?" გახდა ონიანის გაბრაზების საფუძველი - ის ზუგდიდურ კლუბში 2012 წელს დააბრუნეს.

როინ ონიანს ინტერვიუ ჩამოვართვით.

Sportall.Ge
ფოტოზე: როინ ონიანი (მარცხნივ) "დინამოსთან" მატჩში
- გულახდილად ვილაპარაკოთ?
- საერთოდ, გულახდილი ადამიანი ვარ.

- ფიფიასთან კონფლიქტი რატომ მოგივიდა?
- მომხდარს კონფლიქტსაც ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ინტერვიუში ნათქვამი ამ ფრაზის შემდეგ მსურდა, ფიფიას შევხვედროდი და ყველაფერი გამერკვია. გული მაქვს, ქვა კი არა და პატარა ბავშვივით განვიცდი, რაც მაშინ და მას შემდეგ ხდებოდა. ახლა, მატჩის შემდეგ ფიფია მოედანთან ჩამოვიდა და ვუთხარი, რომ ზუგდიდში დაბრუნებული ის მოთამაშე ვარ, ინტერვიუში რომ მახსენა, ფული ჩემი შრომით მიშოვია და არა თამაშების გაყიდვით და ა.შ.

მოკლედ, ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ფიფიამ ხელი ჩამომართვა, ამდენი არ ვიცოდი, კაცი ყოფილხარო და ყველაფერი კარგად დასრულდა. იმიტომ, რომ ბატონმა რომანმა კარგად გაიგო, რაც 2011 წელს მოხდა. არადა, ხალხმა მაშინდელ ამბებზე ბევრი არაფერი იცის.

- კითხვები მართლაც არსებობს, მაგრამ არავინ არაფერს ამბობთ და სიმართლეს სიზმარში ვერ გავიგებთ. თუ ჩირქი დაუმსახურებლად მოგცხეს, რატომ არაფერს ამბობ?
- მე არ ვარ ის კაცი, პირი დავაღო და ყველაფერი ვილაპარაკო, თორემ 2011 წელს მომხდარზე მართლა არასწორი ამბები იცით. ტელევიზიით ნაჩვენები კადრების მიღმა ბევრი რამ დაიმალა.

- კონკრეტულად რა დაიმალა?
- ის, ვინც მუშაობდა კადრებს მიღმა და, რაც მთავარია, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მას შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობ, მომხდარს ვაანალიზებ და ასე მგონია, რომ იმდროინდელი მოვლენების გამო ხელების ჩვენზე შეწმენდა გადაწყვიტეს. თავად დაფიქრდით: ზუსტად 2 მაისს დაგვაკავეს, როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი მოკლეს, მაგრამ ქართულ ტელევიზიებში წამყვანი ჩვენი თემა გახდა. ამით უშიშროებამ კარგი პიარი გაიკეთა.

- და ეს რაში აძლევდათ ხელს?
- კარგად გაიხსენეთ, მაშინდელ პრესკონფერენციაზე რა დოკუმენტები წარმოადგინეს? უეფას გამოძიების მიერ გამოგზავნილი საეჭვო მატჩების ჩამონათვალი. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ 28 თებერვალს გამოგზავნილი ეს წერილი საქართველოში 29 აპრილს ჩამოსულა. ეს იმ დროს, როდესაც მსგავსი წერილების მისაღებად მაქსიმუმ 10 დღე საკმარისია. ჩვენ კი 2 მაისს დაგვაკავეს. კითხვა მაშინ დამებადა, ორი თვე რას ელოდნენ და რა რეაგირება მოახდინეს თებერვლამდე დაფიქსირებულ საეჭვო მატჩებზე - "დინამო"-"ბაიას" შეხვედრა ხომ 2011 წლის 19 აპრილს გაიმართა?

- რაზე მიგვანიშნებ?
- იმაზე, რომ უეფამ სერიოზული გამოძიება ჩაატარა და შესაბამისი საბუთები გამოგზავნა. მე ვფიქრობ, რომ ამ ბრალდებებში ნახსენები პიროვნებებისა და კლუბების დასაფარად დასჭირდათ ეს ორი თვე, რომ ვეშაპების ნაცვლად, ჩვენნაირი ლიფსიტები გამოეჭირათ.

თქვენი აზრით, ტოტალიზატორებში დიდ ფულს ჩვენნაირი მოთამაშეები შოულობდნენ? ფეხბურთელები შავი ტოტალიზატორის წარმომადგენელთან, დავით გაბედავასთან კორუფციულ გარიგებაში სისტემატურად შედიოდნენ და დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ წინასწარ ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშის შედეგებსო. არადა, ეს გაბედავა კუდ-ის თანამშრომლებთან ერთად შემხვდა. მეტიც, როდესაც გაგვათავისუფლეს, იგივე გაბედავა გარეთ ისევ კუდ-ის ხალხთან და მათ მანქანაში დაგვხვდა.

ისე გამოვიდა, რომ კუდ-ი ჩვენს დანაშაულში ჩათრევას ცდილობდა. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი კითხვა - რატომ აკეთებდნენ ამას კუდ-ის თანამშრომლები? მათი მოვალეობა ხომ დანაშაულის აღკვეთა იყო და არა კრიმინალში ხალხის ჩათრევა? იქნებ ეს ყველაფერი პიარის გასაკეთებლად მოიფიქრეს, რომ საქართველოში ჩაწყობილ თამაშებს ებრძოდნენ.

და კიდევ ვიმეორებ: ხომ არ გადაეფარნენ გაცილებით გავლენიან ხალხს, ვინც ტოტალიზატორებში მართლა დიდ ფულს შოულობდა?

მგონია, რომ ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, რადგან მაშინ ხელები ჩვენზე შეიწმინდეს. არადა, თქვეს, ამაში 180 მოთამაშე იყო გარეულიო და ბოლოს მხოლოდ 5 დავრჩით. ან ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ბოლომდე რატომ არ აჩვენეს, მანქანაში რას ვლაპარაკობდი?

- ამ ეჭვებს აქამდე რატომ არ ამხელდი?
- რა აზრი ჰქონდა? მე პატარა კაცი ვარ და მაშინ სიმართლეს ვერავის დავუმტკიცებდი, ჩემზე და სხვა დაჭერილებზე ხომ პიარი გააკეთეს და ვითარებას როგორ შემოვატრიალებდი?

რა სიმართლის დამტკიცებაზეა ლაპარაკი, როდესაც დამაკავეს, ადვოკატის აყვანის უფლება არ მომცეს და თავში დანა დამარტყეს. არადა, ეს გაბედავა რომ გამოჩნდა და ბოლოს ბაზაზე გვეახლა, დავეჭვდი და ბიჭები თავად გავაფრთხილე, საეჭვოდ გვიტრიალებენ და ახლოს არ გაეკაროთ-მეთქი. ჩემი ბრალი ის იყო, მთელი ცხოვრება ფეხბურთს შევწირე და მათთან დალაპარაკებასაც ვნანობ.

მაგრამ ამის მიღმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დანაშაულებები რომ დაიმალა და მე ქვეყნის დამაქცევარი გამოვედი, ეს უსამართლობაა და ფიფიასთვის ამის თქმა მსურდა.

მე კი იმაში შევცდი, რომ მოგზავნილ ხალხს დაველაპარაკე. თუმცა, "დინამოსთან" იმ შეხვედრის ჩაწყობაში ნაღდად არ ვმონაწილეობდი - დავიფიცებ, რომ მართალი ვარ. მეტს აღარ ვიტყვი, დამბეზღებელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ყელში ამოვიდა ამდენი ბრალდება.

დიდ სიბინძურეებს პატარა ადამიანებთან ნუ ეძებენ - ამას აკეთებდნენ გაცილებით მაღალი დონის ხალხი და არა ჩვენ, ვისაც ამ დონესთან ხელი არ მიგვიწვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
როინ ონიანი: ვნანობ ჩადენილს და მზად ვარ, "ბაიაში" უხელფასოდ ვითამაშო
ამნისტირებული გიგა ბეჭვაია: იმედია, ჩემში ისევ ფეხბურთელს დაინახავენ
ხუთი მოკვეთეს, მთავარი თუ მოიკვეთება?
"გაყიდული თამაშები" - ვინ ვინ არის
სამართალდამცველებმა "გაყიდული თამაშები" გამოავლინეს
მკითხველის კომენტარები / 13 /
რა ქვეყანაც ვართ, ისეთი ნმაკრები და ჩემპიონატი გავქვს. როგორი ფეხბურთელებიც გვყავს ისეთია ქართველი ერი, გამყიდველები და უნამუსო ხალხი ვართ, უწიგნური ქედმაღალი და არაფრის მაქნისი. შედეგი ეგააა...
zviadunia
19:18 28-04-2013
0
ვერ გვაიგე ვერაფერი. ამათ დაჭერას რა აზრი ქონდა უფრო დიდი ტევზი უნდა დაეჭირათ, მაგრამ ვისი ყ... ვის ტრა... ვერ გაიგებ. და საერთოდ თუ ადამიანი ჩაწყობილ თამაშებში არის ბრალდებული, როგორ მოუბრუნდათ კალამი და ბურთს და სტადიონს ისევ როგორ მიაკარეს. მოვტყ... ასეთი ფედერაცია
zviadunia
19:14 28-04-2013
0

სიახლეები პოპულარული