"სადღაა საქართველოში კარგი ფეხბურთელი? უკან მივდივართ!"

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა ცხინვალის "სპარტაკმა" სეზონი ცუდად დაიწყო - ეროვნულ ჩემპიონატში ოთხივე შეხვედრა წააგო, 17 სექტემბერს კი გამოტოვებულ მატჩში თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება და, რა თქმა უნდა, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

მანამდე კი "ლელოს" კითხვებს "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე პასუხობს...

- ჯერჯერობით "სპარტაკი" ერთადერთი გუნდია, ამ ჩემპიონატში ქულაც რომ ვერ აიღო. რითი ახსნიდით ამას?
- ძნელია ამ კითხვაზე ერთი-ორი სიტყვით პასუხის გაცემა. სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიარეთ, საკონტროლო შეხვედრებშიც რიგიანად წარმოვაჩინეთ თავი...
დაიწყო ჩემპიონატი და პირველივე შეხვედრაში "მერანთან" ცუდად ვითამაშეთ და დავმარცხდით.

ამის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები თითქოს ფსიქოლოგიურად გატყდნენ. არ უნდა წაგვეგო ქუთაისის "ტორპედოსთან", ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ; რუსთაველებთან კი ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალეს და ვიდეოჩანაწერი, ცხადია, ფეხბურთის ფედერაციაში მივიტანეთ.

"სპარტაკის" ნომერ პირველი პრობლემა ახლა ის არის, რომ გოლი ვერ გაგვაქვს, თავდასხმა ჩვენთვის ერთობ პრობლემატური რგოლია. არადა, წინა სეზონში, როცა პირველ ლიგაში ვთამაშობდით, ამ მხრივ პრობლემა არ გვქონია.

როგორც ჩანს, სელექციას რაღაც დავაკელით, ისევ იმ ფეხბურთელებს დავეყრდენით, პირველ ლიგაში რომ თამაშობდნენ. რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეც უნდა დაგვემატებინა.

როგორც უნდა იყოს, "სპარტაკის" ამ ფეხბურთელებს გაცილებით უკეთ შეუძლიათ თამაში, ერთი უნდა გაგვიმართლოს და მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ზვიად მეტრეველისა და ნიკა მგელაძის გარდა, "სპარტაკში" 20-21 წლის ფეხბურთელები არიან, უმაღლეს ლიგაში კი "კაცებმა" უნდა ითამაშონ, ასეა ყველგან...

- ამით, ალბათ, იმის თქმაც გსურთ, რომ საქართველოს უმაღლეს და პირველ ლიგებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა...
- ასეა. პირველ ლიგაში 18-20 ქულით რომ გაუსწრებ უახლოეს მდევარს, რაზეა ლაპარაკი?!

- "დინამოსთან" შეხვედრაშიც გამართლების იმედად იქნებით?
- მთლად გამართლების იმედზე ვერ ვიქნებით. "დინამოსთან" ხუთი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მათ შორის - ნიკა კვეკვესკირი და გიორგი თექთურმანიძე, რომლებიც "დინამოსგან" ვინათხოვრეთ და შეთანხმების მიხედვით, ამ გუნდის წინააღმდეგ ვერ ვათამაშებთ. ჩვენნაირი გუნდისთვის ხუთი ფეხბურთელის არყოფნა ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა მაინც ვეცდებით ნავსის გატეხვას.

- ალბათ, ზედმიწევნით დაცვით ვარიანტს აირჩევთ...
- რაც მწვრთნელი ვარ, ჩემი გუნდი ათი კაცით უკან არ ჩამჯდარა. "დინამოსთან" კონტრშეტევაზე ვეცდებით თამაშს, ჩვენს შანსს დაველოდებით.

- "სპარტაკს" ფინანსურად როგორ აქვს საქმე, ამ მხრივ არის სტაბილურობა?
- დაფინანსების მხრივ პრობლემები არ გვაქვს.

- ანუ არის იმის შესაძლებლობა, რომ გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდეს?
- ამდენიც არ გვაქვს. ერთი წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილია და ჯერ არ ვიცით, სამომავლოდ რა დაფინანსება გვექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სადღა დარჩა კარგი ფეხბურთელი საქართველოში?! უკან მივდივართ. ადრე თუ თითქმის ყველა ქართულ გუნდში იყო ისეთი ფეხბურთელი, ხალხს სტადიონზე რომ მიიყვანდა, ახლა თითქმის ყველა ერთ თარგზეა მოჭრილი.

- ძალიან პესიმისტურად ხომ არ აფასებთ ვითარებას?
- ეს პესიმიზმი კი არა, რეალობაა.

- მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე უფრო რომელი გუნდი მოგეწონათ?
- ყველაზე კარგი შთაბეჭდილება "ზესტაფონმა" დატოვა. ამ გუნდში ახალგაზრდებიც თამაშობენ და გამოცდილი ფეხბურთელებიც, მწვრთნელიც კვალიფიციური ჰყავს და ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "დინამოს" ყველაზე დიდ კონკურენციას სწორედ "ზესტაფონი" გაუწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის გადადებული მატჩები: ცხრადღიანი იმერული ტურნე
მკითხველის კომენტარები / 4 /
თკვენ თუ ხართ უნიჯო,ეგ იმას არ ნიშნავს რომ საქართველოში თქვენნაირები არიან..ბევრი მოქმედ ფეხბურთელსაც არ აფასებთ ისე როგორც საჯიროა..
kila
22:02 17-09-2013
0
მაგან თავის თავს მიხედოს აზრზე რომ არ არის და 2 თვეზე მეტი არსად რომ არ უმუშავია გადაბმულად
GIGI
21:40 17-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული