ისე, ერთი შეხედვით უცნაურიც არის, რომ მთლიანი ტური "არასაფეხბურთო დღეს", პარასკევს ტარდება, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს: არახალი ამბავია, რომ ერთი-ორი სტადიონის გარდა, ჩვენი ჩემპიონატის მატჩები შაბათ-კვირასაც, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ მიმდინარეობს!
თანაც, საქართველოს ჩემპიონატს ვინ ჩივის, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირების დროსაც "დინამო-არენას" სტადიონი ხომ მხოლოდ სანახევროდ შეივსო...
...დღეიდან თვის ბოლომდე უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელებს ერთობ გადატვირთული გრაფიკი ექნებათ: ნამდვილად არ არის პატარა
მოკლედ, ამ "საშემოდგომო მარათონის" დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილიც მეტ-ნაკლებად "დალაგდება" და ფავორიტ-აუტსაიდერებიც გამოიკვეთებიან: დროის ასე მოკლე პერიოდში ხუთი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოკლე სათადარიგოთა სკამით ნამდვილად შეუძლებელია და ისიც ნათლად გამოჩნდება, თუ როგორ მოემზადა ესა თუ ის გუნდი სეზონისწინა შეკრებაზე.
და კიდევ: სწორედ ამ პერიოდში უნდა ველოდოთ რამდენიმე საკადრო გადაადგილებასაც, რომელთაგანაც ზოგი, შესაძლოა, ერთობ "უხმაურო" გამოდგეს, ზოგი კი, პირიქით - მეტისმეტად "ხმაურიანი".
მერანი-ჩიხურა
მოგეხსენებათ, რომ ეს ორივე გუნდი საშინაო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე ატარებს, თუმცა პირობითი მასპინძლის როლში "მერანმა" ორივე მატჩი მოიგო; აი, "ჩიხურას" კი გასვლაზე აქვს ასპროცენტიანი შედეგი.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით "ჩიხურა" ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა საჩხერელთა გუნდის გამოცდილ თავკაც სოსო ფრუიძეს, ალბათ, არ დაავიწყდებოდა წინა სეზონის სტარტი: შარშან "ჩიხურამ" ჩემპიონატის დასაწყისში ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და მერე პირველი მარცხი სწორედ "მერანთან" განიცადა...
მეტალურგი-სპარტაკი
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეს გუნდები ჩემპიონატში კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აშკარა უპირატესობა რუსთაველთა მხარესაა.
"სპარტაკმა" მხოლოდ ერთადერთხელ მოახერხა "მეტალურგის" დამარცხება, ოღონდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2009/10 წლების სეზონის ბოლო ტურში ჩატარებული ის შეხვედრა რუსთაველებმა ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩაატარეს (თანაც, თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგი" ამ მატჩში უკვე ჩემპიონის რანგში გამოვიდა).
თუმცა სტატისტიკაზე "აქტუალური" 13 სექტემბრის მატჩის შედეგია: გელა სანაიას დამოძღვრილმა "მეტალურგმა" ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აიღო, "სპარტაკი" კი ერთადერთი გუნდია, სეზონის სტარტზე ყველა მატჩი რომ წააგო!
სიონი-ვიტ ჯორჯია
ამ გუნდების დაპირისპირება უმაღლეს ლიგაში 15 წელია გრძელდება და უპირატესობა "ვეტერინართა" მხარესაა.
სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში ორივე გუნდს მოკრძალებული მიზნები აქვს; არადა, ბევრს ემახსოვრება ის ორი სეზონი, როცა (2004, 2006) საქართველოს ჩემპიონის ვინაობა სწორედ "სიონისა" და "ვიტ ჯორჯიას" პაექრობებში ირკვეოდა.
ისე, წლევანდელ ჩემპიონატში დღევანდელ მეტოქეებს ურიგო სტარტი ნამდვილად არ აუღიათ: ზურაბ ბერიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ახალგაზრდული "ვიტ ჯორჯია" საკუთარ მოედანზე "აუცილებელ" ქულებს აგროვებს.
ჩვენი პირველობის კვალობაზე არცთუ ურიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "სიონს" კი მართლაც რეალურად ხელეწიფება ზედა ექვსეულში ადგილის დამკვიდრება.
ტორპედო-გურია
ორი დიდი ტრადიციის მქონე გუნდი 11-წლიანი პაუზის მერე დაუპირისპირდება ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში და, წესითა და რიგით, ძველისძველი მეტოქეების პაექრობა საინტერესო უნდა გამოდგეს. წარსულს თავი რომ დავანებოთ, "ტორპედომ" ზედიზედ ორი საგარეო გამარჯვებით ბევრი სკეპტიკოსიც გააოცა და, რაც მთავარია, ესპანელი სპეციალისტის, ჟერარდ სარაგოსას გუნდის თამაშის ხარისხიც აღსანიშნავია.
აი, "გურიამ" კი ახალი სეზონის ყველაზე "ხმაურიანი" სენსაცია მოახდინა: ფაქტობრივად, ჩემპიონატის დაწყების წინ ჩამოყალიბებულმა გუნდმა (რომელსაც არც შეკრება გაუვლია) თბილისის "დინამოს" მოუგო! აქედან გამომდინარე, დავით მახარაძის შეგირდებს 13 სექტემბერსაც მოხსნილი ექნებათ ფსიქოლოგიური წნეხი და, ალბათ, უსიამოვნო ტრადიციის დარღვევასაც შეეცდებიან: "გურიას" ყველა, 12-ივე მატჩი აქვს ქუთაისში წაგებული!
დინამო-ზუგდიდი
...საქართველოში არც ერთ გუნდს არა აქვს ისეთი პირობები, როგორიც თბილისის "დინამოს" (აღარაფერს ვამბობთ სეზონისწინა უცხოურ შეკრებაზე, სადაც დინამოელებს სოლიდურზე-სოლიდური სპარინგპარტნიორები ჰყავდა), თუმცა ბევრისთვის მართლაც მოულოდნელობაა ჩვენი ჩემპიონატის "მარადიული ფავორიტის"... მეცხრე ადგილზე ყოფნა!
რა თქმა უნდა, ჯერ სეზონის სტარტია; თანაც, გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ასეთ დასაწყისს "დინამოს" ერთგულ ქომაგთაგან ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.
მოკლედ, ადვილი მისახვედრია, თუ როგორი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იქნება დინამოელთა ჩეხი თავკაცი დუშან უჰრინი, მით უფრო, "გურიასთან" წაგების მერე...
ზესტაფონი-დილა
2011 წლამდე "ზესტაფონისთვის" თუ რომელიმე გუნდს ეთქმოდა "სასურველი მეტოქე", ეს გორის "დილა" იყო! თავად განსაჯეთ: 2011/12 წლების სეზონამდე "ზესტაფონი" ათჯერ დაუპირისპირდა "დილას" და ათივე მატჩი მოუგო (აქვე ბურთების შეფარდებასაც გაახლებთ: 26-3)!
თუმცა ამის შემდეგ "დილაში" ბევრი ვინმე თუ რამე შეიცვალა, იმ დროისათვის უგავლენიანესი პატრონის ხელშეწყობით, გორელებს თასის ფინალამდე გზა გაუხსნეს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და 2012 წლის თასის მართლაც სამარცხვინო ფინალში რაც მოხდა, ვფიქრობთ, ამის გახსენება აღარავის სურს...
...საბედნიეროდ, "დილას" წლევანდელ წარმატებულ ასპარეზობას ვეღარავინ დაუკავშირებს როგორც "ნაცების" იდეოლოგიის ერთ-ერთ სეგმენტს: გონიერი მენეჯერის, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ლევან სილაგაძის (მუდამ "ჩრდილში" რომ ამჯობინებს ყოფნას) დიდი მცდელობით, გორელთა გუნდი ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად "ზემოდან" მხარდაჭერის გარეშე ჩამოყალიბდა!
თუმცა გიორგი დევდარიანის გუნდს უმძიმესი მატჩი ელოდება "ზესტაფონში" - იმერლებს ხომ ამ ჩემპიონატში თამაში არ მოუგიათ!
ისე, ამ გუნდებს შორის ზესტაფონში ჩატარებული ბოლო ოთხი დაპირისპირება "დილამ" მოიგო...
საქართველოს XXV ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. V ტური
სატურნირო ცხრილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ბაია აღარ ქვია მაგ გუნდს უკვე.