ნიკა საბანაძე: ბევრი გოლი და სამეული - ტემპი არ უნდა დავაგდო!

AutoSharing Option
ტრავმის მოშუშების შემდეგ "ტორპედოს" გოლეადორი ნიკა საბანაძე ჩვეულ ფორმას იბრუნებს.

ვინც "ზესტაფონთან" მისი შესანიშნავი თამაში ნახა, გულგრილი არ დარჩებოდა - საბანაძემ დუბლი შეასრულა და კაპანაძის გოლშიც ლომის წილი დაიდო.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ 22 წლის ფორვარდი ახალი ფორმაციის "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერია და ქუთაისური გუნდის წარმატებები მის კარგ თამაშზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

ეს "ზესტაფონთან" მატჩშიც კარგად გამოჩნდა. საბანაძეს განვლილ მატჩსა და ქუთაისური გუნდის პერსპექტივებზე ვესაუბრეთ...

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


- თავდაპირველად იმერულ დერბიზე ვთქვათ. ალბათ, ეს თქვენი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი
იყო.

- ძალიან რთული თამაში გამოდგა. ბრძოლითა და მონდომებით მეტად საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. მიხარია, რომ "ტორპედოს" გამარჯვებაში წვლილი შევიტანე.

რაც შეეხება "ზესტაფონის" კარში გატანილ მესამე გოლს, ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი ულამაზესი გოლი იყო.

ყოველ თამაშში სულ უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს. ვეცდები, ტემპი არ დავაგდო და გულშემატკივრები კიდევ ბევრჯერ გავახარო.

- თუ ასე გააგრძელეთ, ალბათ, ბომბარდირობისთვის იბრძოლებთ. რამდენი გოლის გატანას აპირებთ მიმდინარე ჩემპიონატში?
- ბომბარდირობისთვის ძალიან ბევრი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. ვარჯიშებზე არაფერს ვაკლებ. უნდა ვეცადო, რომ მომენტების რეალიზაციის დონე გავაუმჯობესო და რაც შეიძლება ბევრი გოლი გავიტანო. ამ საქმეში პარტნიორების დახმარების იმედიც მაქვს.

- ევროთასებზე "ტორპედოს" ტრავმის გამო ვერ დაეხმარეთ. ალბათ, ძალიან დაგწყდათ გული...
- რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემს გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ... ტრავმის გამო სამი თვე გამიცდა და "ჟილინასთან" ვერ ვითამაშე. საბედნიეროდ, ახლა ჯანმრთელად ვარ და იმედია, "ტორპედოს" ჩემპიონატში გავუწევ დიდ სამსახურს.

- როგორ შეხვდით "ტორპედოში" მომხდარ ცვლილებებს? არ გაგიჭირდათ ახალგაზრდა, გამოუცდელ ფეხბურთელებთან შეთამაშება?
- თავიდან კი გაჭირდა შეთამაშება, მაგრამ ახლა საგრძნობლად მოვუმატეთ და უკეთესობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. რაც მთავარია, მეგობრული გუნდი გვყავს, ბიჭები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ, გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა. გულშემატკივრებს ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლასა და თავდადებას ვპირდებით. რაც უნდა ძლიერი მეტოქე გვყავდეს, ყველა შეხვედრაში გამარჯვებას ვეცდებით.

- ჟერარდ სარაგოსაზე რას იტყვით? საკმაოდ ამბიციური და თავდაჯერებული მწვრთნელი ჩანს, თანაც სარისკო გადაწყვეტილებებსაც არ ერიდება...
- ჩვენი მწვრთნელი ძალიან მონდომებული, მეგობრული და მიზანდასახულია. ყველა თამაშზე მოსაგებად განგვაწყობს და სულ იმას გვეუბნება - ერთი ბურთით რომ აგებდეთ, მატჩის ბოლო წამებამდე უნდა გქონდეთ საკუთარი თავის იმედიო.

- ბევრისთვის მოულოდნელად კარგი სტარტი გამოგივიდათ. მომდევნო შეხვედრებში რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი "ტორპედოსგან"?
- მომდევნო შეხვედრებშიც მაქსიმუმს გავიღებთ. მესამე ტურში გორის "დილას" ვმასპინძლობთ, მაგრამ შესაძლოა, ეს თამაში გადაიდოს... ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ ამ მატჩისთვის ვემზადებით და თუ შეხვედრა არ გადაიდო, ძალიან რთული და საინტერესო დაპირისპირება გველის.

- ამჟამად საქართველოში ყველაზე ძლიერ გუნდად რომელს მიიჩნევთ და რა შანსები აქვს "ტორპედოს"?
- პირველი ორი ტური ძალიან საინტერესო გამოდგა და, ალბათ, ასეც გაგრძელდება. განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ ფავორიტებად თბილისის "დინამო" და გორის "დილა" მიმაჩნია. ორივე კარგი გუნდია და იმედი მაქვს, ქართულ ფეხბურთს ევროპალიგაზეც ღირსეულად წარმოაჩენენ.

"ტორპედოს" შანსებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, სამეულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მთავარია, ზამთრის შესვენებამდე ამ ახალი და ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესში მყოფი გუნდით ზედა ექვსეულში მოვხვდეთ, შემდეგ კი სამეულში მოხვედრას ვეცდებით.

- მესამე წელიწადია, "ტორპედოში" თამაშობთ. გარემოს შეცვლაზე ან უცხოეთში წასვლაზე ხომ არ გიფიქრიათ?
- "ტორპედოსთან" კიდევ სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, აქ თავს კარგად ვგრძნობ და ამ ეტაპზე სხვაგან გადასვლაზე არ ვფიქრობ. სამომავლოდ, თუ უკეთესი გუნდის ვარიანტი გამოჩნდა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ "ტორპედოს" წარმატებებზე ვფიქრობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზესტაფონი-ტორპედო 2:3 - ფეხბურთელები იცვლებიან, დერბი უცვლელია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული