ვალერი აბრამიძე: მოედანზე გასულმა ფინანსური პრობლემები უნდა დაივიწყო

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ საქართველოს თასის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ბოლნისის "სიონმა" "ზესტაფონი" თბილისში ისტუმრა და 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი 33 წლის ვალერი აბრამიძე გახლდათ, რომელმაც "სიონში" პირველად ითამაშა.

აბრამიძემ ფეხბურთელის კარიერა თბილისის "დინამოდან" დაიწყო, მერე ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა და თავი ისე წარმოაჩინა, მოსკოვის "სპარტაკში" მიიწვიეს. შემდეგ იყო "ურალანი", "ხიმკი", "ლენქორანი", "ბარნაული", "ანჟი", "ნეფთჩი" და ბაქოს "ინტერი"...

აბრამიძის ლეგიონერულ კარიერაში იყო მონაკვეთი, როცა ის რამდენიმე თვით დაბრუნდა საქართველოში - 2009/10 წლების სეზონის ნახევარი რუსთავის "ოლიმპში" გაატარა.

აბრამიძე ხისტი და აგრესიული
მცველი გახლავთ, სტაბილური, შეუპოვარი თამაშით გამორჩეული, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ექვსჯერ უთამაშია.

მასთან ინტერვიუ "ზესტაფონთან" სათასო მატჩით დავიწყეთ...

- "ზესტაფონი" კარგი გუნდია, სადაც ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს და გათვლას ალბათ მომავალზე აკეთებს. თანაბარი თამაში გამოვიდა, ისეთი, როცა ერთი გოლი უნდა გავიდეს და კარგია, რომ ეს გოლი ჩვენს კარში არ გავიდა.

- "ზესტაფონთან" ამ მოგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ვის რა შანსი უნდა ჰქონდეს?
- ვნახოთ, ყველაფერს ზესტაფონში გასამართი მატჩი გვიჩვენებს.

- ზესტაფონში პრინციპულ მატჩებზე საკმაოდ ბევრი მაყურებელი დადის და როგორ ფიქრობთ, ეს გარკვეულ უპირატესობას არ უქმნის თქვენს მოწინააღმდეგეს?
- ზოგადად, ბევრი გულშემატკივარი რომ მოდის სტადიონზე, კარგია; ჩემთვის კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შინ ვთამაშობთ თუ სტუმრად.

- "სიონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე "ზესტაფონთან" მატჩის წინ ყველაზე უფრო რაზე აკეთებდა აქცენტს?
- ბურთი არ უნდა გაგვეშვა, სათასო დაპირისპირების დროს ეს ხომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია; მერე კი, როცა ამის საშუალება მოგვეცემოდა, უნდა შეგვეტია. მადლობა "სიონის" მეკარე ზურაბ ბათიაშვილს, რომელმაც ორჯერ გადაგვარჩინა ასპროცენტიანი გოლისგან.

- "სიონში" გადასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?
- ბაქოს "ინტერთან" კონტრაქტი დამიმთავრდა, რეალური შემოთავაზება არ ჩანდა, "სიონის" გენერალური დირექტორი ლადო ბურდული კი ჩემი მეგობარია და სწორედ მან შემომთავაზა ბოლნისში გადასვლა. აქ წლის ბოლომდე დავრჩები, მერე კი ვნახოთ, რა და როგორ იქნება. "სიონში" აგვისტოდან ვვარჯიშობ და ფორმალური საკითხების მოგვარება რომ გაიწელა, ამიტომ ვერ ვითამაშე მანამდე.

- აზერბაიჯანიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდით და რა შთაბეჭდილება შეგექმნათ - რამე შეიცვალა ჩვენს პირველობაზე?
- აზერბაიჯანის ჩემპიონატი ჩვენსაზე საკმაოდ წინ არის წასული. საქართველოს პირველობა, ცოტა არ იყოს, ახალგაზრდულ ტურნირს ჰგავს, გუნდები 25 წელზე ზევით ფეხბურთელების აყვანისგან თავს იკავებენ. მე რომ ქუთაისის "ტორპედოში" მივედი, გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით აღმოვჩნდი - გოგიჩაიშვილი, ჯიშკარიანი, ჯუღელი...

ახალგაზრდებმა სწორედ გამოცდილი მოთამაშეებისგან უნდა ისწავლონ, მხოლოდ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი დიდ მიზანს ვერ მიაღწევს.

როცა "ტორპედოში" ვთამაშობდი, მაშინ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე ახლანდელზე უკეთესი იყო და მეტი ფულიც ტრიალებდა საკლუბო ფეხბურთში. მაგალითად, ამ მხრივ იმდროინდელ და ახლანდელ ქუთაისის "ტორპედოს" შორის იმხელა განსხვავებაა, როგორიც ცასა და დედამიწას შორის. ამიტომაც გახდა მაშინ "ტორპედო" სამჯერ საქართველოს ჩემპიონი.

წლევანდელ ევროტურნირზე ქართული გუნდებიდან ყველაზე კარგად გორის "დილამ" ითამაშა, რადგან ეს გუნდი მეტწილად გამოცდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

- მოსკოვის "სპარტაკში" გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებდით?
- მაშინ "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ოლეგ რომანცევი იყო... ძირითადში თამაში ხშირად არ მიწევდა, მაგრამ ცოტაც არ მითამაშია ამ გუნდში. "სპარტაკში" რომ მივედი, 21-22 წლის ვიყავი, ახალგაზრდა მცველისთვის რუსეთის ჩემპიონატში თამაში საკმაოდ ძნელია.

- 33 წლის ხართ. ასაკს ხომ არ უჩივით?
- რა თქმა უნდა, ასაკს რაღაც კორექტივები ყოველთვის მოაქვს, თუმცა თავს კვლავაც მშვენივრად ვგრძნობ. ზედმეტი წონა არ მაწუხებს, 90 წუთის განმავლობაში მოძრაობა არ მიჭირს, დანარჩენი კი სპეციალისტებმა განსაჯონ.

- შევიტყვეთ, "სიონში" არცთუ სტაბილურია ფინანსური მდგომარეობაო...
- მთლიანად საქართველოში არ არის სტაბილური მდგომარეობა. "სიონში", ამ მხრივ, პატარ-პატარა პრობლემები არის, კლუბის ხელმძღვანელობა მათ მოგვარებას გვპირდება და იმედია, ასეც მოხდება.

ისე კი, როცა უკვე მოედანზე გახვალ, იქ ფინანსური პრობლემები უნდა დაივიწყო და ბოლომდე დაიხარჯო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სიონი-ზესტაფონი 1:0 - კოკამ წყალი მოიტანა...[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული