გია გეგუჩაძე: "ზესტაფონში" დაბრუნება ჩემთვის გამოწვევაცაა

AutoSharing Option
საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ზესტაფონი" ბოიკოტს წყვეტს და ახალი სეზონიდან ისევ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

1-ელ ივლისს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ "ზესტაფონის" სტადიონსა და ბაზას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უპატრონებს, კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია კი ფინანსებს მთლიანად კლუბის გაძლიერებისკენ მიმართავს.

კოკაია ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაზე რომ ფიქრობს, მთავარი მწვრთნელის არჩევანზეც ეტყობა - ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "ზესტაფონში" გია გეგუჩაძე დაბრუნდება.

ქვეყნის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა ჩვენთან ინტერვიუშიც დაადასტურა, რომ საკითხი სერიოზულად განიხილება და რაკი ხელახალი თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს, საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონის პირველი ტიტული იმერლებმა სწორედ გეგუჩაძის თავკაცობით მოიპოვეს. შემდეგ გეგუჩაძე "ტორპედოშიც" მუშაობდა, ქუთაისიდან კი მას შემდეგ წამოვიდა, რაც კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის მთლიანად გაახალგაზრდავება გადაწყვიტეს:

- "ზესტაფონთან" მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ის კი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს გვაქვს...

ჩემთვის კარგად ნაცნობ სიტუაციაში მივდივარ, ერთად მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს და ამ მხრივ, მგონი, ცუდი არ უნდა იყოს.

"ზესტაფონში" გატარებული წლები ნაყოფიერი იყო და ვფიქრობ, ჩემი დაბრუნებით გულშემატკივარიც დაინტერესებულია. მით უმეტეს, კლუბი საქართველოს ჩემპიონი პირველად სწორედ ჩემ ხელში გახდა.

ასე რომ, დაბრუნებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ... ეს ყველაფერი ერთგვარი გამოწვევაცაა, რადგან თუ დავბრუნდი, ბუნებრივია, რომ გულშემატკივარი ჩემპიონობაზე ნაკლებ შედეგს არ დათანხმდება და ამ კუთხით, ზესტაფონელი ქომაგიც ბევრად მომთხოვნი იქნება.

არც მე მჭირდება მუშაობა მუშაობისთვის და მხოლოდ ხელფასის ასაღებად - შედეგიც უნდა გვქონდეს. ამბიციები მეც მაქვს და ჩემპიონობის გამეორებაც ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ.

არა მხოლოდ პირობებზე, მოლაპარაკება ყოველმხრივ მიმდინარეობს. მწვრთნელის საქმე ხომ მხოლოდ ის არ არის, რაც მინდორზე მოჩანს? ამიტომაც, კიდევ ბევრის გავლა მოგვიწევს...

- ქართული კლუბების დაფინანსების წესთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მუნიციპალური და კერძო კლუბები სახელმწიფომ თანაბრად უნდა დააფინანსოს?
- ვფიქრობ, იქით უნდა მივდიოდეთ, რომ ყველა კლუბი კერძო მფლობელობაში გადავიდეს, დაფინანსება მეპატრონემ უზრუნველყოს, სახელმწიფოს როლი კი სხვაგვარად წარმომიდგენია - საკანონმდებლო ცვლილებებით ფეხბურთი ინვესტორისთვის მიმზიდველი გახადოს.

მაგრამ სანამ აქამდე მივალთ და სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება იქნება, ყველა კლუბი თანაბრად უნდა დაფინანსდეს...

- მაგრამ სანამ საკანონმდებლო ცვლილებებს ვნახავთ, კლუბების ფიზიკური გადარჩენისთვის, ალბათ, აუცილებელია, სახელმწიფო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც შეეხიდოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეებს...
- რა თქმა უნდა, მაგრამ უპირველესად, სახელმწიფო უნდა იდგეს ფეხზე მყარად. ჩვენს ქვეყანას კი დღეს იმდენი პრობლემა აქვს... კერძო მფლობელობისკენ ეტაპობრივად უნდა წავიდეთ, მაგრამ როცა ესა თუ ის კლუბი დაშლის პირასაა, რა მნიშვნელობა აქვს, კერძოა თუ მუნიციპალური - სახელმწიფოსგან ყველამ თანაბრად უნდა მიიღოს გარკვეული თანხა.

- "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ გუნდის მთლიანად გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა თქვენც გიყვართ და "მომავლის გუნდის" შენების პროცესს თავს სხვაზე ნაკლებად გაართმევდით? თუ თავად არ ისურვეთ ნაკლებად ამბიციურ გუნდში დარჩენა?
- ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიანაც მომწონს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემთვის ისიც გასაგები იყო, რატომაც შეიცვალა კურსი "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ და ქუთაისელებს წარმატებას ვუსურვებ. მიუხედავად იმისა, რომ "ტორპედოში" ნიჭიერ ახალგაზრდებს მოუყარეს თავი, შედეგზე ორიენტირებული გუნდის ჩამოყალიბებას, ალბათ, საკმაო დრო დასჭირდება. მე კი ამ ეტაპზე უფრო ამბიციურ კლუბში მუშაობა მირჩევნია. ამიტომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, წასვლა ვამჯობინე...

- "ზესტაფონშიც" და "ტორპედოშიც" ფონს ლეგიონერების გარეშე გადიოდით, მაგრამ ჩვენ ხომ ამბიციურ კლუბზე ვლაპარაკობთ, რომელსაც საქართველოს მასშტაბით მიღწეული გამარჯვებები არ დააკმაყოფილებს... მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელების ხარჯზე წარმატების მიღწევა რეალურად მიგაჩნიათ?
- ლეგიონერების წინააღმდეგი არც ვარ. თუმცა მინდა, პირველ რიგში, ჩვენი რესურსი იყოს სრულად გამოყენებული. და თუ გამოჩნდება, რომ ეს საკმარისი არ არის, უცხოელებით გაძლიერებაზეც უნდა ვიფიქროთ.

საერთოდაც, ნებისმიერი გუნდის შედეგი ყოველწლიურად უნდა უმჯობესდებოდეს. შესაბამისად, რაც დღეს გაკმაყოფილებს, შესაძლოა, ხვალ აღარც იყოს საკმარისი. ეს სამუშაო პროცესია და როგორც კი საჭიროება გაჩნდება, ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატში ყოველ წელს არის, სულ ცოტა, ერთი ძლიერი კლუბი, ევროთასის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ჩვენთვის ისევ მხოლოდ ოცნებად რჩება...
- ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ჩვენი პირველობის საერთო დონე მიმაჩნია. მხოლოდ ერთი-ორი დალაგებულ-დაწყობილი გუნდი საკმარისი არ არის; ჩემპიონატში მეტი კონკურენცია, დაძაბულობა უნდა იყოს. წარმატების მიღწევა ასეთ ვითარებაშიც შეიძლება, მაგრამ ეს ერთჯერადი, ალოგიკური შედეგი იქნება, რომელსაც კვლავ ჩავარდნა მოჰყვება. სტაბილური წარმატების მოტანა მხოლოდ ძლიერ შიდა ჩემპიონატს შეუძლია...

- ბოლო დროს საქართველოს ნაკრების თავკაცს ბევრი აკრიტიკებს. თქვენ, როგორც მისი კოლეგა, როგორ ფიქრობთ - თავს ზევით ძალა არ არის და ნაკრებს მეტი არ შეუძლია, თუ ქეცბაიას ერთგვარი კომპლექსი ჩამოუყალიბდა - ოღონდ მისმა გუნდმა არ წააგოს და ამხანაგურ მატჩებშიც კი მხოლოდ საკუთარი კარის დაცვაზე ფიქრობს?
- ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მუშაობს, მისგან ხომ ყველა წარმატებას ითხოვს. მაგრამ წარმატება ლოგიკური უნდა იყოს... შესაძლოა, მე ჩემი შეხედულება გამაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ითამაშოს ეროვნულმა ნაკრებმა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და არ მსურს, ვინმეს თავს მოვახვიო.

თქმა არ უნდა, ძალიან ძლიერ მეტოქეებთან ერთად მოვხვდით, ესპანეთი და საფრანგეთი მსოფლიო ფეხბურთის გრანდები არიან და მათ დამარცხებას ჩვენს ნაკრებს არც არავინ სთხოვს.

თუმცა ვიმეორებ, ალბათ, შეიძლებოდა, თამაშის ხარისხი უკეთესი ყოფილიყო. თუნდაც, ამხანაგურ შეხვედრებში...

ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"

დაუსვით კითხვა გია გეგუჩ
ძეს ინტერნეტკონფერენციის მეშვეობით

ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: დიახ, "ზესტაფონთან" მართლაც ვთათბირობ
ილია კოკაია გია გეგუჩაძეს: დაბრუნდი "ზესტაფონში"!
საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს მკითხველთა ვერსიით
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი
გია გეგუჩაძე: რას ვუპირებთ საკუთარ ჩემპიონატს?
გია გეგუჩაძე: ევროპელების კომპლექსი გვაქვს და თამაშს დაწყებამდე ვაგებთ
გია გეგუჩაძე: საქართველოს საფეხბურთო ცენტრები ესაჭიროება
მკითხველის კომენტარები / 3 /
სად მიდიხარ გია? მამაძაღლი აბელა სეთური და მოსასპობი თაბაგარი (ხუცცო)დაგიფასებენ გგონია?
nodari
13:32 05-07-2013
0
გელოდებით იმედიანად ბატონო გია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული