ახალი გუნდის შექმნას თავისი სირთულეები აქვს. ამას ისიც ემატება, რომ კლუბში ყველაფერი ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთი სიტყვით, დევდარიანს ძნელი სამუშაოს შესრულება მოუწევს.
"დილა" წინა სეზონში მეორე ადგილზე გავიდა და ევროპალიგაზე გამოსვლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. გორელების მეტოქე დანიური "ოლბორგია".
დევდარიანმა ახალი გამოწვევა მიიღო. გარდა ასაკობრივი ნაკრებებისა, ის უმაღლესი ლიგის გუნდებსაც წვრთნიდა - "თბილისს" და "დინამო თბილისს". დევდარიანი 40 წლის გახლავთ, თუმცა გამოუცდელი სპეციალისტი ნამდვილად არ
"დილას" მთავარ მწვრთნელთან საუბარი დანიური მეტოქით დავიწყეთ...
- დაახლოებით რა ძალის გუნდი უნდა იყოს "ოლბორგი", ამაზე წარმოდგენა, ალბათ, გაქვთ. აქედან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის შანსებს?
- ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. როცა შანსებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, თუ რა ქვეყნის გუნდს ვეთამაშებით, რა საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა იმ ქვეყანაში, რა ფინანსებია, განვითარების რა საშუალებები...
ამ პარამეტრებით "ოლბორგი" ჩვენზე წინ არის, თუმცა გულხელდაკრეფილები არ ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.
უბრალოდ, კითხვა ჩნდება - რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე? გუნდიდან ათი-თორმეტი ფეხბურთელი წავიდა, "ოლბორგი" კი წინა სეზონის დასრულების შემდეგ მხოლოდ ორმა მოთამაშემ დატოვა.
ვინც ქართულ ფეხბურთში კარგად არის ჩახედული, ვისაც ფეხბურთში უმუშავია, ის ამ ყველა ფაქტორს კარგად ითვალისწინებს და რიგითი გულშემატკივრისგან განსხვავებულად მსჯელობს.
- "დილაში" არაერთი კვალიფიციური ფეხბურთელი მივიდა. რა ეტაპზეა მათთან მოლაპარაკება? შეიძლება გადაჭრით ითქვას, თუ რომელი ახალი მოთამაშეებით გაძლიერდება "დილა"?
- ნუკრი რევიშვილი, რატი ალექსიძე, მამუკა კობახიძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული და დავით ბოლქვაძე - ისინი "დილაში" წლის ბოლომდე დარჩებიან. დავიმატეთ აგრეთვე გეგა დიასამიძე; ის დანიურ "ორჰუსში" იყო, ბოლოს კი საქართველოს პირველი ლიგის "სასკოში" თამაშობდა. დიასამიძე 1992 წელს არის დაბადებული, ცენტრალური ნახევარმცველია.
- როგორც შევიტყვეთ, "დილას" რამდენიმე ფეხბურთელი ევროპალიგაზე თამაშის შემდეგ გუნდის დატოვებას აპირებს...
- გიორგი ილურიძე, მიხეილ გორელიშვილი, გულვერდ თომაშვილი და ლაშა გვალია - ისინი ევროპალიგაზე გამოსვლის მერე "დილას" დატოვებენ.
- მათი გუნდიდან წასვლა, ალბათ, უფრო გაგირთულებთ საქმეს...
- ისე გამოდის, რომ ორი გუნდის შექმნა მომიწევს - ერთი გუნდი ევროტურნირისთვის და მეორე გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის. ჯერ ერთი გუნდის ჩამოყალიბებაა რთული და რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელების წასვლა კიდევ უფრო ართულებს ამოცანას.
- თქვენ რა ვადით რჩებით "დილაში"? დროის რა მონაკვეთზეა გათვლილი მწვრთნელის სამუშაო? ასაკობრივ ნაკრებში საქმიანობას აღარ გააგრძელებთ?
- ექვსი თვე პლუს ერთი წელი - ასეთია კონტრაქტი. მოგეხსენებათ, პარალელურად საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელიც ვარ, თუმცა იანვრამდე არც შეკრება გვაქვს დაგეგმილი და არც მატჩები, ანუ აქტიური საქმიანობა ამ მხრივ არ მიწევს, დაკვირვება უნდა გავაგრძელო ამ ასაკის ფეხბურთელებზე. რა თქმა უნდა, "დილაში" რომ მივდიოდი, ყველაფერი შევათანხმე ფეხბურთის ფედერაციასთან.
