ტორპედო-დილა 0:0 - ქუთათურებმა ლიდერობა შეინარჩუნეს

AutoSharing Option
გუნდები შეხვედრას დანაკლისით შეხვდნენ - ქუთაისელებს წამყვანი მცველი ვაჟა ტაბატაძე აკლდათ, რომელმაც "სპარტაკთან" მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს.

სხვათა შორის, ქუთაისელი გულშემატკივრები მატჩის განმავლობაში მის გვარს სკანდირებდნენ და ასე გამოხატავდნენ მხარდაჭერას...

რაც შეეხებათ გორელებს, მათ გრიგოლ დოლიძე აკლდათ, ხოლო მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. მის ნაცვლად, გორელებს კვლავ გიორგი ტუღუში გაუძღვა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ამ გუნდების შესრულებით გაცილებით უკეთესი თამაშებიც გვინახავს.

Sportall.Geპირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. სახიფათო მომენტი ჯერ ქუთაისელებმა შექმნეს -
საჯარიმოს მისადგომებიდან ნიკა საბანაძემ არცთუ ისე ძლიერად, თუმცა მეკარისთვის საკმაოდ უხერხულად დაარტყა - ნუკრი რევიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ ადგილობრივ გულშემატკივრებს რევიშვილის (რომელმაც კარიერა სწორედ "ტორპედოში" დაიწყო) მიმართ მთელი მატჩის განმავლობაში აპლოდისმენტები არ დაუშურებიათ და მის გვარსაც ხშირად სკანდირებდნენ...

ორივე გუნდს შემტევი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული, თუმცა განსაკუთრებულად მწვავე იერიშების განხორციელება ორივეს უჭირდა. ქუთაისელებმა ისევ შორეული დარტყმებით სცადეს ბედი - შეტევაში საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური ჩაერთო და და დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერადაც "დააქუხა", მაგრამ კარს მცირედით ააცილა.

ამას დავით ჯიქიას შორეული დარტყმაც მოჰყვა, რომელიც რევიშვილმა მოიგერია.

უქმად არც სტუმრები ყოფილან, მათ სახიფათო შეტევას გორელიშვილი აგვირგვინებდა, თუმცა მის დარტყმულს მცველი გადაეღობა.

ქუთაისელებმა მოკლე პასებითა და კომბინაციური თამაშით სცადეს გორელთა ხუთკაციანი დაცვისთვის გასაღების მოძებნა, კარგი შეტევაც განახორციელეს და 5-6 სწრაფი გადაცემის შემდეგ თანაგუნდელებმა გიორგი კუხიანიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს - რევიშვილი ისევ უშეცდომო იყო.

ამის შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. გორელები მოედნის ცენტრშიც კარგად მოქმედებდნენ და ფლანგებსაც აქტიურად იყენებდნენ. სტუმართა სწრაფ შეტევას ბოლქვაძე აგვირგვინებდა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან კარს ოდნავ ააცილა.

ტაიმის მიწურულს გორელებს გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მიეცათ - ალადაშვილის ჩაწოდების შემდეგ მოდებაძე ახლოდან თავით ურტყამდა, თუმცა ქუთაისელთა მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ საოცარი რეაქცია გამოავლინა და "ტორპედო" აშკარა გოლისგან იხსნა.

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევითა და კაპანაძის სახიფათო, თუმცა არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. მეტოქეები დაცვის ხაზში სუსტი წერტილების ძიებაში იყვნენ. თითქოსდა, ორივე მხარის შეტევებს სიმწვავეც არ აკლდა, მაგრამ, როგორც ქუთაისელი, ისევე გორელი მცველები ყურადღებით და დამაჯერებლად მოქმედებდნენ.

სახიფათო მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა. მაგალითად, ერთი ასეთი იყო - ალადაშვილის გამჭოლი გადაცემის შემდეგ მოდებაძე ცდილობდა კარში დარტყმას, მაგრამ ქვილითაიამ დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა.

რამდენიმე წუთში ქუთაისელთა კიპერმა გიორგი გურულის უძლიერესი დარტყმაც მოიგერია, ამ ეპიზოდებს შორის კი საბანაძეს შეეძლო სტუმრების დამწუხრება - გრძელი გადაცემის შემდეგ მკერდით კარგად შეიგდო ბურთი, მაგრამ ხეირიანი დარტყმა აღარ გამოუვიდა.

გორელები ცდილობდნენ მწვავე შეტევების განხორციელებას, მაგრამ ქუთაისელი მცველები უშეცდომოდ თამაშობდნენ, ერთ იერიშს კი მასპინძლებმა ძალიან მწვავე კონტრშეტევით უპასუხეს და ნიკოლოზ ახვლედიანს ხელსაყრელი პოზიციიდან უკეთ რომ დაერტყა, ანგარიში გაიხსნებოდა.

მატჩის ბოლოს უპირატესობა ჟერარდ სარაგოსას შეგირდებს ჰქონდათ. გიგაურის (ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა) წაქცევის გამო ქუთათურებმა ძალზე სახიფათო ჯარიმა მოინაგრეს, ორიგინალურადაც გაითამაშეს, მაგრამ საბოლოო დარტყმა ვერ განახორციელეს.

ქუთაისელთა უკანასკნელი შტურმიც ძალიან სახიფათო იყო - დავით უბილავას აქტიურობისა და ფლანგური ჩაწოდების შემდეგ საბანაძე ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, მაგრამ რევიშვილმა გამოსვლაზე კარგად ითამაშა, მდგომარეობა განმუხტა და მატჩიც ლოგიკური შედეგით დამთავრდა.

"ტორპედომ" მოგებათა სერია კი შეწყვიტა (ზედიზედ 3 მოგება ჩემპიონატში), მაგრამ ლიდერობა შეინარჩუნა. რაც შეეხება "დილას", გორელთა "იმერული ტურნე" მომავალ უქმეებზე "ჩიხურასთან" მატჩით დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული