საიუბილეო, XXV ჩემპიონატის სამზადისი - ეპიცენტრი ქვემო ქართლი

AutoSharing Option
საიუბილეო, XXV ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდს... მზადებაც არ დაუწყია, ორ გუნდში მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ არ დანიშნულა, ზოგან უსახსრობის გამო მხოლოდ ადგილზე ემზადებიან და ყოველივე ეს არცთუ ოპტიმისტურ ფონსაც ქმნის.

ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ სამმა გუნდმა ("დინამო", "ტორპედო", "დილა") შეძლო უცხოური შეკრების გავლა. ამ რიცხვს მალე "მეტალურგიც" მიემატება, აი, სხვაგან კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა.

არადა, შეგახსენებთ, თუ როგორი "სიამაყით" აღვნიშნავდით ქართული საკლუბო ფეხბურთის "აღმავლობის დასაწყისს": წინა სეზონში, ზამთრის პაუზის დროს უმაღლესი ლიგის
თორმეტი გუნდიდან რვამ უცხოური შეკრება გაიარა; ეგ კი არა, პირველი ლიგის გუნდებიც კი თურქეთში ემზადებოდნენ. ახლა კი ზოგან ისიც კი არ იციან, გუნდი იარსებებს თუ არა.

აი, ასეთი - აშკარად არაოპტიმისტური განწყობით ვხვდებით ახალი სეზონის დაწყებას და ერთადერთი, რაც დადებით ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ, არის ის, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა რომ არ გაიზარდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა აპოლეგეტთა რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნებით, მაგრამ არც დაუნახაობა იქნება: ზედიზედ მეორე წელიწადია, ჩვენი ფეხბურთის მესვეურები პრინციპულობას იჩენენ და პოლიტიკურ, გეოგრაფიულ თუ სხვა უაზრო პრინციპებს არ ითვალისწინებენ და უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობას არ ზრდიან.

არც არის საჭირო: გუნდი თუ ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, უმაღლეს ლიგაში რატომ უნდა იყოს?

აქვე ისიც ვთქვათ, რომ სეზონის დაწყებამდე დარჩენილ დროში ხომ შეიძლება სასიკეთო ძვრებიც იყოს და პრობლემატურ გუნდებში სიტუაციაც გამოსწორდეს.

ვნახოთ, ყველას ამის იმედი გვაქვს. მანამდე კი იმ გუნდებზე ვისაუბროთ, მზადება არცთუ ისე დიდი ხნის წინათ რომ დაიწყეს.

იმედიანი მეტალურგები
გასული სეზონი "მეტალურგის" ხანმოკლე ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა: რუსთაველთა გუნდმა პირველად ვერ შეძლო ხუთეულში მოხვედრა. შეგახსენებთ, რომ "მეტალურგი" ("ოლიმპი") 2006 წელს გამოჩნდა უმაღლეს ლიგაში და იქიდან მოყოლებული, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა (ისიც "ძალიან ზემოდან" წამოსული გადაწყვეტილებით), ორჯერ - მესამეზე და 2013 წლამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, გუნდი სამეულს მიღმა რომ აღმოჩნდა (2008 წელს - IV ადგილი).

არასტაბილური და, საერთო ჯამში, წარუმატებელი ასპარეზობის "გამოძახილიც" იყო რუსთავის სტადიონის ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნები: "ფოლადზე" ასე ცოტა მაყურებელი სტაჟიან რუსთაველ ქომაგებსაც არ ახსოვთ. თუმცა, დღესდღეობით რუსთაველ გულშემატკივრებს შორის მეტ-ნაკლებად დადებითი განწყობაა და ყველანი ახალი სეზონის მოლოდინში არიან.

ეს ოპტიმისტური განწყობა კი კლუბსა თუ გუნდში მომხდარ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება: არცთუ ისე დიდი ხნის წინათ "მეტალურგში" ახალი დირექტორი მივიდა - ზაზა დოლიძე, შემდეგ კი ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებაც გვამცნეს - გარკვეული პაუზის მერე უმაღლეს ლიგას უბრუნდება ახალგაზრდა და ერთობ საინტერესო სპეციალისტი გელა სანაია.

"მეტალურგმა" მზადება 24 ივნისს რუსთავში დაიწყო და უკვე 2 ამხანაგური მატჩიც ჩაატარა: პირველი ლიგის "გაგრასთან "ფრედ (1:1) ითამაშა, შაბათს კი ბოლნისს ესტუმრა და "სიონს" 2:1 მოუგო.

"მეტალურგმა" ბოლო საკონტროლო მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ბედიაშვილი - ჯაფარიძე, მახვილაძე, ორბელაძე, სუხიაშვილი - რაზმაძე, გურეშიძე - კირკიტაძე, კორღალიძე, გეწაძე - ფიფია. მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ: ვ. ლობჟანიძე, ვასაძე, ქავთარაძე, ხაბელაშვილი, ზ. ლობჯანიძე, სიხარულიძე, ექვთიმიშვილი, ციცვიძე, კოხია.

მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია "მეტალურგის" ორ ახალწვეულს - გიორგი ბერიაშვილსა და დავით მაისაშვილს, აგრეთვე რუსთაველთა გუნდის ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან წევრს დენის დობროვოლსკის.

სხვა ახალწვეულების შესახებ ადრეც გამცნეთ და შეგახსენებთ, რომ ამიერიდან "მეტალურგში" ითამაშებენ სერგი ორბელაძე, გიორგი ვასაძე, გურამ გურეშიძე და დავით კირკიტაძე. თუმცა დაკომპლექტება ამით არ დასრულებულა: არ არის გამორიცხული, რომ სეზონის დაწყებამდე "მეტალურგმა", სულ მცირე, ერთი "ხმაურიანი" ტრანსფერი განახორციელოს. თუმცა კონკრეტული ფეხბურთელის დასახელებისგან ამჯერად თავს შევიკავებთ.

აქვე ვიტყვით, რომ "გაგრასთან" მატჩში გოლი გოგა ფიფიამ გაიტანა, "სიონთან" შეხვედრაში კი - ირაკლი სიხარულიძემ და ლევან კორღალიძემ. განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის თამაში გვინდა აღვნიშნოთ: მოლდოვადან სამშობლოში დაბრუნებულ კორღალიძეს წინა სეზონი მთლიანად გაუცდა ტრავმის გამო და აი, გამოცდილი ფეხბურთელი გოლით დაბრუნდა!

"მეტალურგი" 10 ივლისს კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს - 18 საათზე "ფოლადის" სტადიონზე ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლებს. 18 ივლისიდან კი გუნდი 12-დღიან შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება.

სიონი და კიკნაძე
ახლა კი ქვემო ქართლის მეორე გუნდზე, ბოლნისის "სიონზე" ვისაუბროთ.

Sportall.Geზემოთ "მეტალურგის" წარუმატებელი სეზონი ვახსენეთ და მაშინ ბოლნისელებმა რაღა უნდა თქვან? შეგახსენებთ, რომ ზედიზედ ორი სეზონია, "სიონი" ბოლო ტურში ახერხებს უმთავრესი ამოცანის შესრულებას - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას!

არადა, წინა სეზონის მეორე ეტაპის დაწყების წინ გუნდშიც და კლუბშიც სერიოზული საკადრო გადაადგილებები მოხდა.

"სიონმა" სერიოზული სიურპრიზიც შემოგვთავაზა, როცა თასის მეოთხედფინალში ქუთაისის "ტორპედოს" აჯობა, მაგრამ ჩემპიონატში ვერ ყოჩაღობდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაჭირვებით შეინარჩუნა უმაღლეს ლიგაში ადგილი. სწორედ წლევანდელი ზამთარი იყო, კლუბის დირექტორად ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ლადო ბურდული რომ დაინიშნა, რომლის ძალისხმევითაც "სიონში" რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელიც ჩაირიცხა.

ახალ სახეებს უნდა ველოდოთ მოახლოებულ ჩემპიონატშიც: უამრავ პოტენციურ ახალწვეულთან ერთად, "სიონში" ორი გამოცდილი ფეხბურთელიც ვარჯიშობს: მეკარე ზურაბ ბათიაშვილი და ნახევარმცველი ალექსანდრე გოგობერიშვილი. თუმცა ახალწვეულებზე არანაკლებ აქტუალური იყო მთავარი მწვრთნელის საკითხიც: გუნდმა მზადება 20 ივნისს კვლავ არმაზ ჯელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. მერე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ბოლნისური კლუბი წარსულში ცნობილ ფეხბურთელს და საქართველოს ნაკრების კაპიტანს გიორგი ნემსაძეს უნდა ჩაებარებინა.

შემდეგ კვლავაც ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იყო და აი, შაბათს ყველაფერი გაირკვა: "სიონის" მთავარ მწვრთნელად გიორგი კიკნაძე იმუშავებს!

კიკნაძის სამწვრთნელო დებიუტი 2006-07 წლების სეზონში შედგა: როცა ზაზა ზამთარაძესთან ერთად რუსთავის "ოლიმპში" მოღვაწეობდა. ამ "დუეტის" დიდი დამსახურება იყო, "ოლიმპმა" პირველი წრე პირველ ადგილზე რომ დაასრულა (გუნდს ერთადერთი წაგება ჰქონდა - თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა), მაგრამ რუსთავურ კლუბში მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ კიკნაძე-ზამთარაძეს გუნდიდან წამოსვლა მოუწიათ.

იმავე სეზონში ეს "დუეტი" ქუთაისში აღმოჩნდა, მაგრამ "ტორპედოს" მხოლოდ ორ მატჩში ხელმძღვანელობდა და იქიდანაც წამოვიდა.

სამაგიეროდ, მომდევნო ორი სეზონი შეუცვლელად გაატარეს თბილისის "ლოკომოტივში". განსაკუთრებით ის პერიოდი გვინდა გავიხსენოთ, როცა 2007-08 წლების სეზონის მეორე ეტაპზე ერთი სიამოვნება იყო "ლოკომოტივის" მატჩების ხილვა: იმ დროს გუნდში ხომ სამი გამოცდილი ფეხბურთელი: ლევან ცქიტიშვილი, რატი ალექსიძე და ვიტალი დარასელია თამაშობდა...

...2009 წლიდან მოყოლებული, გიორგი კიკნაძეს უმაღლეს ლიგაში არ უმუშავია (ერთი პერიოდი იმავე "ლოკომოტივს" პირველ ლიგაში თავკაცობდა) და აი, ახალი გამოწვევაც. სხვათა შორის, გიორგი კიკნაძეს ფეხბურთელის რანგში უამრავი ტიტული აქვს: თბილისის "დინამოსთან" ერთად ექვსჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ოთხჯერ თასი მოიპოვა. "დინამოს" კაპიტანიც იყო და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისაც. ქართველ გულშემატკივრებს, ალბათ, დღესაც ემახსოვრებათ გიორგი კიკნაძის გოლი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების კარში, რომელსაც ჯან-ლუიჯი ბუფონი იცავდა!

გიორგი კიკნაძეს ეროვნულ ნაკრებში ათი მატჩი აქვს ჩატარებული და, სხვათა შორის, სამჯერ გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა, თანაც, პირველად ეს სადებიუტო შეხვედრაში (სტუმრად - ლიბანის ნაკრებთან) მოხდა. და იმ მატჩში გოლიც გაიტანა.

სამწუხაროდ, ზურგის ქრონიკული ტრავმის გამო კიკნაძემ კარიერა ადრეულ ასაკში დაამთავრა. რაც შეეხება მის ახალ სამსახურს, ჯერჯერობით "სიონს" მხოლოდ ერთ საკონტროლო მატჩში უხელმძღვანელა და ბოლნისელთა გუნდში სიახლეები რომ იქნება, ამაში ყველა დარწმუნებულია.

აქვე, "მეტალურგის" წინააღმდეგ "სიონის" შემადგენლობასაც გაგაცნობთ: მერლანი - ტვილდიანი, სვანიძე, ქემოკლიძე, კახიძე - ფოფხაძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, ბიბილეიშვილი - მუმლაძე, ახალაია. მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ: ბათიაშვილი, ლემონჯავა, ლ. ჩხეტიანი, ისიანი, კვანტალიანი, უგულავა, ჯოხაძე და კრისტიან ობინა.

ეს უკანასკნელი 21 წლის ნიგერიელი ფორვარდი გახლავთ და "სიონში" სინჯებზეა. აღსანიშნავია, რომ ობინამ სადებიუტო მატჩში ბურთთან პირველი შეხება... გოლით დაასრულა! თუმცა ბოლნისურ კლუბში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი გადაწყვეტილი ჯერ არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული