გურია-დინამო 2:1 - გურული ფირალები და გაძარცვული ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
მართალია, "დინამომ" ამ მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე მოისაკლისა, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ელიტლიგაში დაბრუნებული გურულების გამარჯვებას.

მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც სეზონის წინ "გურიაში" ხდებოდა...

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ქობულეთში გაიმართა, ნომინალურ მასპინძელს ქომაგობა არ დაჰკლებია - ლანჩხუთიდან ჩასული 500-მდე ქომაგის გარდა, "გურიას" ადგილობრივებიც გულშემატკივრობდნენ.

მატჩი თბილისელთა შეტევებით დაიწყო. უკვე საწყის წუთებში "დინამოს" რამდენიმე შანსი მიეცა, თუნდაც ის ეპიზოდი, როცა სეთურიძის კარგი გარღვევა ვერ დააგვირგვინა ჩინებულ სიტუაციაში მყოფმა ხოჭოლავამ; ხოლო ცოტა ხანში, მერებაშვილის მახვილგონივრული პასის
შემდეგ პატრიკ ვოუს გატანის შანსი იუბილარ მინდია ბობღიაშვილის ჩინებულმა რეაქციამ მოუსპო.

Sportall.Geმოგვიანებით ვუომ მერებაშვილის კიდევ ერთი პასი ვერ გამოიყენა.

მე-20 წუთზე პირველი ხიფათი "გურიამაც" შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი "დინამოს" მეკარე თორნიკე ზარქუამ რის ვაი-ვაგლახით მოიგერია.

მალევე ბურთისთვის მებრძოლ ვილი ისიანს მცველმა ხელი ჰკრა და გურულებმა მეორედ მოითხოვეს თერთმეტმეტრიანი, თუმცა აბდულა ბასლეჰლომ ყური არ უგდო.

საერთოდ, "გურია" კიდევ ორჯერ ითხოვდა პენალტს და ორივეჯერ - ხელით თამაშისთვის. მეორე შემთხვევას მოედანზეც და ტრიბუნაზეც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ქომაგებს შორის კინკლაობის გამო მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა, ხოლო ლაინსმენის შეურაცხყოფისთვის "გურიას" ერთ-ერთ წარმომადგენელს შეიძლება დისკვალიფიკაცია არ ასცდეს...

ტაიმის ბოლომდე "დინამოს" კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, მაგრამ მერებაშვილმა ბობღიაშვილს ვერ აჯობა. სამაგიეროდ, გოლი მასპინძლებმა "მოამწიფეს": ჯერ საჯარიმოში დანიშნულ თავისუფალ დარტყმას ალეკო კოშკაძე აგვირგვინებდა (უძლიერესი დარტყმა კარს ასცდა), ხოლო შემდეგ მანვე ახლოდან ვერ გამოიყენა კარგი მომენტი, ჩიკვილაძის სახიფათო დარტყმული კი იდეალურ პოზიციაში მყოფ ჯიშკარიანს რიკოშეტით მიუვიდა, მაგრამ ამ ეპიზოდშიც მეკარემ იყოჩაღა.

რაც შეეხება გოლს, ლანჩხუთელებმა, როგორც იტყვიან, ის მეტოქეს "გასახდელში დააწიეს" - ტაიმის ბოლო წუთზე კუკულაძის ჩაწოდებული ისიანმა გოლად აქცია - 1:0.

მეორე ტაიმი მომენტებით დატვირთული აღარ ყოფილა. ამაში "დამნაშავე" დავით მახარაძის გუნდი იყო - "დინამო", ფაქტობრივად, ხეირიან ხიფათს ვერ ქმნიდა.

როცა დუშან უჰრინის კრებული შეტევის გადამწყვეტ ფაზაზე უნდა გადასულიყო, გოლი ჩემპიონის კარში გავიდა - მარცხენა ფლანგზე ჯიშკარიანმა გაილაღა, პასიც ჩინებული გაუკეთა ისიანს, რომელმაც მეკარეს ბურთი გადაუგდო, მაგრამ "დუბლი" ჩაუშალა მცველმა, რომელმაც ცარიელი კარი დაიკავა.

თუმცა "დინამო" მაინც ვერ გადარჩა - შეცვლაზე შესულმა და საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ალეკო შენგელიამ მწვრთნელს იმედები გაუმართლა და დამატებაზე აუღებელი "გაისროლა" - 2:0.

ბოლოსკენ მატჩს ინტრიგა მერებაშვილმა დაუბრუნა, როცა ჩინებული დარტყმით ბობღიაშვილს ბურთზე თვალი გააყოლებინა.

დინამოელებმა მეტი ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ, 2:1 და გამოდის, რომ "გურია" წელს მოქმედი ჩემპიონების რისხვად იქცა - ხუთიოდ თვის წინ ხომ ლანჩხუთელებმა "ზესტაფონი" გამოთიშეს სათასო მარათონს...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- უპირველესად, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. თავიდან მატჩი ჩვენი უპირატესობით წარიმართა და მინიმუმ ოთხი კარგი შანსი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ. მეტოქემ გატანა დაგვასწრო და როცა ჩვენ გათანაბრებაზე ვფიქრობდით, მეორე გოლიც მივიღეთ, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

- ბატონო დუშან, რატომ არ გყავდათ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრი? ან რას მივაწეროთ, რომ განაცხადში 2 ფეხბურთელით ნაკლები შეიყვანეთ?
- რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია, იგივე უსტარიცი, ჩისკო... ხოლო დანარჩენები, ვინც დღეს განაცხადში ვერ მოხვდნენ, გადაყვანილები არიან მეორე გუნდში.

- მათ შორის ჯაბა დვალიც?
- დიახ, დვალიც.

- მიზეზი რა არის?
- ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა. მაპატიეთ, მაგრამ ვერ დაგიკონკრეტებთ.

დავით მახარაძე ("გურიას" მთავარი მწვრთნელი):
- ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა, რომ დასაწყისში უპირატესობა "დინამოს" მხარეს იყო, ორჯერ აშკარად გადავრჩით. თუმცა შემდეგ მოვუმატეთ და შედეგიც მივიღეთ.

"დინამო" შესუსტებული შემადგენლობით იყო, თან - ნამგზავრი, რამაც გავლენა მოახდინა გუნდზე. ვფიქრობ, მეტოქე ფსიქოლოგიურადაც რთულ მდგომარეობაში იყო.

ვერ ვიტყვი, რომ ამ შეხვედრის მოგებას ველოდით, თუმცა ბიჭებთან ნასაუბრები მქონდა, რომ მხოლოდ ღირსეული თამაში არ იყო საკმარისი და მთავარი უნდა ყოფილიყო ქულების აღება. დღეს ეს მოვახერხეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს თავდადებული გარჯისთვის.

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ასევე იხილეთ ტურის სხვა მატჩები:
ჩიხურა-ზესტაფონი 1:0 - გამარჯვებულს არ ასამართლებენ [VIDEO]
დილა-მეტალურგი 3:0 - გორელებმა ხასიათი გამოიკეთეს [VIDEO]
სპარტაკი-ტორპედო 0:1 - მონდომებაც და ლოგიკაც [VIDEO]
ზუგდიდი-სიონი 2:1 - კობა წიტაიშვილმა სიტყვა შეასრულა
ვიტ ჯორჯია-მერანი 3:0 - რა უნდა ჩაენიშნა თემურ ქეცბაიას ასეთ თამაშში?

ბომბარდირები
გ. დოლიძე (დილა) 3
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 3
თ. კაპანაძე (ტორპედო) 2
ნ. საბანაძე (ტორპედო) 2
დ. კირკიტაძე (მეტალურგი) 2
ი. მოდებაძე (დილა) 2
ე. ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) 2
გ. კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) 2
ლ. თოთაძე (სიონი) 2
ლ. ახალაია (სიონი) 2
გ. დათუნაიშვილი (ჩიხურა) 2

V ტური
13 სექტემბერი, პარასკევი
დინამო-ზუგდიდი
მერანი-ჩიხურა
სიონი-ვიტ ჯორჯია
ტორპედო-გურია
მეტალურგი-სპარტაკი
ზესტაფონი-დილა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არა, ეს უცხოურენოვანი ცხრილები მაგარი კაიფია :)))
cxrili
10:25 06-09-2013
0
ramaz შარშან რაც ხდებოდა გორში არ იყო სირცხვილი?გორი-ზესტაფონის თასის ფინალი არ იყო სირცხვილი?
daviti
00:58 04-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული