ქობალია მანამდე "ზუგდიდის" და "ბაიას" ფეხბურთელი იყო, ახალგაზრდულის გარდა, ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. აგრესიული, ტექნიკური, ღონიერი და ალღოიანი ფორვარდია, თავით თამაშიც ეხერხება. ერთი სიტყვით, ქობალია საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
იხილეთ ვიდეო
საერთოდ, დასავლეთ საქართველოდან წამოსულ ფეხბურთელებს თამაშის თავისებური სტილი აქვთ და ქობალიაც მასეთია, მას ბევრში გამოარჩევთ."ზესტაფონი"-"დილას" მატჩის გმირს რამდენიმე კითხვა დავუსვით...
- ყველაზე უფრო მაინც
- ამ დროისთვის "დილა" საქართველოში ნომერ პირველ გუნდად მიმაჩნია. ეს ევროტურნირზეც გამოჩნდა. ძალიან მონდომებულები ვიყავით, ამ მატჩისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით, სულ ამ შეხვედრაზე ვფიქრობდით.
საბოლოოდ, ისეთი თამაში გამოვიდა, რომ დიდი ანგარიშითაც შეიძლებოდა მოგება. ისიც იყო შესაძლებელი, შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო.
- პირველი გოლი თავურით გაიტანე, მეორე კი საჯარიმო დარტყმით, რაც ერთობ ეფექტურად გამოგივიდა - წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ მოედნის იმ მონაკვეთიდან ჯარიმას შენ დაარტყამდი?
- ჯარიმის შესრულების 3-4 ვარიანტი გვქონდა. ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, ჯარიმა მე უნდა დამერტყა. იმ კონკრეტულ სიტუაციაში გულმა მიკარნახა, რომ დარტყმა მე უნდა შემესრულებინა და ბურთიც შევაგდე. ჯარიმის დარტყმაზე სპეციალურად ვვარჯიშობ. როცა მეკარის კუთხეში ვარტყამ, გათვლა დარტყმის სიძლიერეზე კეთდება. "დილასთანაც" ყველაფერი ისე გამომივიდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა.
- ამ სეზონში "ზესტაფონის" ცუდი სტარტი რისი ბრალი უნდა იყოს? ჩემპიონატის პირველ ოთხ შეხვედრაში ერთიც ვერ მოიგეთ...
- გუნდში 7-8 ახალი ფეხბურთელი მივედით, მათ შორის, ლეგიონერებიც. ახალი გუნდის ასაწყობად ერთი-ორი თვე არ არის საკმარისი. ფეხბურთელები ნელ-ნელა ვეწყობით ერთმანეთს.
- ამ სეზონში კონკრეტული მიზანი აქვს "ზესტაფონს"?
- ჩემპიონობა გვინდა და ეს არარეალური ნამდვილად არ არის. სამ-ოთხ საუკეთესო გუნდში უეჭველად უნდა მოვხვდეთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ მაყურებელი ძალიან დიდ როლს თამაშობს. "დილასთან" შეხვედრაში ყველანი ერთად დავდექით და ერთიანი ძალებით მოვახერხეთ ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება.
თუ კვლავაც ერთმანეთის გვერდში ვიდგებით, ეს ძალიან დაგვეხმარება. დიდი მადლობა გულშემატკივრებს "დილასთან" ასეთი მხარდაჭერისთვის.
- მიმდინარე ჩემპიონატში სამი გოლი მიითვალე, პირველ ტურში "დინამოსთან" გაიტანე გამათანაბრებელი, თუმცა მატჩის ბოლოს ისევ გაუშვით გოლი და დამარცხდით. არადა, იმ შეხვედრაში "ზესტაფონს" ურიგოდ არ უთამაშია და ზოგმა ის მარცხი ზესტაფონელთა დაღლილობას დააბრალა...
- სეზონისთვის მზადება გვიან დავიწყეთ, შეკრებიდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით და ალბათ, ის ჯანი არ გვქონდა, რაც აუცილებელი იყო; პატარ-პატარა რაღაცებმა შეგვიშალა ხელი და წავაგეთ. ასი პროცენტით ვიხარჯებით ყველა შეხვედრაში, მაგრამ ყველა მატჩს ერთნაირად ვერ ითამაშებ. "დინამოსთან" შეხვედრის ბოლოს, ალბათ, ცოტა მოვდუნდით კიდეც...
- ეროვნულ ნაკრებში ერთხელ ითამაშე, ეგვიპტესთან ამხანაგურ შეხვედრაში შეცვლაზე შეხვედი. მერე კი აღარ გამოჩენილხარ არც ეროვნულ და არც ახალგაზრდულში, თუმცა 21-წლამდელების დამრიგებელმა ალექსანდრე ჩივაძემ გვითხრა, ქობალიასი კვლავაც მეიმედებაო...
- პოლონურ "იაგელონიაში" ვიყავი გასინჯვაზე, მაგრამ უთამაშებლობამ და არასათანადო მომზადებამ თავისი გაიტანა. ამას დაემატა ტრავმა, ისე მოხდა, რომ ექვსი თვე კარგად ვერ ვემზადებოდი. პრეტენზიები არავის მიმართ არ მაქვს, ახლაღა დავიწყე ნორმალურად ვარჯიში და თამაში. როცა ოპტიმალურ ფორმაში შევალ, იმედი მაქვს, რომ ნაკრების მწვრთნელები ისევ დაინტერესდებიან ჩემით.
- ამ ეტაპზე უცხოეთში წასვლაზე აღარ ფიქრობ?
- "ზესტაფონთან" სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, საქართველოში ყოფნას რა ჯობია, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელის წინსვლისთვის საჭიროა, რომ ევროპაში წავიდეს ფეხბურთის სათამაშოდ. ჯერ "ზესტაფონის" ფეხბურთელი ვარ, საქართველოს ორგზის ჩემპიონ გუნდში მოვხვდი, სადაც სამაგალითო ფეხბურთელები თამაშობენ და მეც ყველაფერს გავაკეთებ "ზესტაფონისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ზესტაფონი-დილა 2:0 - პირველი გამარჯვება [VIDEO]
ს.კ. "დილას" განცხადება: ფინანსური ხარვეზები გვაქვს, მაგრამ არა - დარღვევები