ამირან ღიბრაძე: მე "ზესტაფონის" პრეზიდენტად? სრულიად შესაძლებელია

AutoSharing Option
ილია კოკაიას "ზესტაფონიდან" წასვლაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ და მართალია, დღეს გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ასე მოხდება, მაგრამ მოვლენათა ამგვარი განვითარების ალბათობა ნამდვილად არსებობს.

შეგახსენებთ, უკვე საკმაო ხანია, კლუბის მომავალი ბურუსით არის მოცული და ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ვადებში მოგვარდება შექმნილი პრობლემები და რა სახით წარსდგება "ზესტაფონი" მომავალ სეზონში გულშემატკივართა წინაშე.

რაც შეეხება კოკაიას, გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, მან თავისი საფეხბურთო საქმიანობა ბათუმის "დინამოში" გააგრძელოს.

10 ივნისს კი ერთი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიპოვეთ - აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
იმის თაობაზე, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტის პოსტი თბილისის "დინამოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ამირან ღიბრაძემ დაიკავოს.

"ლელო" მას კომენტარისთვის დაუკავშირდა და ღიბრაძემ საქმის არსში დეტალურად გაგვარკვია. ყოველგვარი შესავლის გარეშე, პირდაპირ გაგაცნობთ მის პოზიციასა და გეგმებს.

"ვიცოდი, რომ ილია კოკაია "ზესტაფონიდან" წასვლას აპირებდა, მაგრამ მასთან დაკავშირებასა და ინფორმაციის გადამოწმებას ვერაფრით ვახერხებ.

ცნობისთვის, ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ამ ადამიანს "ზესტაფონისა" და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში ჩააგდეს, ამდენი წლის ნაშრომ-ნაწვალებზე უარს რომ ამბობს.

ჯერ დადასტურებით არც ის ვიცი, იგი ფეხბურთიდან საერთოდ მიდის თუ ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს მუშაობას. მოკლედ, ჯერ საბოლოოდ დავაზუსტებ მის გეგმებს და შემდეგ უფრო დეტალურად შემეძლება საკუთარ გეგმებზე საუბარი. თუმცა ჩემი ჩანაფიქრი ზოგადად, ახლავე შემიძლია გაგიმხილოთ.

იმ ქვეყანას, სადაც სპორტი და კულტურა მკვდარია, მომავალი არ აქვს. ქართულ ფეხბურთში რომ უმძიმესი მდგომარეობაა, ამას ვერავინ უარყოფს და თუ ვინმეს მის სასიკეთოდ რაიმეს გაკეთება შეგვიძლია, თავი არ უნდა დავზოგოთ.

მე მაქვს საკმაო ხნის კონტაქტები ბიზნესჯგუფებთან, საიდანაც ერთი კომპანია ქართულია, მეორე - უცხოური. უკვე რამდენიმე თვეა, ისინი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე ფიქრობენ და გაცნობიერებული აქვთ, რომ ფეხბურთში ფულის ჩადებით მათი პრესტიჟი ამაღლდება.

აქამდე მათ მიერ დაფინანსებულ კლუბთა სავარაუდო ჩამონათვალში "ზესტაფონი" არ ფიგურირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი მშობლიური ქალაქის კლუბი ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მთელი ენერგიით ამ ვარიანტზე გადავერთეთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩანაფიქრს წარმატებით განვახორციელებთ.

დაგიდასტურებთ იმასაც, რომ მე "ზესტაფონის" პრეზიდენტად მოვიაზრები, თუმცა ჩემთვის თანამდებობასა და სტატუსს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, კლუბს ეშველოს და განვითარება არ შეწყვიტოს.

როგორც უკვე გითხარით, ზესტაფონელი გახლავართ, ამ ქალაქის სტადიონზე ვარ გაზრდილი და კლუბის ბედზე გული ძალიან შემტკივა.

ახლა საქმე დაზუსტების სტადიაშია. უახლოეს დღეებში ილია კოკაიას საბოლოო პოზიციას შევიტყობთ და პოტენციური ინვესტორები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

რასაკვირველია, მყარი გარანტიების გარეშე ასეთ მასშტაბურ პროექტში ფულს არავინ ჩადებს, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბოლო წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ქართულმა კლუბმა არსებობა ღირსეულად განაგრძოს და დაკარგული პოზიციები დაიბრუნოს.

ბოლოს იმასაც დავძენ, რომ ქართულ კლუბებში ბოლო დროს განვითარებული არასასიამოვნო მოვლენების გამო ქართულ ფეხბურთს საერთაშორისო ორგანიზაციებში ავტორიტეტი აქვს შერყეული და მის გამოსასწორებლად ახალ ხელისუფლებასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დიდი მუშაობა მართებთ.

სხვაგვარად, უცხოელი ინვესტორები ქართულ კლუბებში ფულის ჩადებით არ დაინტერესდებიან".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ილია კოკაია ბათუმის "დინამოს" სათავეში?
"ზესტაფონი": სტადიონზე ელექტროენერგია შეწყდა, ბალახი ხმება...
ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 1 /
რავართ ეს გიბარძეები შენთანავარ მიდიიიი
dato
15:16 11-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული