"ზესტაფონის" თანხმობის შემდეგ თორმეტივე უმაღლესლიგელის საჩემპიონატო მზადყოფნა უკვე დადასტურებული ფაქტი იყო და აღმასკომმაც საბოლოოდ დაადგინა მომავალი უმაღლესი ლიგის სტარტის დღე - 10 აგვისტო.
კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მის საბოლოო ვარიანტს სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება უახლოეს დღეებში წარმოადგენს.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ უმაღლესი ლიგის კლუბების რაოდენობაცა და სისტემაც უცვლელი დარჩება - პირველი ეტაპის შემდეგ 12 უმაღლესლიგელი ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფა.
უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი 18
აღმასკომმა მკაცრად განსაზღვრა, რომ ის გუნდები, რომელთა სტადიონები ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, საკუთარ მოედნებზე ვერ ითამაშებენ და საშინაო მატჩებს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ნებადართულ არენებზე გამართავენ.
პირველი ლიგის საკითხი კი აღმასკომის შემდეგი სხდომისთვის გადაიდო, რადგან იქ გარკვეული სიახლეები იგეგმება და მონაწილე გუნდების ლიცენზირებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებიც მკაცრად იქნება გაკონტროლებული.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას წევრების სტატუსით პირველად ესწრებოდნენ ახალარჩეული წევრები - თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია და ვეტერანი ფეხბურთელი სერგო კუტივაძე.
აღმასკომმა სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფის უფლებამოსილებაც დაამტკიცა. ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, ეს ჯგუფი ქართულ ფეხბურთში სპორტული სამართლიანობის უზრუნველყოფისა და გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების განხორციელების მიზნით შეიქმნა. ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება - ზვიად სიჭინავა, ბაქარ ჟორდანია, ლევან თოფურია, რევაზ შენგელია და კესო ჩხიკვაძე.
კონკრეტული დავალებების შესაბამისად, ჯგუფის წევრები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა საქმიანობაში. აღმასკომის გადაწყვეტილებით, სფფ-ის იურისდიქციისა და მოქმედი რეგულაციის ფარგლებში ჯგუფს მიენიჭა სრული უფლებამოსილება სპორტულ სამართლიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას. ამასთან, ჯგუფი აქტიურად ითანამშრომლებს სამართალდამცავ სტრუქტურებთან.
დასასრულს ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასკომს შესთავაზა, კომიტეტის წევრების რაოდენობა ასოცირებული წევრების დამატებით გაეზარდათ. მსგავსი პრაქტიკა უეფამ უკვე დანერგა. ასოცირებული წევრები ხმის უფლებით ვერ ისარგებლებენ, მაგრამ სხდომებსა და დებატებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.
ზვიად სიჭინავამ კოლეგებს გურამ რუხაძის ("ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი), ილია კოკაიასა ("ზესტაფონის" პრეზიდენტი) და ლევან ფხაკაძის ("ტორპედოს" პრეზიდენტი) კანდიდატურები შესთავაზა, რაზეც აღმასკომის წევრები ერთხმად დათანხმდნენ.
ზვიად სიჭინავა (სფფ-ის პრეზიდენტი):
"დღეს საბოლოოდ გამოვრიცხეთ უმაღლეს ლიგაში კლუბების რაოდენობის გაზრდა. უმაღლესი ლიგის ოთხ კლუბს, "გურიას", "ჩიხურას", "მერანსა" და "სიონს", სტადიონზე მოსაგვარებელი პრობლემების გამო, უმაღლეს ლიგაში საშინაო შეხვედრების ჩატარება ამ ეტაპზე აკრძალული აქვთ. ხარვეზების აღმოსაფხვრელად მათ დრო მიეცათ".
რომან ფიფია (თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი):
"აღმასკომის სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. რაც შეეხება აღმასკომში ჩემს შეყვანას, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და დღეს მხოლოდ ფორმალური მხარე მოგვარდა.
უმაღლეს ლიგაში კლუბების რაოდენობის გაზრდა მინიმუმ ორი წლის განმავლობაში მიზანშეუწონლად მიმაჩნია, შემდეგ კი, თუ კლუბებმა ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვარეს, 16-გუნდიან უმაღლეს ლიგაზე მსჯელობაც შესაძლებელი იქნება.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის წილისყრას, მისი შედეგით უდავოდ კმაყოფილი ვარ, მაგრამ სრული შემართებით ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან აუცილებელია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"