რატკო დოსტანიჩი: როცა ამდენი შანსიდან ერთსაც ვერ იყენებ, რთულია რაიმეს თქმა [VIDEO]

AutoSharing Option
21 სექტემბერს, საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურის მატჩში ცხინვალის "სპარტაკმა" "ზესტაფონს" სძლია და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულები მოიპოვა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში რატკო დოსტანიჩის შეგირდებს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერცერთი გამოიყენეს, რისთვისაც დაისაჯნენ - მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო, მესამე წუთზე მიზანს კახაბერ კაკაშვილის შორეულმა დარტყმამ მიაღწია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზესტაფონელთა კლუბის ოფიციალურ საიტზე რატკო დოსტანიჩის მატჩისშემდგომი კომენტარი გამოქვეყნდა:

"მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. როცა ამდენი საგოლე შანსიდან ერთსაც ვერ იყენებ, რთულია რაიმეს თქმა. "დილასთან" კარგი
თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ "სპარტაკი" იოლად არაფერს დაგვითმობდა და ბრძოლა იქნებოდა საჭირო.

...ჩვენი მთავარი მინუსი ისაა, რომ მხოლოდ 4 კვირა გვქონდა ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. შემადგენლობა თანდათან იკრიბებოდა: აჯურუ და გურული გვიან შემოგვიერთდნენ, ენდელაძესა და სამუშიას ასაკობრივ ნაკრებებში ჰქონდათ თამაშები. ეს ყველაფერი მოქმედებს".


მოგების მიუხედავად, "სპარტაკის" თავკაცი ვლადიმერ ხაჩიძეც უკმაყოფილო იყო თავისი ფეხბურთელების თამაშით:

"სიმართლე გითხრათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა გაგვიმართლა.

წინა მატჩებში კი რამდენჯერმე იღბალმა გვაქცია ზურგი: "ტორპედოსთან" 4-5 მომენტიდან ერთიც ვერ გამოვიყენეთ, "მეტალურგთან" გოლი არ ჩაგვითვალეს... დღეს პირიქით, მეტოქეს არ გაუმართლა.

...წამყვანი ფეხბურთელები გვაკლდა. მგელაძესა და მეგრელიშვილს ტრავმა აქვთ. შონიას ერთი კვირაა არ უვარჯიშია და დღესაც არ გავიყვანდი მოედანზე, მაგრამ შევატყვე, რომ ნახევარდაცვაში ძალიან არეულად გვქონდა საქმე.

...გვაქვს რგოლებში საკადრო პრობლემა. ერთადერთი, მეკარის პოზიციაა, რომელიც არ მაფიქრებს. ველოდებით ვახტანგ ფანცხავას ათამაშებას. ის თუ სათანადო კონდიციებში შევა, დიდად დაგვეხმარება და ბევრ გუნდს გავუწევთ კონკურენციას. სხვაგვარად გაგვიჭირდება: დღეს, ფაქტობრივად, პირველი გოლი გავიტანეთ სეზონში. სულ მეორეა, მაგრამ ის ერთი საკუთარ კარში შეაგდო მეტოქის მცველმა".


მომზადებულია fczestafoni.ge-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმაღლესი ლიგის ლიდერობა ჩამოართვა
უკმაყოფილო იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული