არადა, წინა ოთხ ტურში, სულ მცირე, ერთი მატჩი მაინც მთავრდებოდა სტუმართა გამარჯვებით; თუმცა, როგორც ჩანს, ჩემპიონატში გამოცხადებული პაუზა ამ ტურის მასპინძლებმა უფრო ნაყოფიერად გამოიყენეს.
ახალი ლიდერ(ებ)ი
ამ ტურის წინ ერთპიროვნული ლიდერი საჩხერის "ჩიხურა" იყო, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდის წაგებამ სატურნირო ცხრილში გარკვეული გადაადგილებები გამოიწვია.
რაც მთავარია, ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს: ქუთაისის "ტორპედომ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
არ დაგვავიწყდეს, რომ ჟერარდ სარაგოსას გუნდს ერთი შეხვედრა "თადარიგში" აქვს (17 სექტემბერს შინ უნდა ჩაატაროს "დილასთან" გადადებული მატჩი) და ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ "ტორპედოა" უმაღლეს ლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი!
გასულ ტურში ქუთაისელებმა კვლავაც მინიმალური სხვაობით იმარჯვეს: გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი 21 წლის გიორგი კუხიანიძემ გაიტანა.
სხვათა შორის, ეს იყო ჟერარდ სარაგოსას (და საერთოდ, განახლებული "ტორპედოს") პირველი საშინაო გამარჯვება ახალ სეზონში: ქუთაისში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში ესპანელი სპეციალისტის გუნდი უშანსოდ დამარცხდა (სლოვაკურ "ჟილინასთან" - ევროპალიგაზე), მერე კი "მეტალურგთან" ფრედ ითამაშა.
..."ტორპედო", "მერანი", "ჩიხურა", "ვიტ ჯორჯია", "მეტალურგი" - ჩემპიონატის დაწყებამდე ვინ იფიქრებდა, რომ 5 ტურის მერე პირველი ხუთეული ასეთი იქნებოდა?
ისტორია გამეორდა!
V ტურის წინათქმაში აღვნიშნეთ, რომ წინა ჩემპიონატი "ჩიხურამ" ზედიზედ სამი მოგებით დაიწყო და სეზონში პირველი მატჩი მარტვილის "მერანთან" წააგო.
ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ამ სეზონშიც: "ჩიხურა" კვლავაც ერთპიროვნული ლიდერის რანგში ესტუმრა "მერანს" (ოღონდ - სამტრედიაში) და ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება მალხაზ ჟვანიას გუნდს დარჩა!
ამ მოგებით კი "მერანმა"... მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ვფიქრობთ, სწორედ ეს ფაქტი უნდა იყოს ("ტორპედოს" ერთპიროვნულ ლიდერობასთან ერთად) ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა.
დებიუტები, ლეგიონერები...
ჩემპიონატის პირველ ტურში, როცა "მერანმა" ცხინვალის "სპარტაკი" დაამარცხა (2:1), მარტვილელთა გუნდში მშვენიერი დებიუტი ჰქონდა აკაკი შულაიას: 16 წლის ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში თავის პირველსავე მატჩში გოლი გაიტანა!
და აი, კიდევ ერთი შედეგიანი დებიუტი და კვლავაც მარტვილელთა გუნდში: 19 წლის ბექა ციკოლია უმაღლეს ლიგაში ასევე პირველ შეხვედრას ატარებდა და, შულაიას მსგავსად, მანაც გოლი გაიტანა!
საერთოდაც, ამ ტურში სხვა რამდენიმე დებიუტიც შედგა: უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა "დილას" ახალწვეულმა, 19 წლის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ (შარშან, პირველ ლიგაში შესაშური შედეგიანობით რომ გამოირჩეოდა "სასკოს" შემადგენლობაში) და მისმა ახალმა თანაკლუბელმა, 22 წლის ნიკა ფილიევმა.
ამ უკანასკნელის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს: ცხინვალის "სპარტაკის" 23 წლის მეკარეს სოსლან ნანიევს, რომელსაც "მეტალურგთან" გასვლით შეხვედრაში ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.
როგორც მოსალოდნელი იყო, "ზუგდიდის" ეგვიპტელ ლეგიონერს, 30 წლის მეგაჰედს კიდევ ერთი თანამემამულე შეემატა: 31 წლის ჰამზამ საქართველოს ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა.
ისე, რახან ლეგიონერები ვახსენეთ, რუმინელი დორინ გოგაც არ უნდა გამოგვრჩეს: თბილისის "დინამოს" 29 წლის შემტევმა საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა!
კრიზისი დაძლეულია?..
ვერ ვიტყვით, რომ ჩემპიონატის მონაწილე გუნდების საერთო დონე გათანაბრდა თუ სხვა მიზეზია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მხოლოდ სამი მატჩი დასრულდა დიდი ანგარიშით.
შეგახსენებთ, რომ IV ტურში "დილამ" 3:0 მოუგო "მეტალურგს", ამავე ტურში და პირველ ტურში კი "ვიტ ჯორჯიამ" ორჯერ შეძლო ასეთივე ანგარიშით მეტოქეთა ("გურია", "მერანი") დამარცხება.
და აი, დიდი ანგარიშით მოგებული მეოთხე მატჩიც: ერთთვიანი პაუზის მერე თბილისის "დინამომ" გამარჯვების გემო გაიხსენა და "ზუგდიდს" 3:0 სძლია.
დუშან უჰრინმა წინა ტურში "გურიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ რამდენიმე გადაადგილება მოახდინა: კარგა ხნის პაუზის მერე ვიხილეთ გამოცდილი გიორგი შაშიაშვილი, ასევე ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდნენ გიორგი ლორია, ელგუჯა გრიგალაშვილი და ჯაბა დვალი.
ამ უკანასკნელმა ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში, 23 წლის ელგუჯა გრიგალაშვილმა "დინამოს" მაისურით ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, რუმინელ დორინ გოგაზე კი ზემოთ ვისაუბრეთ.
ამ გამარჯვებით "დინამომ" საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და 17 სექტემბერს დანიშნულ გამოტოვებულ მატჩსაც ("სპარტაკი") თუ მოიგებს, უფრო ზემოთაც გადაინაცვლებს.
ისე, მკითხველს (და არა მხოლოდ მათ) გვინდა შევახსენოთ, რომ შარშან ამ დროისათვის "დინამოს" ოთხიდან ოთხი მოგება ჰქონდა!..
ზესტაფონის ნავსი
ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდიღაა ("ტორპედო"), ისე, როგორც ერთადერთი "სპარტაკია", მოგებას ვინ ჩივის, ქულა რომ არ აუღია; ამ ტურამდე ასევე არც ერთი მოგება არ ჰქონდა "ზესტაფონს", მაგრამ ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ იმერულ კლუბს, როცა იქნებოდა, ეს წარუმატებელი სერია უნდა დაესრულებინა და ასეც მოხდა.
თანაც, სერბმა სპეციალისტმა რატკო დოსტანიჩმა ჩემპიონატში პირველ გამარჯვებას ისეთ ძლიერ მეტოქესთან მიაღწია, როგორიც გორის "დილაა"!..
აღსანიშნავია, რომ წინა ორ ჩემპიონატში "ზესტაფონმა" ოთხივე საშინაო მატჩი წააგო "დილასთან" და აი, ნავსიც გატყდა და, რაც მთავარია, იმერულმა კლუბმა ჩემპიონატში პირველი შეხვედრაც მოიგო (თანაც, სრულიად დამსახურებულად!)
ტურის მეგოლეები
"ზესტაფონი"-"დილას" შეხვედრაში დუბლი შეასრულა მასპინძელთა ახალწვეულმა, 21 წლის ირაკლი ქობალიამ.
აღსანიშნავია, რომ V ტურის მერე ერთდროულად ოთხი ფეხბურთელია დაწინაურებული ბომბარდირთა დავაში: უკვე ნახსენები ირაკლი ქობალია, დიმიტრი ტატანაშვილი ("ჩიხურა"), გრიგოლ დოლიძე ("დილა") და ლადო ახალაია ("სიონი").
31 წლის ახალაიამ გოლებს რომ მოუხშირა, "სიონის" ქომაგთათვის პატარა ამბავი არ უნდა იყოს; თუმცა, გასულ ტურში სხვა გამოცდილმა ფეხბურთელებმაც შეძლეს თავის გამოჩენა: 32 წლის შოთა ბაბუნაშვილმა ("მერანი") და მისმა თანატოლმა დავით ოდიკაძემ ("ჩიხურა"), 28 წლის გიორგი მელქაძემ ("მერანი") სამწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი უმაღლეს ლიგაში, 24 წლის ჯაბა ჯიღაურმა ახალი გუნდის ("ჩიხურა") მაისურით პირველად გამოიჩინა თავი, 27 წლის გიორგი ბერიაშვილი რუსთავის "მეტალურგს" სამი წლის შემდეგ დაუბრუნდა და აი, პირველი გოლიც გაიტანა, შეცვლაზე შემოსული 21 წლის ირაკლი ღიბრაძის შორეულმა დარტყმამ კი (სეზონში პირველი გოლი) "ვიტ ჯორჯიას" ქულა მოუტანა!..
საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. V ტური
ზესტაფონი-დილა 2:0 - პირველი გამარჯვება [VIDEO]
დინამო-ზუგდიდი 3:0 - სად არის ტემპი?! [VIDEO]
ტორპედო-გურია 1:0 - საბედისწერო წითელი [VIDEO]
სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1 - ზურაბ ბერიძემ გამოიცნო
მერანი-ჩიხურა 3:2 - უკვე პირველ ტაიმში...
მეტალურგი-სპარტაკი 1:0 - იყო თუ არა გოლი?
დინამო-ზუგდიდი 3:0 - სად არის ტემპი?! [VIDEO]
ტორპედო-გურია 1:0 - საბედისწერო წითელი [VIDEO]
სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1 - ზურაბ ბერიძემ გამოიცნო
მერანი-ჩიხურა 3:2 - უკვე პირველ ტაიმში...
მეტალურგი-სპარტაკი 1:0 - იყო თუ არა გოლი?
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები
გ. დოლიძე (დილა) 3
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 3
ლ. ახალაია (სიონი) 3
ი. ქობალია (ზესტაფონი) 3
გამოტოვებული მატჩები
17 სექტემბერი, სამშაბათი
დინამო (თბ)-სპარტაკი
ტორპედო-დილა
VI ტური
21 სექტემბერი, შაბათი
ჩიხურა-დილა
გურია-მეტალურგი
ზუგდიდი-ტორპედო
მერანი-სიონი
სპარტაკი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"