ჩიხურა-მეტალურგი 2:3 - გოლების წვიმა წვიმაში

AutoSharing Option
თამაშის დღეს ქუთაისში წვიმდა და საკმაოდ გრილოდა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.

თამაში რუსთაველთა აქტიურობით დაიწყო, ქვემოქართლელები ბურთს აკონტროლებდნენ და საწყისი წუთებიდანვე მწვავედ უტევდნენ. პირველი რეალური მომენტიც მათ შექმნეს.

გურამ გურეშიძის სახიფათო დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს, თუმცა, მორიგი შეტევისას გელა სანაიას შეგირდებმა სწრაფი გოლი გაიტანეს - დავით კირკიტაძემ კუთხურიდან საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი, სადაც ლუკა რაზმაძემ მცველებს აჯობა და ზუსტი თავური დარტყმით რუსთაველები დააწინაურა.

Sportall.Geდავასწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ კირკიტაძემ, რომელიც გასულ სეზონში სწორედ "ჩიხურაში" თამაშობდა, ყოფილ გუნდს "სისხლი გაუშრო",
საგოლე გადაცემა არ იკმარა და მოგვიანებით მეტოქის კარში გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.

შეხვედრა საკმაოდ სწრაფ ტემპში გაგრძელდა და ეს, ძირითადად, ქვემოქართლელთა დამსახურება იყო. ისინი სწრაფი ფლანგური შეტევებით ცდილობდნენ მეტოქის გატეხვას. ჯერ გიორგი ქავთარაძეს მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ გაჭირვებით მოიგერია; მორიგი შეტევისას კი რუსთაველთა ცენტრფორვარდ ირაკლი სიხარულიძის თავური სომხიშვილის კარს მცირედით ასცდა.

ამ ეპიზოდებს შორის "ჩიხურასაც" ჰქონდა გათანაბრების შესაძლებლობა. სწრაფი შეტევისა და ბესიკ დეკანოიძის გადაცემის შემდეგ რატი წინამძღვრიშვილი კარში შეუჩერებლად ურტყამდა, თუმცა ბურთს რუსთაველთა კაპიტანი მიხეილ მახვილაძე გადაეღობა და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა.

საწყისი დაძაბულობის შემდეგ თამაში დაწყნარდა და სანახაობრივმა მხარემაც იკლო.

მეორე ნახევარი გაცილებით დინამიკური და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრა საჩხერელთა უაღრესად სახიფათო შეტევით განახლდა - დეკანოიძემ ზუსტად ჩაუწოდა ბურთი გაბედავას, რომელიც ახლო მანძილიდან კარში თავით ურტყამდა, მაგრამ ბედიაშვილმა ურთულესი ბურთი მოიგერია.

"მეტალურგი" ვალში არ დარჩა - გეწაძემ მარცხენა ფლანგზე ჩვეული სოლო-რეიდი განახორციელა და კარშიც დაარტყა. ბურთი მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და კარს მცირედით ასცდა.

შეხვედრა საჩხერელთა უპირატესობით გაგრძელდა. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ და მწვავედაც უტევდნენ. ნომინალური მასპინძლის აქტიურობამ შედეგი გამოიღო - ოდიკაძემ კუთხურიდან მეკარის ბაქანთან ჩააწოდა ბურთი, სადაც გაბედავა თავით ცდილობდა დარტყმას, მაგრამ ვერ მოახერხა, თუმცა ბურთი იქვე მყოფ რეხვიაშვილს მოხვდა და კარში შეგორდა.

ოთხიოდე წუთში რეხვიაშვილმა მეორე შემთხვევითი გოლიც გაიტანა, ოღონდ... უკვე საკუთარ კარში - ლევან კორღალიძის ჩაწოდებისა და კირკიტაძის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი აეჭრა და კარში მოათავსა.

სოსო ფრუიძის შეგირდებმა კვლავ გასათანაბრებლად გაიწიეს, რუსთაველები კი კონტრშეტევებით ცდილობდნენ მეტოქის დამწუხრებას. ასეთ თამაშში მომენტები ორივე კართან საკმაოდ იქმნებოდა. გოლების გატანა გეწაძესა და ბერიაშვილს შეეძლოთ. ერთ ეპიზოდში რუსთაველები გოლს ვეღარ გადაურჩნენ - ჯიღაურის ჩაწოდების შემდეგ ტატანაშვილმა თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა.

საჩხერელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, ერთ წუთში მატჩის საუკეთესო მოთამაშე კირკიტაძემ გიორგი გავაშელიშვილისგან მიიღო გადაცემა, მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" დააჭედა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. განსაკუთრებით, საჩხერელთა ბოლო შეტევა უნდა გამოვყოთ, როცა ოდიკაძის ჩაწოდების შემდეგ ჭელიძე კარში თავით ურტყამდა და ბედიაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია.

შეხვედრის შემდეგ საჩხერელი გულშემატკივრები "ჩიხურას" თამაშით უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ, "მეტალურგის" აქტიურმა ფანებმა კი საკუთარი გუნდი ოვაციებით გააცილეს.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული