არადა, არცთუ შორეულ წარსულში, "სიონს" აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები ჰქონდა: საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა და თასის ფინალშიც უთამაშია (ერთხელაც, "ოქროს მატჩში" მიიღო მონაწილეობა). თუმცა ამ ზაფხულს ბოლნისურ კლუბში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა: გუნდის მთავარ მწვრთნელად თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების (10 მატჩი, 1 გოლი) ყოფილი ნახევარმცველი გიორგი კიკნაძე დაინიშნა.
ამ ზაფხულს ბოლნისურ გუნდში უამრავი ფეხბურთელი ისინჯებოდა. საბოლოო განაცხადი 5 აგვისტს გახდება ცნობილი.
მანამდე ვიტყვით, რომ გუნდმა 5 საკონტროლო მატჩი ჩაატარა: მოუგო "ვიტ ჯორჯიას" (2:1) და "სასკოს" (5:1), წააგო "მეტალურგსა" (1:2) და "სპარტაკთან" (0:2).
4 აგვისტოს კი "სიონმა" ახალი სეზონის წინ უკანასკნელი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და პირველი ლიგის სტუ-ს 2:0 მოუგო.
პირველი გოლი 22-ე წუთზე ლაშა პარუნაშვილის პასით "სიონის" კაპიტანმა და ყველაზე სტაჟიანმა წევრმა დავით სვანიძემ გაიტანა, მეორე კი, შეხვედრის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, ზვიად ლობჯანიძემ შეაგდო, რომელიც წინა სეზონში რუსთავის "მეტალურგში" გამოდიოდა. ამ მატჩში "სიონმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
მერლანი - ტვილდიანი, სვანიძე, თოთაძე, დ. ფოფხაძე - გოგობერიშვილი, განუგრავა - ბიბილეიშვილი, პარუნაშვილი, მიკუჩაძე - ობინა.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: აბრამიძე, ქემოკლიძე, ზ. ლობჯანიძე, ჩივაძე, იოსელიანი, ცხადაია და ახალაია.
ამ ჩამონათვალში გარკვეულ ინტერესს, რა თქმა უნდა, გამოცდილი მცველის, ვალერი აბრამიძის გამოჩენა იწვევს: 33 წლის ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატშიც არა ერთ გუნდში უთამაშია (თბილისის "დინამო", "თბილისი", თბილისის "ლოკომოტივი", ქუთაისის "ტორპედო", რუსთავის "ოლიმპი") და რუსეთშიც (მოსკოვის "სპარტაკი", ელისტის "ურალანი", მახაჩყალის "ანჟი", ბარნაულის "დინამო", "ხიმკი").
აღარაფერს ვამბობთ აზერბაიჯანის ჩემპიონატზე, სადაც ბაქოს "ნეფთჩის", ლენქორანის "ხაზარისა" და ბაქოს "ინტერის" შემადგენლობაში 5 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა.
აბრამიძეს 6 თამაში აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და აქედან ორი - ოფიციალური შეხვედრა იყო: 2001 წელს თბილისში იტალიასთან (1:2) და სტუმრად უნგრეთთან (1:4).
თუმცა "სიონის" სატრანსფერო სიახლეები ამით არ დამთავრებულა. როგორც კლუბის პრესატაშე ჯემალ ჭიპაშვილმა გვაცნობა, რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო ქართველი ფეხბურთელი დავით იმედაშვილი.
28 წლის იმედაშვილი გულშემატკივარმა "ვიტ ჯორჯიაში" წარმატებული თამაშით გაიცნო. მერე იყო ტრანსფერი კიევის "დინამოში", თუმცა ამ უნივერსალ მცველს (ორივე ფლანგზე ერთნაირი წარმატებით შეეძლო თამაში და ხშირად საყრდენადაც გვინახავს) უკრაინული კარიერა სათანადოდ ვერ აეწყო.
გარკვეული პერიოდი ლატვიურ "ვენტსპილსსა" და უნგრულ "ნიირედჰაზაში" ჰყავდათ კიეველებს განათხოვრებული, 2009 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და მშობლიური ქალაქის გუნდის, რუსთავის "ოლიმპის" ჩემპიონობაში არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეიტანა.
ამას ისევ უცხოეთში წასვლა მოჰყვა, მაგრამ აზერბაიჯანულ "ხაზარში" მისვლისთანავე იმედაშვილმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და, ფაქტობრივად, ორწელიწადნახევარი გაუცდა.
იმედაშვილს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: 2006 წლის 6 სექტემბერს კლაუს ტოპმიოლერმა ნაკრების დებიუტანტს უკრაინასთან გასვლით შეხვედრაში ძირითადში ანდო ადგილი.
ერთი სიტყვით, იმედაშვილს შანსი აქვს, თუმცა ის ჯერჯერობით ვარჯიშობს და ითამაშებს თუ არა "სიონში", მოგვიანებით გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"