გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ლიხსიქით გამართულ ზედიზედ სამ (ზესტაფონი 0:2, ტორპედო 0:0, ჩიხურა 1:3) შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს და ახლა ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფებიან.
სოსო ფრუიძის "ჩიხურა" კი ნამდვილი გამოცანაა - ერთი მატჩი შეიძლება ძალიან ცუდად ჩაატაროს, მეორე კი - პირიქით.
ახლაც ასე მოხდა - გასულ ტურში "მერანისგან" ნაწვნევი სიმწარე სწრაფად დაივიწყა და "დილასთან" შესანიშნავად ითამაშა...
იხილეთ ვიდეო
მატჩი ფრუიძის შეგირდების
გორელები საკუთარი ნახევრიდან ბურთის ამოტანასაც ვეღარ ახერხებდნენ, გადაცემებშიც ხშირად ცდებოდნენ და მეტოქეს მწვავე იერიშების საშუალებას აძლევდნენ. "ჩიხურაც" კარგად სარგებლობდა ამით და მოწინააღმდეგის შევიწროებას განაგრძობდა.
მალე მასპინძლები დაწინაურდნენ კიდეც, რაც თამაშის სცენარიდან გამომდინარე, სავსებით ლოგიკური იყო. ამჯერად სტუმრები მეკარის დიდებულმა თამაშმაც ვერ გადაარჩინა.
დათუნაიშვილის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ტატანაშვილმა თავური მიაყოლა და გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ რევიშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კარის ხაზიდან მოიგერია, თუმცა ბურთი კვლავ ტატანაშვილს მიუვიდა, რომელმაც კარის წინ ჯიღაური მოძებნა და - 1:0.
ცენტრიდან გათამაშებულ ბურთს კვლავ მასპინძლები დაეუფლნენ და რომ არა რევიშვილის კარგი თამაში, იქვე მეორე გოლსაც გაიტანდნენ - ოდიკაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ტატანაშვილის თავური ჯერ გორელთა კიპერმა მოიგერია, მერე ბურთი ძელს მოხვდა და დეკანოიძე ამატებდა, თუმცა რევიშვილს ვერც მან აჯობა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად დევდარიანმა ადრეულ შეცვლას მიმართა და ინერტული გაბაშვილის ნაცვლად თამაშში ხორგუაშვილი ჩართო. ტაიმის მიწურულს სტუმრები თითქოს გამოერკვნენ ძილბურანიდან. მარჯვენა ფლანგიდან ხორგუაშვილი გამჭოლ გადაცემას აკეთებდა მოდებაძის მისამართით, რომელიც ვარდნაში ცდილობდა დარტყმას, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა და ხიფათიც განიმუხტა.
მასპინძლები ვალში არ დარჩნენ და სახიფათო საჯარიმოთი უპასუხეს, მაგრამ ოდიკაძის მიერ რთული ტრაექტორიით დარტყმული ბურთი რევიშვილმა კუთხურზე მოიგერია.
მთელი პირველი ტაიმის გარჯა საჩხერელებს კინაღამ წყალში ჩაეყარათ. რომ იტყვიან, ჯერ მისალმებაც არ ჰქონდათ დასრულებული, როცა გორელებმა პირველივე შეტევით ანგარიში გაათანაბრეს - მოდებაძემ კარგად დაამუშავა გორელიშვილის გადაცემა და მკერდიდან ჩამოღებული ბურთი ცაციათი შეუჩერებლივ დაარტყა - 1:1.
ამ გოლს მასპინძლები არ დაუბნევია. მალე მათ კვლავ შეეძლოთ დაწინაურება, როცა კაშიას ფლანგურ გადაცემას დეკანოიძე თავით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. "ჩიხურას" შეტევებს გორელები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ.
ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდისას მარცხენა ფლანგზე გაჭრილ გორელიშვილს საპირისპირო მხარეს მოდებაძე და ბოლქვაძე ეხსნებოდნენ, დროული პასის შემთხვევაში მეკარესთან პირისპირ ორი გორელი დარჩებოდა, მაგრამ... ახალგაზრდა ნახევარმცველმა დააყოვნა და მასპინძლებმა მდგომარეობა განმუხტეს.
სამაგიეროდ, შედეგიანი გამოდგა მასპინძელთა საპასუხო შეტევა. აქ უკვე რევიშვილიც უხეშად შეცდა და უწყინარ სიტუაციაში ბურთი მეტოქეს ჩააბარა. ტატანაშვილმაც საჩუქარი კარგად გამოიყენა - 2:1.
ამის შემდეგ თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. გორელები გათანაბრებას შეეცადნენ. ალადაშვილის ძლიერი დარტყმა მეკარე თევდორაძემ მოიგერია, კარში დარტყმები გაცვალეს ბოლქვაძემ და გაბედავამ. 77-ე წუთზე კი გორელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - გაბედავას წაქცევისთვის (მეკარესთან პირისპირ რჩებოდა) არბიტრმა მაისურაძე გააძევა.
კაცნაკლული "დილა" ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა. ალადაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ კობახიძე თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთი ხარიხას ოდნავ გადასცდა.
მასპინძლებს კონტრშეტევების განხორციელების კარგი შესაძლებლობები ეძლეოდათ და ამას იყენებდნენ კიდეც. მომენტები შეექმნათ გაბედავას, ოდიკაძესა და შეცვლაზე შესულ წინამძღვრიშვილს. გორელებს მაინც შეეძლოთ ქულის აღება - კობახიძემ მოდებაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბრწყინვალედ ითამაშა თევდორაძემ და გუნდი გოლისგან იხსნა.
გამოუყენებელი მომენტის გამო სტუმრები კიდევ ერთხელ დაისაჯნენ. შეხვედრის ბოლო წუთებზე გაბედავამ ულამაზესი გოლი გაიტანა - მარცხენა ფლანგიდან "მოჭრილი", ძლიერი დარტყმით ბურთი "ცხრიანში" მოათავსა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:1.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი მოდებაძე: "ჩიხურასთან" წაგება სწრაფად უნდა დავივიწყოთ [VIDEO]