დიდი იყო მოლოდინი გულშემატკივარშიც. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მაყურებლის სიმრავლე არავის უკვირს, თუმცა შაბათს აქ ანშლაგი ვიხილეთ. ადგილობრივ ქომაგთან ერთად, ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ "დინამოს" გულშემატკივრებიც.
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი "დინამო" ამ ტიტულის კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად იბრძვის, ხოლო "დილას" წლეულს ჰქონდა ამბიცია, კლუბის ისტორიაში პირველად მოეპოვებინა ქვეყნის ჩემპიონობა.
გორელთა ამბიცია სწორედ ამ შეხვედრაში, თეორიულად თუ არა, პრაქტიკულად მაინც უკვე დასრულდა. შესაბამისად, "დინამოს" ჩემპიონობასაც, ალბათ, ვერაფერი შეუშლის ხელს. "დილას"
იხილეთ ვიდეო:
უშუალოდ მატჩის პირველი ტაიმი ნაკლებად, ხოლო მეორე საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მასპინძლებმა ე. წ. პირველ ნომრად ითამაშეს. გორელები შეტევების მრავალფაზიან განვითარებას ანიჭებდნენ უპირატესობას, "დინამო" კი სწრაფი საპასუხო იერიშებით ცდილობდა შედეგის მიღწევას.
სტუმრები შორიდან დარტყმებსაც ხშირად მიმართავდნენ, ოღონდ ისინი შეყრილაძისთვის ძირითადად უხიფათოდ სრულდებოდა, თუ არ ჩავთვლით მე-13 წუთზე გრაიციარის შორეულ დარტყმას, რომელიც ხელიდან გაუვარდა მასპინძელთა გოლკიპერს, მაგრამ იქვე თვითონ განმუხტა ვითარება.
მოედანზე თითქმის არ ჩანდა დუშან უჰრინის გუნდის გამოკვეთილი მოიერიშე ჯაბა დვალი. რამდენჯერმე გიორგი მერებაშვილმა კი სცადა შეტევის დასკვნითი ფაზის თავის თავზე აღება, მაგრამ საქმე არც მას გამოსდიოდა.
შესვენებამდე ორივე გუნდში საუკეთესო რგოლებად დაცვის ხაზები უნდა მივიჩნიოთ. მათი შეცდომები მინიმალური იყო. პირველი ნახევრის ყველაზე აღსანიშნავი ეპიზოდი კი 45-ე წუთზე მოხდა - გოგიტა გოგუას მიერ მეკარის ბაქანში განხორციელებულ ფლანგურ ჩაწოდებას ირაკლი მოდებაძე თავურით გამოეხმაურა, თუმცა გიორგი ლორიას კარისკენ გაგზავნილი დარტყმა გოლკიპერის სწრაფმა რეაქციამ გაანეიტრალა.
შესვენების შემდეგ "დილამ" ბურთის კონტროლს უმატა. ამ ფონზე, განსაკუთრებით, მეორე ტაიმის დაახლოებით 15 წუთი, "დინამოც" დაბნეული გამოიყურებოდა. 48-ე წუთზე ირაკლი მაისურაძის ჩაწოდებული ლორიამ ხელში ვერ შეიმაგრა, მაგრამ იქვე მყოფ მაისურაძესაც არ მისცა დამატების საშუალება და სტუმართა კარი გადარჩა.
შვიდ წუთში გორელების სწრაფი კონტრიერიშისას ჟუნიორმა ბურთის მიღებისას ეფექტურად ჩამოიცილა მეურვე და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ლორიას უკვე ვეღარ აჯობა.
ცოტა ხანში მაისურაძის მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათო დარტყმულზე ისევ ლორიამ ივარგა.
მოვლენათა განვითარებაში შეცვლების მეშვეობით ჩარევა მწვრთნელებმა გვიან გადაწყვიტეს. პირველად ვალდას ივანაუსკასმა შეუშვა მინდორზე ჯერ ზურაბ არზიანი, შემდეგ მიხეილ გორელიშვილი. ორივე მათგანი მალევე დაემუქრა მეტოქის კარს "თავისი წილი" ხიფათით.
77-ე წუთზე არზიანის მიერ კართან ჩაკიდებულზე მოდებაძემ ერთხელაც დაასწრო მცველებს თავით, მაგრამ "დინამოს" გოლკიპერი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ცოტა ხანში გორელიშვილს შორიდან ძლიერად გასროლილზე ოდნავ უმტყუნა მიზანმა. აქვე ივანაუსკასმა ცენტრალური მცველი (გულვერდ თომაშვილი) გაიყვანა თამაშიდან და შეტევა რისკის ფასად გააძლიერა.
მისგან ეს ნაბიჯი მოსალოდნელიც იყო, რადგან "დილასთვის" წაგებასა და ყაიმს შორის სხვაობას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ამასობაში კი მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდიც მოახლოვდა: "დინამოელთა" მიერ შეყრილაძის კართან ჩაწოდებული ბურთი კახა ალადაშვილმა უკუაგდო, თუმცა საჯარიმოს მისადგომებთან გადმოვარდნილი ბურთი ალვარომ ისე მოირგო ფეხზე, რომ უძლიერესი აბრაგანით ბრწყინვალე გოლი გაიტანა!
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ "დინამო" ძალიან ახლოსაა ჩემპიონობასთან; "დილას" კი, მართალია, ამჯერად არ გაუმართლა, მაგრამ ყველაფერი არაა დაკარგული, ოღონდ ახლა მთავარია, გუნდის შემადგენლობის შენარჩუნება მოხერხდეს.
მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი (დინამო):
"რასაკვირველია, ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მოგეხსენებათ, ორ ფრონტზე გვიწევს ასპარეზობა და ჩვენი ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები ჩანდნენ, გორის "დილა" კი უფრო მხნედ გამოიყურებოდა. მეორე ნახევარი ცუდად დავიწყეთ. საბოლოოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ და კიდევ უფრო მივუახლოვდით ჩემპიონობას".
ვალდას ივანაუსკასი (დილა):
"დღეს მოედანზე თამაშობდა მხოლოდ ერთი გუნდი და ეს იყო "დილა" , მაგრამ ქულები "დინამომ" მოიპოვა. ვულოცავ მათ, ვისაც ასე უნდოდა "დინამოს" ჩემპიონობა! სამწუხაროდ, ინტრიგა, რომელიც ჩემპიონატის ფინიშზე შესაძლებელი იყო, ძალიან გაზრდილიყო - ფაქტობრივად მოკვდა! ჩვენ წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ადამიანები ყვითლებში (მსაჯები - ვ.ბ.) სხვაგვარად მოქმედებენ. საერთოდაც, ჩანს, რომ აქტიურად მიმდინარეობს კულუარული თამაშები. სამაგიეროდ, მე ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს დღეს საქართველოში!"
ტურის სხვა მატჩები
ტორპედო-ზესტაფონი 1:0 - ქუთათურთა ვერცხლის პერსპექტივა [VIDEO]
ჩიხურა-ზუგდიდი 2:1 - უმოტივაციობის მოტივაცია
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2 - ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება
სიონი-კოლხეთი 6:2 - გახსოვთ ძველი ახალაია?
მერანი-მეტალურგი 1:0 - მერანის მარტვილობა დასრულდა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვულოცავ დინამოს გამარჯვებას!