- გორის "დილამ" თუ იცის, რა გეგმით უნდა იმუშაოს ექვსი თვის შემდეგ?
- კლუბმა ეს არ იცის. ალბათ, არც ქვეყანამ იცის, რა იქნება ექვსი თვის შემდეგ.
მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. რომელი სფეროა ჩვენთან აყვავებული, ფეხბურთში ყველაფერი ჩინებულად რომ იყოს? ისიც უცნობია, სახელმწიფო შეძლებს თუ არა საბიუჯეტო კლუბების მაღალ დონეზე შენახვას.
ჩვენთან, ალბათ, მხოლოდ "დინამო თბილისმა" იცის, როგორ დაალაგოს გეგმები, დანარჩენმა კლუბებმა კი არ იციან, რა იქნება ექვსი თვის შემდეგ.
- "თბილისში" ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გიწევდათ მუშაობა, შემდეგ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს წვრთნიდით, მერე "დინამო თბილისიც" კი ჩაიბარეთ ცოტა ხნით და საინტერესოა, რა სპეციფიკას, რა განსხვავებას წააწყდით უკვე ზრდასრულ, მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებთან მუშაობისას?
- დიდი განსხვავება არ არის. როცა გუნდში მიდიხარ, უნდა შეგეძლოს იმ ფეხბურთელების გაშვება, რომლებიც არ გჭირდება და უნდა შეგეძლოს მათი მოყვანა, ვინც გჭირდება. უნდა გქონდეს იმის საშუალებაც, რომ გუნდმა შენს ხელში გაიაროს მოსამზადებელი ეტაპი, მინიმუმ ერთი შეკრება მაინც.
"დინამოში" ამ ყველაფრის საშუალება მე არ მქონდა. მძიმე მოცემულობის წინაშე აღმოვჩნდი. მოსამზადებელი ეტაპი იყო გავლილი, მაგრამ ცამეტმა ფეხბურთელმა გაიწყვიტა კუნთი. ძირითად შემადგენლობაში იმ მოთამაშეების შეყვანა მიწევდა, დუბლებშიც რომ არ თამაშობდნენ...
- "დილას" დავუბრუნდეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ რატი ალექსიძის კონდიციებით? რა გათვლას აკეთებთ ამ გამოცდილ თავდამსხმელზე?
- რა თქმა უნდა, მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა, მას განსაკუთრებული საგოლე ალღოც აქვს. მესმის, რომ ყველა თამაშში ის 90 წუთს აქტიურად ვერ ითამაშებს. მატჩის ბოლო 25-30 წუთი რომ ითამაშოს, ეფექტური იქნება, თანაგუნდელებიც უფრო მობილიზებულნი გახდებიან.
რაც ყველაზე მთავარია, ალექსიძე ძალიან მონდომებულია, "დილაში" მისი მეგობრებიც თამაშობენ. ვგრძნობთ, რომ რატი ყველანაირად ცდილობს, გვერდში დაგვიდგეს, ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება. სათამაშო დროს კი იმდენს მივცემთ, რამდენისთვისაც მზად იქნება, რამდენ ხანსაც პრობლემური იქნება მოწინააღმდეგისთვის.
- ალექსიძემდე "დილაში" გიორგი ბერიაშვილი მივიდა, თუმცა მერე ის რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა. რის გამო მოხდა ასე?
- ამ თავდამსხმელს უკეთესი პირობები შესთავაზეს და ამის გამო წავიდა ჩვენგან. ამ ეტაპზე "დილას" არ აღმოაჩნდა იმის საშუალება, რომ ბერიაშვილი დაგვეტოვებინა, არადა, ძალიან მინდოდა, რომ "დილაში" დარჩენილიყო. მას ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად განვიხილავდი.
დევდარიანის ამოცანა დილაში: ორი გუნდი უნდა შევქმნა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: "დილას" ამოცანა, პირველ რიგში, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლაა
წილისყრა. გორის "დილა": პიონტეკი და მუშათა კლასი
გორის "დილა" სელექციას აგრძელებს - გუნდში მამუკა კობახიძეც მივიდა
რატი ალექსიძემ გორის "დილაში" ივარჯიშა
გორის "დილას" განცხადება დაფინანსებასთან დაკავშირებით
აჭარას რომ ერთი გუნდი არ ეყოლება, დავიჯერო არ შეუძლია ერთი ნორმალური გუნდის შექმნა? ეს ნამდვილი მაგალითია როგორ კიდიათ ქვეყანაში ფეხბურთ.