მათ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად დღესდღეობით კლუბში არსებულ არასახარბიელო ფინანსურ ვითარებასა და სამომავლო გზებზე ილაპარაკეს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი კლუბის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნეს მედიას და საზოგადოებას.
ლევან ყიფიანი:
- ჩვენ შევიკრიბეთ გორის "დილაში" არსებული პრობლემების გარშემო სამსჯელოდ.
ხვალიდან გუნდის ხელმძღვანელობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ფეხბურთის ფედერაციის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება ერთობლივი კომისია, რომელიც იმუშავებს გუნდის ფინანსური დავალიანებისა და სამომავლოდ კლუბის ფუნქციონირების საკითხზე.
ყველანაირად შევეცდებით, წარმოქმნილი პრობლემები უახლოეს დროში დადებითად გადაიჭრას, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მუშაობაში ხელი რომ არ შეეშალოთ.
ვფიქრობ, რომ "დილა" ის გუნდია, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს!
- კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს კომისია, რა ხასიათის პრობლემები დგას გუნდის წინაშე?
- პირველ რიგში, ეს არის ფინანსური პრობლემები, რომლის მოგვარებასაც შევეცდებით უახლოეს მომავალში.
- თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო გუნდის ამ მდგომარეობაში ჩავარდნა?
- 3 აპრილს უეფაში გაიგზავნა ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება, რომელშიც ყველაფერი ისე იყო მოცემული, რომ აკმაყოფილებდა ამ ორგანიზაციის მოთხოვნებს. თუმცა პრობლემა მაინც დადგა, რომელიც თურმე თვეების განმავლობაში გროვდებოდა და ბოლო ხანს იფეთქა კიდეც.
ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, რეაგირება მოგვეხდინა. ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის, აბსოლუტურად გაურკვეველი იყო კლუბის დაფინანსების წყარო, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვისაც.
დღესდღეობით შსს მინისტრი საქართველოში არ იმყოფება. ტელეფონით ვესაუბრე და როცა დაბრუნდება, ამჟამინდელ მდგომარეობაზე მასაც ჩავაყენებ საქმის კურსში.
- ანუ თანხების მობილიზება კანონგარეშე გზებით ხდებოდა?
- ეს სხვა უწყებების პრეროგატივაა, ამაზე მე დღეს ვერ ვილაპარაკებ.
ზვიად სიჭინავა:
- დაფინანსების შემთხვევაში, გუნდისთვის აქამდე არსებული დავალიანების გასტუმრებასა და სეზონის ჩამთავრებაზეა აღებული აქცენტი თუ ევროტურნირებისათვის სათანადო მომზადებასა და გამოსვლაზე?
- ყოველთვის ვამბობ, რომ გორის "დილა" არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საქართველოში. შარშან ამ გუნდმა ყველაზე ღირსეულად წარმოაჩინა ქართულ კლუბებიდან ჩვენი ქვეყანა. გვინდა, ამისათვის წლეულსაც შევუწყოთ ხელი.
დავალიანების გასტუმრების საკითხი ფედერაციას შეეძლო მიმდინარე თვის ბოლომდეც გადაეწყვიტა, მაგრამ ჩვენი ჩამოსვლის მიზანი სწორედ ისაა, რომ მომდევნო სეზონის შესახებ გვემსჯელა. ვფიქრობ, ცუდი მენეჯმენტია კლუბის ამ მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზი.
ბატონი მინისტრის შემოთავაზებით კომისია შევქმენით და სიღრმისეულად ვიმუშავებთ გამოსავალ გზებზე. დავალიანების საკითხის მოგვარება ფედერაციის ვალდებულებაა და ჩვენ შეგვიძლია მისი გადაწყვეტა. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორი გუნდი იქნება სამომავლოდ "დილა" - მუდმივად ლიგიდან "გავარდნის" პირას მყოფი თუ დღევანდელივით საუკეთესოთა შორის? ჩვენ გვინდა, ის ისევ საუკეთესო იყოს.
ხვალიდან მე მზად ვარ, კიდევ ჩამოვიდე გორში. სპორტის სამინისტროდან ჩამოვლენ ეკონომისტები, ფინანსისტები, რომლებთან ერთადაც დავსახავთ გუნდის მენეჯმენტს. შემდეგ შევადგენთ წერილს სპორტის და ფინანსთა მინისტრების სახელზე და დავიწყებთ ამ თანხების მოზიდვას. ამას ვიწყებთ უკვე ხვალიდან!
ლევან ყიფიანი:
- მოგეხსენებათ, არსებობენ მუნიციპალური და კერძო კლუბები. ჩვენ ვამბობთ, რომ უწყებრივი კლუბები არასწორია, მაგრამ სანამ არ შეიცვლება ვითარება, ამის გარშემო უნდა ვიტრიალოთ. ძალით შექმნილმა კლუბმა სადამდეც მიგვიყვანა, კარგად ჩანს. ამიტომ ვცდილობთ, რომ კალაპოტი შევუცვალოთ ამას და წავიყვანოთ იგი სწორი მიმართულებით.
ამჟამინდელ ვითარებაზე საქმის კურსშია ქვეყნის ხელმძღვანელობა. ალბათ, მთავრობის სხდომაზეც წამოიჭრება ეს საკითხი და "დილაში" დღეს არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
სოსო ვახტანგაშვილი:
- ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ გორის "დილას" ჰქონდეს სტაბილურობის განცდა და აღარ იყოს პრობლემები გუნდში. კერძო პირი თუ დაინტერესდება კლუბის შეძენით, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით. ხელს შევუწყობთ აგრეთვე ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლების განვითარებას, რათა სამომავლოდ სანახევროდ მაინც მათი კონტინგენტით იყოს კლუბი დაკომპლექტებული.
ამასთან, ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ სტადიონის ჩრდილოეთ მხარის იმგვარად მოწესრიგებაზე, რათა აქ ევროტურნირების პირველი ეტაპის საშინაო მატჩი მაინც გაიმართოს.
კლუბს არც მომდევნო სეზონში მივატოვებთ და თუ "დილას" პატრონობაზე კერძო სექტორიდან არავინ გამოიჩინა ინიციატივა, მაშინ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ თანხებსაც გავითვალისწინებთ და გუნდს უყურადღებოდ არ მივატოვებთ!
* * *
პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილეს აგრეთვე "დილას" მენეჯერის, გია ისიანის მიერ ამას წინათ საბიუჯეტო კლუბების განვითარების შესახებ წარმოდგენილ ე. წ. სამწლიან პროექტზე, რომელზეც ლევან ყიფიანმა თქვა, რომ პროექტი ურიგო არაა, მაგრამ დახვეწას საჭიროებს.
ნიშანდობლივია, რომ ვიდრე შეხვედრა და შემდეგ პრესკონფერენცია მიმდინარეობდა, სტადიონზე გუნდის მხარდასაჭერად შეკრებილი იყო უამრავი გულშემატკივარი, ადგილობრივი სასპორტო სკოლების ხელმძღვანელები, სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები...
ინტერნეტპრესკონფერენცია: რა ელის გორის "დილას"
დაუსვი კითხვა კლუბის მენეჯერ გია ისიანს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პროტესტის 5 წუთი - გორის "დილა" კლუბებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს
არ დაგვიშალოთ კლუბი! - გორელი ქომაგი "დილას" დასაცავად
ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!