მეტალურგი-სპარტაკი 1:0 - იყო თუ არა გოლი?

AutoSharing Option
...მატჩის ძირითადი დროის დამთავრებას 4 წუთი აკლდა, მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურებულმა სტუმრებმა მორიგი იერიში რომ მიიტანეს სტუმართა კართან;

ნიკა კვეკვესკირმა "მეტალურგის" საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და სწორედ აქ მოხდა კიდეც 13 სექტემბერს გამართული მატჩის ყველაზე საკამათო ეპიზოდიც: ერთი შეხედვით, უწყინარ სიტუაციაში მასპინძელთა მარცხენა მცველმა ანზორ სუხიაშვილმა ბურთი ვერ მოიგერია, სამაგიეროდ იქვე "ჩასაფრებულმა" თორნიკე თუხარელმა ახლო მანძილიდან "მეტალურგის" გამოცდილ მეკარეს გრიგოლ ბედიაშვილს შანსი არ დაუტოვა!

"სპარტაკის" ფეხბურთელთა და ამ გუნდის ქომაგთა ("ფოლადზე" მათი რაოდენობა ცოტა არ იყო - ცხინვალელთა გუნდში ხომ
რუსთავის ფეხბურთის ოთხი აღზრდილი ასპარეზობს) სიხარული ნაადრევი გამოდგა: არბიტრის ერთ-ერთმა ასისტენტმა გოლის მერე... ალამი აღმართა, ანუ, თუხარელი "თამაშგარე მდგომარეობაში" დააფიქსირა და გოლიც არ ჩაითვალა!

Sportall.Geასეთ დროს, ფეხბურთელთა ემოციურ პროტესტს რომ არანაირი შედეგი არ მოაქვს, ყველამ კარგად ვიცით და არბიტრსაც ეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

არადა, მატჩის დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ განაცხადა, რომ ნახა ვიდეოფირი და მისმა გუნდმაც "სუფთა" გოლი გაიტანა, მაგრამ...

...ვერ ვიტყვით შემოდგომისათვის უჩვეულოდ მაღალი ჰაერის ტემპერატურის თუ ორივე გუნდის მეტ-ნაკლებად არცთუ სახარბიელო სტარტის ბრალი იყო, მაგრამ, ფაქტია, რომ თამაში დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა.

განსაკუთრებით კი ეს მეორე ტაიმზე ითქმის: მასპინძლებმა, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთადერთხელ შექმნეს მეტოქის კართან სახიფათო მომენტი, თუმცა, მეორეს მხრივ, "მეტალურგისათვის" ხომ მთავარი გამარჯვება იყო და მასპინძელთა ახალგაზრდა თავკაცს გელა სანაიას მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის თამაშის "გამართლება" არც უცდია:

"ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა ისეთ მეტოქესთან, შეტევაშიც და დაცვაშიც ორგანიზებულად რომ მოქმედებს; დღეს მთავარი სასურველი შედეგის მიღწევა იყო, თორემ ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით, რაღა თქმა უნდა უკმაყოფილო ვარ".

არადა, პირველი ტაიმი ურიგო სანახავი არ გამოდგა: ჯერ, დავით კირკატაძემ, ბევრისთვის მოულოდნელად, "ცაციათი" დაარტყა, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა; ამ ყველაფერს კი სტუმართა ერთობ მწვავე კონტრშეტევა მოჰყვა: თორნიკე თუხარელმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც სტუმართა კაპიტანი ზვიად მეტრეველი ვარდნაში, თავით ურტყამდა ახლო კუთხეში, მაგრამ თანაქალაქელისა და ყოფილი თანაგუნდელის დარტყმა გრიგოლ ბედიაშვილმა მოიგერია.

პირველ ტაიმში "სპარტაკს" კიდევ ერთი რეალური შანსი ჰქონდა: "სტანდარტული" ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა და მეტრეველმა კვლავაც მოიგო საჰაერო ორთაბრძოლა, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.

აი, მხოლოდ ეს იყო პირველ ტაიმში "სპარტაკის" მიერ შექნილი მომენტების ჩამონათვალი - დანარჩენი დრო მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და "მეტალურგმა" რომ უფრო სოლიდური უპირატესობა ვერ მოიპოვა, სოსლან ნანიევის დამსახურებაა.

სტუმართა დებიუტანტმა მეკარემ ჯერ ლევან კორღალიძის სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოიგერია, მერე კი გიორგი ბერიაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთზეც შეძლო რეაგირება. თუმცა, მასპინძლების მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო - "მეტალურგის" ეფექტური კომბინაცია დავით კირკიტაძემ წამოიწყო. რასაც ლევან კორღალიძის მართლაც ჩინებული (გნებავთ, დიდოსტატური დაარქვით) პასი მოჰყვა და არცთუ იოლი მდგომარეობიდან ბერიაშვილმა ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმის ბოლომდე "მეტალურგს" კიდევ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ლევან კორღალიძის თავურიც არაზუსტი გამოდგა, ხოლო რევაზ გეწაძის ორი შორეულ დარტყმას სოსლან ნანიევის უშეცდომო თამაში მოყვა.

მეორე ტაიმში სტუმრები ბევრად აქტიურად გამოიყურებოდნენ (არადა, ტრავმების გამო "სპარტაკს" ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელი აკლდა), თუმცა თორნიკე თუხარელისა და ვახტანგ ფანცხავას მცდელობებს შედეგი ერ მოჰყოლია.

ისე, იმ არჩათვლილ გოლს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ყველაზე რეალური მომენტი მაინც მასპინძლებს ჰქონდათ - კირკიტაძის ფლანგური პასის მერე "მეტალურგის" დებიუტანტი ლევან კაკუბავა სრულიად მარტო აღმოჩნდა მეტოქის კარის სიახლოვეს, მაგრამ ტრავმებგადატანილმა მცველმა თავით ზუსტად ვერ დაარტყა.

თუმცა, მასპინძლებისთვის მთავარი ხომ პირველი საშინაო გამარჯვება იყო, აი, "სპარტაკი" კი , მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ქულას ნამდვილად იმსახურებდა.

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები:
გ. დოლიძე (დილა) 3
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 3
ლ. ახალაია (სიონი) 3
ი. ქობალია (ზესტაფონი) 3

გამოტოვებული მატჩები
17 სექტემბერი
დინამო (თბ)-სპარტაკი
ტორპედო-დილა

VI ტური
21 სექტემბერი
ჩიხურა-დილა
გურია-მეტალურგი
ზუგდიდი-ტორპედო
მერანი-სიონი
სპარტაკი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული