აქტუალური თემა: მოდი, ჩვენს ჩემპიონატს მივხედოთ!

AutoSharing Option
ფოტოზე: 2012 წლის 17 ივლისი. ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0

მშვენიერი პასი იყო...

...დაახლოებით ორი კვირის წინ იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" ახალი იდეა რომ გააჟღერა.

კარგად მოგეხსენებათ, რა იდეაზე იყო პირდაპირ ეთერში საუბარი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში ქართული, აზერბაიჯანული და ყაზახური გუნდები ამ სამი ქვეყნის გაერთიანებულ ჩემპიონატში იასპარეზებენო.

წინდაწინ ვთქვათ, რომ იდეა, თავისთავად, საინტერესოა, თუმცა უამრავი კითხვა მაშინათვე გაჩნდა და ამ ორი კვირის განმავლობაში "ლელოს" ფურცლებზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა ამ
თემასთან დაკავშირებით.

რესპონდენტების ფართო სპექტრი შევარჩიეთ: კლუბების ხელმძღვანელები, უმაღლესი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები, ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები, უცხოეთში მომუშავე ქართველი სპეციალისტები და ასე შემდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს მთავრობის წევრებმაც: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, საკლუბო დონეზე ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ.

მოკლედ, ზვიად სიჭინავამ მართლაც რომ "საინტერესო" და "ეშმაკური პასი მიაწოდა" ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას; თანაც, ამ ყველაფერს ჯერჯერობით არც პროექტის სახე აქვს და არც - ოფიციალური დოკუმენტის. ანუ ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იდეის დონეზეა.

თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გვეეჭვება სფფ-ის პრეზიდენტს ასეთი იდეა ისე, "უბრალოდ" შემოეთავაზებინა. ამის დასტურად "ლელოს" რესპონდენტთა იმ ნაწილის მოსაზრებაც გამოდგება, რომელთა აზრითაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი "გაერთიანებული ჩემპიონატის" იდეას საჯაროდ რახან გაახმოვანებდა, ესე იგი, უეფასთანაც ექნებოდა გარკვეული კონსულტაციები გავლილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით უეფას პოზიცია ჩვენთვის უცნობია, თუმცა იმის თქმა კი დაბეჯითებით შეიძლება, რომ "ლელოს" რესპონდენტთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქართული გუნდების მონაწილეობას "საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებულ ჩემპიონატში".

ჰო, ყაზახეთის ჩართვა ამ "პროექტში" მაშინათვე ყველამ გამორიცხა; ოღონდ ამის მიზეზად ყველას გეოგრაფიული ფაქტორი (და ამასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები) მოჰყავდა და რატომღაც, ყველას ავიწყდებოდა, რომ იმავე საქართველოს და აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, ყაზახეთის ჩემპიონატი "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემით ტარდება. ანუ, თუ მართლაც მოხდა საოცრება (!) და ამა წლის ზაფხულიდან საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტეს, იმასაც უნდა შეეგუონ, რომ ყაზახებს გვერდით ვერანაირად ვერ დაიყენებენ!

ისე, წარმოიდგინეთ, როგორი კურიოზული სიტუაცია შეიძლება მოხდეს: წამყვანმა ყაზახურმა კლუბებმა ("აქტობე", "ირტიში", "ქაირათი", "ასტანა", "შახტიორი"), თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატი "შუა გზაზე" რომ მიატოვონ და კავკასიისკენ "გამოიქცნენ"!..

უპასუხო კითხვები და განსხვავებული აზრი
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "ლელოს" რესპონდენტების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარებას.

ისე, ამ იდეასთან დაკავშირებით, ჩვენც უამრავი კითხვა გვაქვს: რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს ის რვა ქართული გუნდი? როგორ გადანაწილდება ევროპის საკლუბო ტურნირების საგზურები? რა ბედი ეწევა ჩვენს შიდა ჩემპიონატს და რაღა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ იქ მოასპარეზე ქართულ გუნდებს? როგორ გადაიჭრება მსაჯების, დამკვირვებლებისა თუ მატჩის დირექტორების საკითხი? როგორ რეჟიმში უნდა იმუშაონ საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების საშეჯიბრო კომიტეტებმა? რა ბედი ეწევათ საქართველოს პირველ, მეორე, ჭაბუკთა ლიგებსა და დუბლების ჩემპიონატს? რამდენად პროპორციული იქნება ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებში ლეგიონერთა ლიმიტი?

ჰო, ეს უკანასკნელი საკითხიც არანაკლებ აქტუალურია: შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში ამ სეზონიდან ახალი რეგლამენტი მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, ყველა გუნდი ვალდებულია, ნებისმიერ კალენდარულ მატჩში თავის ძირითად შემადგენლობაში ათამაშოს 3 ადგილობრივი პლუს ერთი 18 წლამდე ასევე ადგილობრივი ფეხბურთელი (თანაც, ამ 18-წლამდელის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ ამ ასაკის მოთამაშით უნდა მოხდეს).

მოკლედ, ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ კითხვებისა, ჩვენს მსგავსად "ლელოს" რესპონდენტთა უმრავლესობას რომ გააჩნია ამ იდეასთან დაკავშირებით. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე სპეციალისტი მიესალმება საქართველოსა და აზერბაიჯანის გუნდების ერთ ჩემპიონატში ასპარეზობას; უფრო ზუსტად, ამ იდეაში დადებითს უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე - უარყოფითს.

ახლო წარსულში ცნობილი თავდამსხმელის არჩილ არველაძის, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის კახა კაჭარავას, "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის ელგუჯა ქომეთიანისა და "მერანის" მთავარი მწვრთნელის მალხაზ ჟვანიას აზრით, ჩვენი ფეხბურთელები უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენენ და ჩვენი გუნდებისათვის ფინანსურადაც მომგებიანი იქნებ ამ ტურნირში მონაწილეობა.

თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ ეს უმცირესობის აზრია, უმრავლესობა კი ამ იდეას მეტად და მეტად სკეპტიკურად უცქერს და ქართულ-აზერბაიჯანული ჩემპიონატის ჩატარების ნაცვლად, ჩვენი ჩემპიონატის გაძლიერებასა და საერთოდაც, საკუთარი რესურსის მაქსიმალურად განვითარება-ხელშეწყობას მიესალმება.

ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი "სატყუარა" სოლიდური საპრიზო ფონდი იქნებაო, ამით რომ ამყარებენ საკუთარ არგუმენტებს, იმ გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობის პოზიციას ჩვენც 100 პროცენტით ვეთანხმებით. კონკრეტულ პიროვნებასაც დავასახელებთ: "ვიტ ჯორჯიას" დამაარსებელი და მეპატრონე გურამ რუხაძე, თითქოსდა ჩვენს გულში იყოო, როცა განაცხადა, რომ ქართულ გუნდებზე საპრიზო ფონდიდან თუ 25 მილიონი დოლარი უნდა გამოიყოს, ეს თანხა ჩვენს გუნდებს მოვახმაროთ და ორ-სამ წელიწადში აზერბაიჯანელებს უკან ჩამოვიტოვებთო!

ჰო, არახალი ამბავია, რომ ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას სოლიდურზე სოლიდური ბიუჯეტი აქვს და ძვირად ღირებული ლეგიონერების (ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების) ჩამოყვანაც უკვე ჩვეულებრივ ამბად აღიქმება.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია: აზერბაიჯანის ჩემპიონატში დღესდღეობით VII-VIII ადგილზე მყოფი გუნდების ("ხაზარი", "აზალი") ბიუჯეტი და ჩვენი წამყვანი კლუბების ფინანსური შესაძლებლობების შედარება არც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ასეა და იმიტომაც არსებობს სრულიად ლოგიკური შიში იმისა, რომ თუ მართლაც განხორციელდა ეს იდეა, იმ 16-გუნდიან ჩემპიონატში ქართული გუნდების უმრავლესობა შესაძლოა, აუტსაიდერობისათვის იყოს განწირული.

ჰოდა, ამიტომაც განაცხადა ჩვეული გულახდილობით წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და არანაკლებ წარმატებულმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით: იმ ფეხბურთით, დღესდღეობით რასაც ჩვენი გუნდები თამაშობენ, მეშინია, თავი არ მოვიჭრათო; ანუ, არ შევრცხვეთო და ვერაფერს ვიტყვით, მართალიც არის ჩვენი "მიხიჩა"...

ხანდახან სხვებსაც მოვუსმინოთ...
...უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა; თუმცა ამ იდეის ავტორებისათვის, ალბათ, უინტერესო არ უნდა იყოს ქართული საფეხბურთო საზოგადოების დამოკიდებულება ამ მეტად და მეტად აქტუალური საკითხის მიმართ. ანუ აუცილებელია ყველას აზრის გათვალისწინება: ვეტერანი ფეხბურთელი იქნება თუ მოქმედი, კლუბის ხელმძღვანელი თუ მთავარი მწვრთნელი, გულშემატკივარი თუ... ჟურნალისტი; თუმცა, ჩვენთან სპორტული მედიის მოსაზრება დიდად რომ არ აინტერესებთ, ამას დიდი ხანია, მიჩვეულები ვართ, - ეს ისე, ცნობისათვის...

...როცა კახა კალაძე და ლევან ყიფიანი ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებას საჯაროდ აფიქსირებენ, როგორც მთავრობის წარმომადგენლები კი არა, ამ შემთხვევაში ყოფილი ფეხბურთელების "სტატუსით" მსჯელობენ; ძნელია არ დაეთანხმო ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულსა და სერია A-ში ათი (!) სეზონის განმავლობაში მოასპარეზე კახა კალაძეს, რომელიც უმთავრეს პრიორიტეტად საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერებას მიიჩნევს და იმასაც დასძენს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, 15-16 წლის ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელებმა აქედან "თავის დაღწევაზე" არ იფიქრონ.

ალბათ, იმ ქართველი სპეციალისტების აზრიც გასათვალისწინებელი იქნება, დღესდღეობით აზერბაიჯანში რომ მოღვაწეობენ. ასე, მაგალითად, ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეც იმ აზრის გახლავთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ.

სხვათა შორის, ამ თემასთან დაკავშირებით "ლელოსთან" ინტერვიუში თბილისის "ამერის" ყოფილმა თავკაცმა გიორგი ჩიხრაძემ ერთობ საინტერესო ფრაზა თქვა: არა მგონია, მსგავსი ჩემპიონატის ჩატარება თვითონ აზერბაიჯანელებს ხელს რომ აძლევდეთო...

...საქართველოს ნაკრების პირველ კაპიტანს კახა ცხადაძეს ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველობაზეც უთამაშია და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც, სამწვრთნელო ასპარეზზეც არანაკლებ წარმატებას მიაღწია და უკვე მეოთხე სეზონია, აზერბაიჯანის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბს, ბაქოს "ინტერს" ავარჯიშებს.

ამ თემასთან დაკავშირებით "ლელოსთან" ინტერვიუში ცხადაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და თავისი ქართველი კოლეგების უმრავლესობის მსგავსად, იგივე კითხვებიც გაუჩნდა: "როგორ უნდა გადანაწილდეს ევროტურნირების საგზურები? რამდენად "სჭირდება" უეფას, მსგავსი ჩემპიონატის ჩატარებით პრეცედენტი შექმნას? რვა აზერბაიჯანულ და რვა ქართულ გუნდებს შორის (გნებავთ - ერთმანეთში) რამდენად იქნება დაცული "სამართლიანი თამაშის" პრინციპები?

ბოლო კითხვის პათოსს ჩვენც ვიზიარებთ: აზერბაიჯანული კლუბები ყველა შემთხვევაში ხომ ერთმანეთს "გაქაჩავენ", ჩვენები კი - ასევე ერთმანეთს. თუმცა, ქართველებს ხანდახან... "უცნაურობებიც" გვჩვევია და არც ის გაუკვირდეს ვინმეს, მსგავსი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რომელიმე ქართულმა გუნდმა "თანამოძმე" არ დაინდოს და ამით აზერბაიჯანულ კლუბს გაუკეთოს საქმე. ოღონდ ეს ყველაფერი რომ უანგაროდ არ მოხდება, ამას რა მიხვედრა სჭირდება.

სხვათა შორის, ბევრის აზრით, საქართველო-აზერბაიჯანის "ერთობლივი ჩემპიონატის" ჩატარების იდეა გარკვეულწილად "წარსულში დაბრუნებასთან" ასოცირდება: ამის მაგალითიც მოჰყავთ და არც გაემტყუნებათ: ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს, უმაღლესისა და პირველის გარდა, მეორე ლიგაც ხომ არსებობდა, სადაც რამდენიმე (ბოლო წლებში - 9) ზონა იყო და ერთ-ერთში ქართული, აზერბაიჯანული და სომხური გუნდები მონაწილეობდნენ (ხანდახან რუსეთისა თუ შუა აზიის გუნდებიც).

აი, იქ ხდებოდა, რაც ხდებოდა: სომხური გუნდები აბოვიანის "კოტაიკს" ეხმარებოდნენ, აზერბაიჯანულები - კიროვაბადის "ქიაფაზას", ჩვენთან კი ლანჩხუთის "გურია" და სამტრედიის "ლოკომოტივი" ერთმანეთს დანა-სისხლად იყვნენ გადაკიდებულნი...

...იმედი დავიტოვოთ, რომ ეს იდეა მხოლოდ და მხოლოდ იდეის დონეზე დარჩება; ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ასეა უპრიანი და სამომავლოდ რა იქნება, ამაზე მერე ვიფიქროთ. ეგ კი არა, ახლა იმაზე უნდა მიდიოდეს სჯა-ბაასი, 2013-14 წლების სეზონისათვის როგორი ფორმატის და რამდენგუნდიანი ჩემპიონატი უნდა გვქონდეს; იმაზეც, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ეხმარებოდეს ჩვენი მთავრობა ყველა ქართულ გუნდს - როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლუბებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუბა ტყავაძე: გული მწყდება - რატომ უნდა გავხდეთ ქართველები სხვების დასაცინი?
არჩილ არველაძე: საქართველოს ჩემპიონატი ჰოლანდიისას რომ შეუერთდეს, ცუდი იქნება?
კახა ცხადაძე: აზერბაიჯანელები ამ საკითხს ჯერ არ განიხილავენ
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა
გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით
მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება
გია გეგუჩაძე: რას ვუპირებთ საკუთარ ჩემპიონატს?
მკითხველის კომენტარები / 6 /
აქ ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე რაც მოვისმინეთ ფედერაციიდან, თორემ ევროსაგზურებში თუ შეგვზღუდეს ან აზერები თუ თანამმანი არ არიან, ტავისტავად არ გამოვა და ეგ არის... რაც შეეხება 50 მილიონის განაწილებას, ჩჰენ დამოუკიდებლად უნდა გავძლიერდეთ და არა მათი 25 მილიონის იმედად...
ალექსანდრე
12:57 26-04-2013
0
ჩვენთან აზერები ხომ მიამიტები ჰგონიათ, 50 მილიონს ჩადებენ და ჩვენ კლუბებს გაუნაწილებენ ნახევარსო, თურმე უეფაშიც სულ ბრიყვები სხედან და სოკარ-ლიგას 8 ევროსაგზურს გამოყოფენ!!! ბუნდესლიგა, პრიმერა, პრემიერლიგა სხვები უკან მოტოვებული იქნება :)
ფეხბურთი
18:55 25-04-2013
0

სიახლეები პოპულარული