ვიტ ჯორჯია-დინამო 0:2 - ჩისკოს მუხტი [VIDEO]

AutoSharing Option
წლები გადის, მაგრამ თბილისის "დინამოსთვის" ყველაზე უხერხულ მეტოქედ მაინც "ვიტ ჯორჯია" რჩება და "ვეტერინარებმა" ეს "სტატუსი" ახლაც გაამართლეს!

მართალია, ბევრად გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა და სეზონის დაწყებამდე ბევრად უკეთეს შეკრებაგავლილმა "დინამომ" მაინც შეძლო სამი ქულის აღება, მაგრამ ეს იოლად არ მომხდარა.

ეგ კი არა, ახალგაზრდული "ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში მეტოქეზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო მეტი სითამამე რომ გამოეჩინათ ამ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მატჩის საბოლოო შედეგის განსაზღვრა ძნელი იქნებოდა.

...მასპინძლებს დისკვალიფიცირებული მარცხენა მცველი ოთარ ჯავაშვილი აკლდათ, "დინამოს" კი -
ტრავმირებული დავით კვირკველია და ირაკლი ძარია; თუმცა სტუმართა გუნდში, წინა მატჩთან შედარებით, ერთი ცვლილება მაინც იყო: მარცხენა მცველად გიორგი სეთურიძე მოგვევლინა, დარკო გლიშიჩმა კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

მოკლედ, ორივე გუნდი მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგა - რა თქმა უნდა, ტრავმამოშუშებული ჩისკოს კვლავაც სათადარიგოებში ყოფნას თუ არ ჩავთვლით.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ სწორედ ჩისკოს მოედანზე გამოჩენამ შეიტანა გარდატეხა თამაშში: 32 წლის ესპანელ შემტევს, მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ უაღრესად მოტივირებულად გამოიყურებოდა და თავისი ზეაქტიური თამაშით პარტნიორებიც აიყოლია - ამ ყველაფერს კი მასპინძელთა კარში ორი გოლი მოჰყვა!

თუმცა ეს ხომ მეორე ტაიმში მოხდა, მანამდე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ვიტ ჯორჯია" ბევრად უკეთესი გუნდის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა და მასპინძელთა ცალკეული ფეხბურთელებიც ჩინებულად წარმოჩნდნენ. ამ შემთხვევაში კი, რაღა თქმა უნდა, "ვეტერინართა" კაპიტანი გიორგი ჯანელიძე უნდა ვახსენოთ - 23 წლის პლეიმეიკერმა საუცხოო პირველი ტაიმი ჩაატარა და ისე, როგორც ამ გუნდების ორიწლისწინანდელ შეხვედრაში (ზურაბ ბერიძის "ვიტ ჯორჯიამ" ალექს გარსიას "დინამოსთან" მცხეთაში 2:2 რომ ითამაშა), ამჯერადაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მეტოქეს.

Sportall.Geამ მატჩის პირველი სახიფათო მომენტი სწორედ ჯანელიძის წამოწყებულ იერიშს მოჰყვა, როცა მასპინძელთა კაპიტანმა და ლევან კუხალეიშვილმა მრავალსვლიანი ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, მაგრამ "ვეტერინართა" 21 წლის ცენტრფორვარდმა კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

ტაიმის ბოლოსკენ ჯანელიძემ ინდივიდუალურად გაიბრწყინა, როცა ბურთი დიაგონალზე წაიღო და საჯარიმოს გარედან, მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეს დაუმიზნა - გიორგი ლორიამ მცირეოდენ გაჭირვებით, მაგრამ ეს ხიფათი მაინც განმუხტა.

"დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე სხვა ეპიზოდებშიც კარგად გაისარჯა, როცა გიორგი მჭედლიშვილისა და გიორგი კორიფაძის დარტყმებს ზუსტი პოზიცია შეურჩია.

აქვე მჭედლიშვილის თამაშიც გვინდა აღვნიშნოთ: 21 წლის ფეხბურთელი ამპლუით მარჯვენა მცველია, მაგრამ 22 სექტემბერს საპირისპირო ფლანგზე მოქმედებდა და ვიდრე ტრავმას მიიღებდა, ჯანელიძესთან ერთად გამორჩეული გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში.

აი, რაც შეეხება ფავორიტ-სტუმრებს, პირველ ტაიმში "დინამოს" თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა! ლორია ვახსენეთ და, მის გარდა, უსტარიცზეც გვინდა ვთქვათ: ბასკმა მცველმა "დინამოს" მაისურით, ალბათ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა; რაც შეეხება შეტევებს, სტუმრებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გიორგი პაპავას ჩინებული პასის მერე არანაკლებ ჩინებულ პოზიციაზე მყოფ ჯაბა დვალს საბოლოო დარტყმა არ გამოუვიდა.

...მეორე ტაიმში თამაშის სცენარი შეიცვალა და მალე ვნახეთ ერთობ საკამათო ეპიზოდიც: "დინამოს" ერთ-ერთი შეტევის დროს დორინელ გოგას ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა ეს ვერ შეამჩნია და სტუმართა მწვავე იერიშიც მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემით გაგრძელდა, სადაც ბურთი ამჯერად უკვე მასპინძელთა ერთ-ერთ მცველს მოხვდა ხელზე!

კიდევ კარგი, რომ შეხვედრის სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ ვერც ეს წესების დარღვევა შეამჩნია, თორემ სკანდალი მერე გენახათ!..

ამის მერე უპირატესობას დინამოელები დაეუფლნენ და მალე გიორგი მერებაშვილს გოლის გატანის კარგი შანსიც მიეცა, მაგრამ არცთუ ურიგო პოზიციაში მყოფმა რატომღაც ბურთის პარტნიორისათვის გადაწოდება არჩია.

შემდეგ ვნახეთ დვალის აქტიურობა და დორინ გოგას აცილებული დარტყმა, რასაც მასპინძლებმა ორი საკმაოდ სახიფათო შეტევით უპასუხეს: ჯანელიძის კუთხურის შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილი კუხალეიშვილი ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, მაგრამ მიზანს ვერ მოარტყა; შემდეგ კი მოედანზე რამდენიმე წამის (!) წინ შემოსულმა ელგუჯა ლობჯანიძემ ორი მეურვე ჩამოიცილა და საშუალო მანძილიდან ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ არაზუსტად გამოუვიდა.

აი, ამის შემდეგ კი ჩისკოს "ჯერიც" დადგა: მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე გამწესებულმა ესპანელმა მართლაც რომ გამოაფხიზლა ინერტული თანაგუნდელები და "დინამოს" თამაშს სულ სხვა მუხტი მისცა. ჩისკოს დიდი დამსახურებაა (ჯაბა დვალთან ერთად) დინამოელთა პირველი გოლიც - დორინ გოგა ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი!

ამას გარდა, ჩისკომ სხვა ეპიზოდებშიც "ჩამოარიგა" დიდოსტატური პასები, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. შეხვედრის საბოლოო შედეგი კი მატჩის ბოლო წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა დააფიქსირა, როცა ჯაბა დვალის პასის მერე მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტადაც დაარტყა.

აი, ასე - არცთუ შთამბეჭდავი თამაშის მიუხედავად, "დინამომ" თავისთვის სასურველ შედეგს მიაღწია და სატურნირო ცხრილშიც პირველ ადგილზე გადაინაცვლა...

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დორინი ქვეყანაა თუ რაშია საქმე!? "დორინელი გოგა" :))
Shukvani
20:06 23-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული