დიმიტრი ტატანაშვილი: ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში საჩხერის "ჩიხურამ" მეტად პრინციპული მატჩი მოიგო - გორის "დილა" 3:1 დაამარცხა და ამ დროისთვის საჩხერული გუნდი ცხრილში მეორე ადგილზეა.

29 წლის თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი "ჩიხურაში" ამ სეზონისთვის მივიდა. "დილასთან" შეხვედრაში მან ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, მერე კი, როცა ანგარიში 1:1 იყო, "ჩიხურა" წინ გაიყვანა. მოკლედ, საკუთარი გუნდის წარმატებაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ტატანაშვილის კარიერა აღმა-დაღმა წარიმართა. ის ჯერ კიდევ მაშინ იყო გამორჩეული, როცა თბილისის "სპარტაკში" იწყებდა თამაშს. მაშინ ის, გოლების გარდა, დრიბლინგით, სასიამოვნო თამაშით გამოირჩეოდა; მერე
იყო "ამერი", წარმატებები, ჩეხური გუნდები...
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ტატანაშვილთან საუბარი "დილასთან" მატჩით დავიწყეთ.

- "დილასთან" შეხვედრაში ნუკრი რევიშვილის შეცდომა გამოიყენეთ და "ჩიხურა" ხელმეორედ დააწინაურეთ. ეს გამოდგა გარდამტეხი მომენტი ამ მატჩში?
- ჩვენს გამარჯვებას მხოლოდ რევიშვილის ამ შეცდომას ვერ დავაბრალებ, იმ ეპიზოდის გარდა, მან ჩინებულად ითამაშა და რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი. მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, ძალიან მონდომებულები ვიყავით და ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. მოკლედ, მეტოქეს ვაჯობეთ.

"დილა" რომ კარგი გუნდია, ამას ერთხელაც ვიტყვი, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრაში ჩვენ უფრო გვინდოდა გამარჯვება.

- "ჩიხურაში" გამოკვეთილი თავდამსხმელი თქვენ ხართ. "დილასთან" შეხვედრისას შეტევაში ყველაზე უფრო, ალბათ, გიორგი გაბედავა გეხმარებოდათ...
- თავდასხმის ცენტრში მე ვიდექი, ფლანგებიდან კი გაბედავა და დეკანოიძე უტევდნენ. გაბედავამ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა, მატჩის ბოლოს ძალიან კარგი გოლიც გაიტანა.

- მატჩის ბოლოს მწვრთნელმა ალბათ იმიტომ შეგცვალათ, რომ დაღლა დაგეტყოთ...
- შეხვედრის ბოლოსკენ ცოტათი მართლა დავიღალე და მოედანზე დასვენებული რატი წინამძღვრიშვილი შემოვიდა ჩემ მაგივრად.

- წინამძღვრიშვილთან თბილისის "ამერშიც" გითამაშიათ, თუმცა "ჩიხურა" ახლა ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით არ თამაშობს და, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საჩხერეშიც ვიხილოთ ტატანაშვილ-წინამძღვრიშვილის დუეტი...
- რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და, შესაძლოა, რომელიმე თამაშში "ჩიხურაშიც" ვიხილოთ ასეთი დუეტი. რატისთან ერთად "ამერში" ბევრჯერ მითამაშია და ეს კარგადაც გამოგვდიოდა.

- როგორ ფიქრობთ, ტატანაშვილი მეწყვილესთან უფრო ეფექტურია თავდასხმაში თუ მაშინ, როცა ორი ფლანგელი შემტევი ეხმარება?
- გააჩნია, როგორ მოწინააღმდეგესთან გიწევს თამაში. ისე კი, უფრო მაშინ მიადვილდება თამაში, როცა გუნდი ორი თავდამსხმელითაა და თუ რატისნაირი მეწყვილე მეყოლება, ეს საქმეს კიდევ უფრო გამოადგება.

- წინა სეზონის მეორე ეტაპზე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი იყავით, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ის პერიოდი თქვენთვის წარმატებული იყო...
- წინა სეზონის პირველი ეტაპი რუსთავის "მეტალურგში" დავიწყე, გოლებიც გავიტანე; "დინამოში" კი ძალიან დიდი კონკურენცია იყო და თამაშის შესაძლებლობა თითქმის არ მქონია...

- "დინამოში" მანამდეც იყავით, 2010/11 წლების სეზონში და, ალბათ, დამეთანხმებით, ყველაზე ტიტულოვან გუნდში რომ ხარ, სულ სხვა რამაა. გული ძალიან გწყდებათ, "დინამოში" სრულად რომ ვერ მოახერხეთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა?
- იმ სეზონში ჯერ ტრავმა მქონდა და დაახლოებით ორი თვე გამიცდა, მერე კი უკვე გოლებიც გამქონდა. "დინამო" ყოველთვის განსხვავებული, გამორჩეული გუნდი იყო ჩემთვის, მაგრამ რაც მოხდა, იმას დიდად არ განვიცდი - გოლების გატანა სხვა გუნდშიც შეიძლება, იქ, სადაც გაცილებით მეტი სათამაშო დრო გექნება.

- "ჩიხურაში" ახლა ორი ნათხოვარი ფეხბურთელია "დინამოდან". ჯაბა ჯიღაურისა და გიორგი რეხვიაშვილის გარეშე თქვენი გუნდი მნიშვნელოვნად დასუსტდება. ეთანხმებით ასეთ შეხედულებას?
- კი, იმიტომ, რომ ისინი "ჩიხურაში" ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ფეხბურთელები არიან. ფაქტია, ჯიღაური და რეხვიაშვილი სტაბილურად და გამორჩეულად თამაშობენ.

- "ამერის" შემდეგ გქონდათ იმის შანსი, რომ ევროპული კარიერა მოგეწყოთ - ჯერ "პლზენში" იყავით, მერე კი "კლადნოში". მალე 30 წლის გახდებით და როგორ ფიქრობთ, ისევ არის შანსი, რომ ბევრი გოლი გაიტანოთ?
- პესიმისტურად არ ვარ განწყობილი. ასაკიც მომემატა და გამოცდილებაც, იმ შეცდომებს აღარ დავუშვებ, რაც უკვე იყო. საუკეთესო პერიოდი "ამერში" მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩიხურა-დილა 3:1 - გორელთა იმერული კოშმარი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული