თუმცა, გარკვეული ინტრიგა მაინც არსებობს: ჯერჯერობით არც ის გუნდებია ცნობილი, ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე რომ იასპარეზებენ და ფოთის "კოლხეთთან" ერთად პირველ ლიგაში დაქვეითებული მეორე გუნდის ვინაობაც ხომ, დიდი ალბათობით, ბოლო ტურში გაირკვევა.
თუმცა, ეს ყველაფერი მოქმედი რეგლამენტიდან გამომდინარეობს. სამაგიეროდ, არავინ იცის, მომავალ სეზონში რა და როგორ იქნება.
არადა, ჩემპიონატის მოქმედი რეგლამენტით, ყველაფერი "მარტივადაა": უმაღლესი ლიგა XI და XII ადგილებზე გასულმა გუნდებმა უნდა დატოვონ და მათი ადგილი
მაგრამ ჯერჯერობით ყველასათვის უცნობია, თუ რა ფორმატით ჩატარდება საქართველოს 2013/14 წლების ჩემპიონატი, რამდენი გუნდი იასპარეზებს, რამდენწრიანი გათამაშება იქნება და ასე შემდეგ.
ეგ კი არა, ჯერჯერობით ისიც უცნობია, მომავალ პირველობას... დამოუკიდებლად ჩავატარებთ თუ საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული ჩემპიონატი გვექნება?!.
ჯერ რას მივხედოთ?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ "საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული ჩემპიონატის" იდეა გააჟღერა თუ არა, "ლელომ" ამ მართლაც აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული რესპონდენტი გამოჰკითხა.
წინა კვირაშიც ვწერდით, რომ რესპონდენტთა სპექტრი ფართო იყო (კლუბების ხელმძღვანელები, უმაღლესი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები, ვეტერანი თუ მოქმედი ფეხბურთელები, სპორტული ჟურნალისტები) და, რაც ყველაზე მთავარია, გამოკითხულთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა "საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული ჩემპიონატის" იდეას.
"ლელოს" პოზიციაც ამდაგვარი იყო და ამ თემასთან დაკავშირებული ვრცელი სტატიაც შემდეგნაირად დავასათაურეთ: "მოდი, ჩვენსას მივხედოთ!" (იხილეთ ვრცლად)
ისე, ჩვენი ჩემპიონატი რომ მართლაც მისახედია, არახალი ამბავია და ამაში, ალბათ, ბევრიც დაგვეთანხმება. ოღონდ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ჯერ რას უნდა მივხედოთ, ეგაა საკითხავი. ალბათ, მაინც ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და უმაღლეს ლიგაში გუნდების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა მიგვაჩნია უმთავრეს პრიორიტეტად, - ფაქტია, რომ "ექვსეულებად დაყოფის" სისტემას მინუსი უფრო ბევრი აქვს, ვიდრე - პლუსი.
არადა, გუნდებს სეზონის განმავლობაში, ერთი შეხედვით, თამაშების მეტ-ნაკლებად ოპტიმალური რაოდენობა (ჩემპიონატში 33 მატჩი, პლუს სათასო შეხვედრები) უგროვდებათ; მაგრამ ზედა და ქვედა ექვსეულებად დაყოფის შემთხვევაში, ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე უმოტივაციო გუნდებიც "წარმოჩნდებიან" და როგორ გინდა, ასეთ გუნდებს ყველა თამაშში მაქსიმალური თავდადებით ბრძოლა მოსთხოვო.
ისე, 12-გუნდიანი ჩემპიონატი, ჩვენს გარდა, ბევრგან ტარდება, თუმცა საქართველოს ანალოგიური მხოლოდ აზერბაიჯანში იყო; დიახ, იყო: მომავალი სეზონიდან ჩვენი მეზობლები 10-გუნდიან ჩემპიონატს ჩაატარებენ და გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდებიან.
მსგავსი სისტემით ასპარეზობენ შვეიცარიაში, ავსტრიასა და სლოვენიაში. თუმცა ეს "ეტაპი" ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს და ათგუნდიანი (ოთხ წრედ) ჩემპიონატი სამჯერ ჩავატარეთ: 2004-05, 2009-10 და 2010-11 წლების სეზონებში.
ამ ეტაპზე ათგუნდიანი უნდა გამოვრიცხოთ: პირველი ლიგის ორ გამარჯვებულს რატომ უნდა დავუკარგოთ მთელი წლის ნაშრომ-ნაღვაწი? აი, რაც შეეხება 12-გუნდიან პირველობას, ევროპის ბევრი ქვეყანა ატარებს ასეთ ჩემპიონატს, ოღონდ სხვადასხვა ფორმატით. ასე მაგალითად, ხორვატიაში, სლოვაკეთში, ირლანდიაში, დანიასა და ფინეთში 12 გუნდი სამ წრედ ასპარეზობს, თუმცა ამ შემთხვევაში, გუნდებს არათანაბარ პირობებში უწევთ თამაში: ზოგ მეტოქესთან სტუმრად ორი მატჩის ჩატარებაა საჭირო, ზოგთან კი - ორი საშინაოსი (ეს ყველაფერი წილისყრით რეგულირდება).
მოკლედ, სამწრიანი ჩემპიონატიც უამრავ კითხვას ბადებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ეტაპიც გავლილი გვაქვს: 2008-09 წლების სეზონის წინ მართლაც საინტერესო კლუბმა თბილისის "ამერმა" ფინანსური პრობლემების გამო უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი თქვა და ისე მოხდა, რომ 11-გუნდიანი ჩემპიონატი "დაგვრჩა".
ვერ იყო იდეალური ვარიანტი: ყოველ ტურში თითო გუნდს დასვენება უწევდა...
მარადიული დილემა: ხარისხი თუ რაოდენობა?
...უელსში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაშიც (აქაც და ზემოთაც უმაღლეს დივიზიონებს ვგულისხმობთ) 12-გუნდიანი ჩემპიონატია, ოღონდ ოდნავ განსხვავებული სისტემით: პირველ ეტაპზე ეს 12 გუნდი 3 წრედ ასპარეზობს და მხოლოდ ამის მერე ხდება გაყოფა ზედა და ქვედა ექვსეულებად. ანუ ერთწრიანი ტურნირი ემატება და საბოლოოდ, თითოეულ გუნდს ჩემპიონატში 38-38 თამაში უგროვდება.
მოკლედ, ჩვენი ფეხბურთის მესვეურებს სერიოზული დაფიქრება მართებთ: მომავალი სეზონისათვის რამდენგუნდიანი და რამდენწრიანი ჩემპიონატი გვექნება, "ჩვეულებრივი საკითხი" ნამდვილად არ არის. არადა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რა ფორმატი აღარ მოვსინჯეთ: 18 გუნდით დავიწყეთ, 20-გუნდიანიც გვქონია, 12-გუნდიანიც (ზედა და ქვედა ექვსეულები მეორე ეტაპს განახევრებული ქულებით რომ იწყებდა), 14-გუნდიანიც (ორ წრედ) და, ალბათ, ყველაზე ოპტიმალურად მიჩნეული 16-გუნდიანიც (ორ წრედ).
სხვათა შორის, ქართული საფეხბურთო საზოგადოების (კლუბების ხელმძღვანელების, უმაღლესი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელების, ვეტერანი ფეხბურთელების, არბიტრების) დიდი ნაწილი ყველაზე ოპტიმალურად სწორედ 16-გუნდიან ჩემპიონატს (ორ წრედ) მიიჩნევს. ოღონდ ამას უფრო პრივატულ საუბრებში აჟღერებენ, თორემ ხმამაღლა ერთი-ორმა თუ განაცხადა.
რა თქმა უნდა, მართლაც იდეალური იქნებოდა ეს ფორმატი: ყველა გუნდი ჩემპიონატის 30 მატჩს ჩაატარებდა და სათასო შეხვედრების ჩათვლით, სეზონის განმავლობაში თამაშების ოპტიმალური რაოდენობაც იქნებოდა.
მაგრამ აქ უკვე მეორე და არანაკლებ პრობლემატური საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში: არის კი საქართველოში ამდენი გუნდი, ლიცენზირების მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდეს?
ჰო, ისევ და ისევ სტადიონების პრობლემას მივადექით: უმაღლესი ლიგის რამდენიმე პერიფერიული გუნდი დღესდღეობით საშინაო მატჩებს რომ ატარებს, ის მოედნები ნეტავ რაიმე მოთხოვნას აკმაყოფილებს? კიდევ კარგი, დედაქალაქში აღარ არის ეს პრობლემა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაპირებას ასრულებს და უმაღლესი ლიგის მატჩები "შატილზე", "მერანსა" თუ "მარაკანაზე" აღარ ტარდება.
თუმცა, სფფ-ის ხელმძღვანელებს ისიც გვინდა შევახსენოთ, რომ ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას" სავარჯიშო მოედანზე (!) უმაღლესი ლიგისა თუ თასის (თანაც, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის) მატჩები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ტარდებოდეს...
...სტადიონების თემა მართლაც მარადიულ თავსატეხად გვექცა, თუმცა გუნდების "ხელოვნურად გაზრდის" ტენდენციაც მწარედ გვახსენდება: 2005 წლის ზაფხულში უმაღლესი ლიგის "რეორგანიზაციის" მიზნით ჩემპიონატის რეგლამენტი "ზემოდან" წამოსული ბრძანება-დირექტივით შეიცვალა!
ანუ 2004-05 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "ამნისტია შეეხო" გავარდნილ გუნდებს (ფოთის "კოლხეთი", გორის "დილა"); პირველი ლიგიდან ორი გამარჯვებულის ("ამერი", "ბორჯომი") გარდა, უმაღლესში III-IV-ადგილოსნებიც აღზევდნენ (თბილისის "სპარტაკი", თელავის "კახეთი") და, რაც მთავარია, მუდამ ქართულ ფეხბურთზე "მზრუნავ-დამაშვრალი" იმდროინდელი ხელისუფლების წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებით, უმაღლეს ლიგაში დაუშვეს სოხუმის "დინამო" და "ცხინვალი"!
ანუ ათგუნდიანიდან მაშინვე 16-გუნდიანზე გადავედით, თუმცა 2005-06 წლების სეზონის მსვლელობამ დაამტკიცა, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის ასე ხელოვნურად გაზრდა სერიოზული შეცდომა იყო. თანაც, სატურნირო ცხრილის ბოლო სამი საფეხური სწორედ იმ გუნდებმა დაიკავეს, უმაღლეს ლიგაში დაუმსახურებლად რომ მოხვდნენ: "ცხინვალმა", სოხუმის "დინამომ" და "სპარტაკმა"; თელავის "კახეთმა" კი უკვე მომდევნო სეზონში საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ანტირეკორდი დაამყარა: 26 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო და მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულა დააგროვა!
ყველაფერ ამ ზემოთქმულს თავი რომ დავანებოთ, საქართველოში მოიძებნება ფინანსურად წელში გამართული 16 ისეთი გუნდი, ჩემპიონატის სრულყოფილად დაწყება-გაგრძელება-დამთავრებას რომ შეძლებს?..
დაანონსებული იდეა
ამა წლის 14 იანვარს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სფფ-ში ჩატარებულ 12-თა საბჭოს სხდომაზე ერთობ საინტერესო წინადადება წამოაყენა და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებს ძირითად შემადგენლობაში 21 წლამდე 2 ახალგაზრდის თამაშის დაკანონება შესთავაზა (იხილეთ ვრცლად).
ეს ყველაფერი ჩემპიონატში გამოცხადებული ზამთრის პაუზის დროს მოხდა, თუმცა მეორე ეტაპისათვის ის იდეა არავის აუტაცია.
თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამ საინტერესო იდეის რეალიზება უკვე მომდევნო ჩემპიონატში მოხდეს.
კიდევ ვიმეორებთ - ერთობ საინტერესო, თუმცა არახალი იდეაა, რომელსაც დადებითიც ბევრი აქვს და უარყოფითიც, მაგრამ, მოდი, ამ საკითხზე "ლელოს" უახლოეს ნომრებში ვიმსჯელოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თურაშაულის პატრონი... პროგრამა, რომელიც დაიმტვერა