ზესტაფონი-ტორპედო 2:3 - ფეხბურთელები იცვლებიან, დერბი უცვლელია [VIDEO]

AutoSharing Option
ბოლო წლებში "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო სცენარით ვითარდებოდა. ალბათ, არ გადავამლაშებთ, თუ ვიტყვით, რომ იმერული დერბი ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი მშვენებაა.

18 აგვისტოს გამართული მატჩიც ისეთი გამოდგა, როგორიც დამკვიდრებულ ტრადიციას შეეფერებოდა. ისიც შეიძლება ითქვას, რომ "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" შესრულებით ასეთი დაძაბული და დრამატიზმით აღსავსე დერბი, ამ გუნდებს საუკეთესო წლები რომ ჰქონდათ, მაშინაც არ გვინახავს.

მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, თუმცა ზესტაფონელებმა საკუთარ კარში სწრაფი გოლი მიიღეს - მარჯვენა ფლანგი
დან ტაბატაძემ  ნიკა საბანაძის მისამართით გააკეთა გადაცემა, რომელმაც ცრუ მოძრაობით ჭანტურიშვილი ჩამოიცილა და როინ კვასხვაძესთან პირისპირ დარჩენილმა კარში დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ისევ საბანაძემ იმარჯვა და სტუმრები დააწინაურა.

Sportall.Geცოტა ხანში ქუთათურებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ ზესტაფონელთა დამწუხრება. ტაბატაძის პასით ამჯერად თორნიკე კაპანაძე დაემუქრა კვასხვაძის კარს, თუმცა ახალგაზრდა ფორვარდის დარტყმული ზესტაფონელთა მეკარემ იოლად მოიგერია.

მასპინძლებმა შეტევები გაამწვავეს და რამდენიმე უშედეგო იერიშის შემდეგ პენალტი მოიპოვეს. გიორგი ხიდეშელმა საკუთარ საჯარიმოში რენე ფერეირას წინააღმდეგ დაარღვია წესები და სირიელმა არბიტრმა 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი.

ადამიას პენალტმა ქვილითაიას შანსი არ დაუტოვა.

ამის შემდეგ გურამ სამუშიას შეეძლო ზესტაფონელთა დაწინაურება - კუთხურის შემდეგ კარში ძლიერად ურტყამდა, მაგრამ ქვილითაია შესანიშნავად გაისარჯა.

თანდათან ქუთათურებიც გააქტიურდნენ. განსაკუთრებით, ტაბატაძის სწრაფი ფლანგური შეტევებია აღსანიშნავი. მან ჯერ თავად დაარტყა ზესტაფონელთა კარში (კვასხვაძემ ითამაშა დამაჯერებლად), მომდევნო ეპიზოდში კი მარჯვენა ფლანგიდან კაპანაძეს გაუკეთა კარგი პასი, თუმცა ქუთაისელთა ახალგაზრდა გოლეადორს დარტყმა არ გამოუვიდა.

ამ პერიოდში სტუმრები უფრო აქტიურად თამაშობდნენ, მაგრამ გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. მარცხენა ფლანგიდან ენდელაძის ჩაწოდების შემდეგ ექსზესტაფონელმა გიორგი ხიდეშელმა ("ტორპედოში" სადებიუტო შეხვედრას ატარებდა) ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამ გოლს ჟერარდ სარაგოსას გუნდში დაბნეულობა არ შეუტანია, პირიქით, ქუთაისელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ტაბატაძე, კუხიანიძე, საბანაძე და კაპანაძე თანმიმდევრობით დაემუქრნენ კვასხვაძის კარს, მაგრამ უშედეგოდ.

მეორე ტაიმი ქუთაისელთა სახიფათო შეტევით დაიწყო. საბანაძე ბურთიანად მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა, მძლავრადაც დასცხო, მაგრამ ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. მომდევნო ათი წუთის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მწვავედაც უტევდნენ, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.

მალე "ტორპედოც" გააქტიურდა. ზაზა ჭელიძემ უცნაური ტრაექტორიით დაარტყა და კვასხვაძემ ბურთი გაჭირვებით მოიგერია.

მომდევნო ეპიზოდი კი ქუთათურებმა გოლით დააგვირგვინეს. საბანაძის ძლიერი დარტყმა კვასხვაძემ ძელის დახმარებით უკუაგდო, თუმცა დამატებაზე ყველას კაპანაძემ აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.

ბუნებრივია, ზესტაფონელები ასეთ მდგომარეობას არ შეეგუებოდნენ და მთელი ძალებით გადავიდნენ შეტევაში. გოლის გატანის შესანიშნავი შანსები ჰქონდათ ქობალიასა და შეცვლაზე შესულ მიხეილ სარდალიშვილს, მაგრამ მათაც სიზუსტემ უმტყუნა. შემდეგ იყო რენე ფერეირას თავური, რის შემდეგაც "ტორპედო" ძელმა იხსნა. გამოვარდნილ ბურთს სარდალიშვილი ამატებდა, მაგრამ ისევე უზუსტოდ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ზესტაფონი" ზეწოლას აგრძელებდა. ადამიას ფლანგური გადაცემის შემდეგ კვლავ ქობალიას შეეძლო მასპინძლების დაწინაურება, მაგრამ კარიდან ხუთიოდე მეტრში მყოფმა ბურთს ფეხი ააცილა.

ჟერარდ სარაგოსა ვა-ბანკზე წავიდა - ანგარიშის შენარჩუნებაზე კი არა, მოგებაზე გააკეთა აქცენტი და მოედანზე კიდევ ერთი შემტევი, გიორგი ფანცულაია შეიყვანა. ეს უკანასკნელი აქტიურად ჩაერთო თამაშში.

სარაგოსას გაუმართლა - უამრავი გამოუყენებელი საგოლე მომენტის გამო "ზესტაფონი" მწარედ დაისაჯა - მატჩის გმირმა ნიკა საბანაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად "დააქუხა" და ულამაზესი გოლით ადგილობრივი გულშემატკივრები სახტად დატოვა. ქუთაისელმა ფანებმა კი ძლიერ გაიხარეს.

არადა, თამაშის მიმდინარეობისას "ზესტაფონის" არენაზე გამოფენილი ბანერებით ისინი კლუბის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვდნენ, "ტორპედომ" კი მათ შესანიშნავი სიურპრიზი შესთავაზა.

ალბათ, ამ მატჩის შემდეგ გუნდისკენ ყველაზე პესიმისტ გულშემატკივრებსაც მოუბრუნდებათ გული. როგორც ჩანს, ჟერარდ სარაგოსას ოპტიმიზმი უსაფუძვლო სულაც არ ყოფილა. რაც შეეხება "ზესტაფონს", ცუდი დებიუტის მიუხედავად, რატკო დოსტანიჩის გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და, ალბათ, შედეგსაც მალე გააუმჯობესებს.

მატჩის შემდეგ
ჟერარდ სარაგოსა ("ტორპედოს" მწვრთნელი):
"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. დღეს ორივე გუნდმა ნამდვილი ევროპული ფეხბურთი ითამაშა. ეს თამაში ერთი თავით აღემატებოდა პირველი ტურის ყველა მატჩს.

ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი და ბედმა გაგვიღიმა, რომ გადამწყ
ვეტი გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ".

რატკო დოსტანიჩი ("ზესტაფონის" მწვრთნელი):
"ვეთანხმები მეტოქეს, მართლაც ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ორივე გუნდმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა.

2:1-ს ვიგებდით და კარგი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც.

"ტორპედო" ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. სტუმრებმა ჩვენთან შედარებით უფრო ჩამოყალიბებული კოლექტივის შთაბეჭდილება დატოვეს. ვწუხვარ, რომ გულშემატკივრებს გული დავწყვიტეთ".


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული