ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:2 - გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" უფრო გამოცდილი და სახელიანი ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე "ვიტ ჯორჯიას" და, შეიძლება ითქვას, სწორედ გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე გაიმარჯვა სოსო ფრუიძის გუნდმა.

პირველ ტაიმში "ჩიხურა" დიდ უპირატესობას არ ფლობდა. საერთოდაც, თამაშის ტემპი არ იყო მაღალი და შეტევაში თავქუდმოგლეჯილი არც ერთი გუნდი არ გარბოდა.

"ვიტ ჯორჯიას" პირველ 45 წუთში სახიფათო მომენტი არ შეუქმნია, საჩხერელთაგან კი ჯერ გიორგი გაბედავამ დაარტყა თავით და ბურთი ნიკა დაუშვილმა გააქვავა ხელებში, მერე კი გიორგი დეკანოიძე დაბზრიალდა კარგად მეტოქე მცველებში და მისი დარტყმულიც დაუშვილის ნადავლად იქცა.

Sportall.Ge
ტაიმის დასრულებას წუთი უკლდა, დავით ოდიკაძემ მარჯვენა ფლანგიდან რომ ჩააწოდა კუთხური. მასპინძლები ჩაფლავდნენ და ყოფილმა ვიტჯორჯიელმა გიორგი დათუნაიშვილმა "ჩიხურა" თავურით დააწინაურა.

დათუნაიშვილს სჩვევია ხოლმე თავისუფალ ზონაში შეჭრა, იქიდან გოლის გატანა და 25 აგვისტოსაც ასეთნაირად გამოირჩა.

"ვიტ ჯორჯიას" ალბათ უფრო ახალგაზრდული ჟინი და შემართება უნდა დაეპირისპირებინა მეტოქისთვის, თუმცა 25 აგვისტოს ზურაბ ბერიძის გუნდმა საუკეთესო მატჩი ნამდვილად ვერ ითამაშა.

63-ე წუთზე დეკანოიძის ჩაუქობას დიმიტრი ტატანაშვილმა მიაყოლა დასწრებაზე თამაში - ბურთი "ვიტ ჯორჯიას" კარის ხარიხამ აისხლიტა, აქედან ცოტა ხანში კი უკვე ლაშა ჩიკვაიძემ ჩააწოდა კარის გასწვრივ და ტატანაშვილმაც ახლოდან, ისევ დასწრებაზე ითამაშა და "ჩიხურას" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

"ვიტ ჯორჯია" ამის მერე გამოცოცხლდა და თამაშიც უფრო კარგი სანახავი გახდა. მასპინძლებს შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, თუმცა მათ ეს რევაზ თევდორაძემ არ დაანება - ჯერ ოთარ ჯავაშვილის დარტყმა არ შეუშვა "ცხრიანში", მერე ელგუჯა ლობჯანიძის უხერხული დარტყმა, მიწიდან ასხლეტილი ბურთი მოიგერია, შემდეგ კი გიორგი ჯანელიძის დარტყმულზეც გამოიდო თავი.

მატჩის ბოლოს "ჩიხურა" კონტრშეტევებით ცდილობდა მესამე გოლის გატანას. შეხვედრის ბოლო წუთზე ლაშა ჭელიძის დაქუხებული ხელზე მოხვდა გიორგი მჭედლიშვილს, რასაც 11-მეტრიანი მოჰყვა.

პენალტი ოდიკაძემ დაარტყა, მაგრამ ჩინებულად გაისარჯა დაუშვილი და "ვიტ ჯორჯია" დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტატანაშვილი და ადამაძე წაეკიდნენ ერთმანეთს, თუმცა გამშველებლებმა იყოჩაღეს და რამდენიმე წუთის შემდეგ ინციდენტი შერიგებით დასრულდა.

იხილეთ სხვა მატჩები:
სიონი-გურია 2:0 - ბოლნისელები წინ მიიწევენ
მერანი-ზუგდიდი 2:0 - გამარჯვება კითხვის ნიშნის გარეშე

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული